Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები და მუნიციპალური გენდერული პოლიტიკა


ავტორი: მარიამ გვიდიანი

საქართველოს შრომით ბაზარზე ქალებს, კაცებთან შედარებით, დასაქმების ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.

ამ უთანასწორობის ძირეული მიზეზებია: შინ შრომა და ზრუნვის ტვირთის არათანაბარი განაწილება; სახელმწიფოს საერთო პოლიტიკის არარსებობა საოჯახო და პროფესიული საქმიანობის შესათავსებლად; ენობრივი ბარიერი და სერვისებზე მისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობებისთვის; სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დეფიციტი; მიწაზე და სხვა უძრავ ქონებაზე საკუთრების არქონა და სხვა გამოწვევები კვლავ ხელს უშლის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

სოფლად მცხოვრები ქალები აღნიშნავენ1 , რომ არ აქვთ ინფორმაცია საკრებულოების და გენდერის საბჭოების საქმიანობის შესახებ და ვერ ერთვებიან თავიანთი პრობლემების მოგვარების პროცესში. ამას ემატება ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და ინსტიტუტების მიმართ უიმედობის განცდა. შედეგად, ქალების განსხვავებული ხედვები არ არის ასახული მუნიციპალიტეტის პოლიტიკაზე.

მაგალითისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერების მუნიციპალური პროგრამები ქალის საჭიროებებს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს. მუნიციპალურ პროგრამებს არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი, ხოლო, სერვისში ჩართვისას მოთხოვნილი კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს გენდერულად სენსიტიურ მიდგომებს, არ ქმნიდეს დამატებით ბარიერებს და ქალებს არ უჩენდეს დაუცველობის განცდას.

რამ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური პროგრამების თანხვედრა ქალთა რეალურ საჭიროებებთან?

საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოები საქმიანობას 2018 წლიდან შეუდგნენ. საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ყველა ორგანოს და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და წინადადებების წარდგენა, რაც უნდა ეფუძნებოდეს საჭიროებების კვლევას.

გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა საკრებულომ და ინდივიდუალურად დეპუტატებმა უნდა გააკონტროლონ. ამისთვის საბჭოს ანგარიშის წელიწადში ერთხელ მოსმენა საკმარისი არ არის.

საკრებულოს არაერთი საკონტროლო ფუნქცია აქვს მუნიციპალიტეტის ყველა ორგანოს, მერის, მერიის სამსახურების და თანამდებობის პირების, და ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის გასაკონტროლებლად. საკონტროლო მექანიზმები გააჩნიათ როგორც საკრებულოს, ისე ფრაქციებს და კომისიებს, ბიუროს და საკრებულოს თითოეულ წევრს.

საკრებულოს საკონტროლო ფუნქციებს შორისაა:

  • მუნიციპალიტეტის ორგანოების ანგარიშების მოსმენა; რიგგარეშე ანგარიშის მოთხოვნა.
  • საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი.
  • თანამდებობის პირების მიერ კანონის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა.

საკრებულოს ბიუროს საკონტროლო ფუნქციებია:

  • საკრებულოს ბიუროს მიერ თანამდებობის პირების ანგარიშების მოსმენა.

საკრებულოს ინდივიდუალური წევრის საკონტროლო ფუნქციაა:

  • წერილობითი შეკითხვა

ფრაქციის და/ან კომისიის საკონტროლო ფუნქციებია:

  • ინტერპელაცია.
  • საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვისას კითხვით მიმართვა.

ჩამოთვლილთაგან ყურადღებას გავამახვილებ სამ ფუნქციაზე2 , რომელთა გამოყენებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

წერილობითი და ზეპირი შეკითხვები - საკრებულოს თითოეული წევრის ფუნქციაა წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს. საკრებულოს აღნიშნულ წევრს უფლება აქვს სხდომაზე შეაფასოს გაცემული პასუხი და დააყენოს წინადადება მოცემული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის დასმულ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხიც.

ინტერპელაცია - საკრებულოს ფრაქციის და საკრებულოს კომისიის ფუნქციაა ინტერპელაციის წესით დააყენოს საკითხი, რასაც შეიძლება მოჰყვეს დებატები საკრებულოს სხდომაზე და უნდა დასრულდეს საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს. საკითხი შეიტანენ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ორი თვის ვადაში. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან შესაბამისი კომისია გამოყოფს მომხსენებელს, რომელსაც მიეცემა 15 წუთი მაინც განხილვის დაწყებისას, ხოლო თანამდებობის პირის პასუხის შემდეგ - 20 წუთი მაინც.

კონტროლი მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე - საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან/და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ (საკრებულომ) უნდა მოისმინოს ინფორმაცია. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

საკონტროლო მექანიზმები არის საკრებულოს და მისი თითოეული წევრის ხელთ არსებული შესაძლებლობა დროულად გამოავლინონ რამდენად თანხვედრაშია რეალური საჭიროებები და მუნიციპალური პროგრამები, როგორი მიდგომები და გადაჭრის გზები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და ამით მოახდინონ გავლენა მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკაზე.

საინტერესოა, რომ ისლანდიის სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საოჯახო და პროფესიული საქმიანობის შეთავსების ხელშეწყობას, ქალთა დასაქმებას და შრომით უფლებებს. ნორვეგიასა და შვედეთში გენდერულ თანასწორობაზე სპეციალიზებული ცალკე ომბუდსმენის ინსტიტუტი არსებობს, ხოლო დანიაში შექმნილია გენდერული თანასწორობის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაზე და პოლიტიკის აღსრულებაზე. დანიაში გენდერული საბჭო განიხილავს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის, დეკრეტული შვებულების, დასაქმების, სოციალური უსაფრთხოების სქემებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მოპყრობის და სხვა საკითხებზე აღძრულ საქმეთა განხილვა.

საკონტროლო მექანიზმების გამოყენება უნდა მოხდეს გამჭვირვალედ: საკრებულოს წევრის წერილობითი შეკითხვები, გაცემული პასუხები და ოქმები გამოქვეყნდეს საკრებულოს ვებგვერდზე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს პარლამენტი; საკრებულოს სხდომები და დებატები გადაიცეს პირდაპირ ეთერში.

1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის “ქალების ხმა, დემოკრატია და უსაფრთხოება” გუნდის მიერ ასზე მეტ ქალთან ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული/ბოლნისი).

2. აღნიშნული დამატებითი ფუნქციები განხილულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ასახული განმარტებების მიხედვით. კერძოდ იხ. მუხლი 113, 114, 115.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG