Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კანონი საყოველთაო და მორჩილი სიჩუმის შესახებ" - სოხუმი მოსკოვის გზას ადგას


ცილისწამებასთან ბრძოლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების იმდენად დიდი მიზანია, რომ მზად არის დააწესოს 50-ჯერ უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე, მაგალითად, ადამიანის ცემისთვის არის განსაზღვრული.
ცილისწამებასთან ბრძოლა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების იმდენად დიდი მიზანია, რომ მზად არის დააწესოს 50-ჯერ უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე, მაგალითად, ადამიანის ცემისთვის არის განსაზღვრული.

"აგენტების შესახებ" კანონზე მუშაობის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ცილისმწამებლების დევნისთვის ემზადებიან. ცილისწამებად კი შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი - დარღვევებზე მითითება და უბრალო კრიტიკაც.

ჩანს, რომ სოხუმი რუსული ხელწერის წესების დამკვირებას მოსკოვის მითითებებით ცდილობს. მიზანი - ადგილობრივი კრიტიკოსების გაჩუმებაა. ისინი ზოგჯერ კრემლის გეგმებსაც ეწინააღმდეგებიან და უხერხულობას ქმნიან.

რამდენიმე დღის წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტში, მხარი არ დაუჭირეს პროკურატურის მიერ წარდგენილ ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ცილისწამების ბრალდებებს უკავშირდება.

თუმცა პროცესი მაინც გრძელდება.

დაგეგმილი ცვლილებები სასჯელს ამკაცრებს:

  • ჯარიმა იზრდება 500 ათას რუბლამდე [დაახლოებით 5500 დოლარი];
  • ჯარიმის ალტერნატივად განისაზღვრება პატიმრობა ვადით 5 წლამდე;
  • სასჯელების ნუსხიდან ამოიღებენ „გამასწორებელ სამუშაოებს“.

ეს ყველაფერი შეეხება ახლა უკვე არა „ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებას“, არამედ უბრალოდ - „ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“.

ცილისწამებასთან ბრძოლა დე ფაქტო ხელისუფლების იმდენად დიდი მიზანია, რომ მზად არის დააწესოს 50-ჯერ უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე მაგალითად - ადამიანის ცემისთვის არის განსაზღვრული [10 ათასი რუბლი - დაახლოებით 110 დოლარი].

ამასთან, ახალი ცვლილებები საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს ცილისწამების ფაქტის დასაბუთებას უადვილებს. შესაძლებელი ხდება, რომ ნებისმიერი კრიტიკა ცილისწამებად ჩაითვალოს.

ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს 28 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა განეხილა.
მართალია, საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის - ცვლილებების ბედით უკვე რამდენიმე თვეა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტია დაინტერესებული.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ასტამურ არშბამ განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს.

ყველა ასე არ ფიქრობს.

„ცხადია, ეს ცვლილებები პროკურატურის მუშაობას გააადვილებს, მაგრამ მეეჭვება, რომ მათი დამტკიცება აუცილებელია“, - უთხრა ადგილობრივ მედიას დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ახრა ფაჩულიამ. მისი თქმით, ცვლილებები ბევრ ეჭვსაც აღძრავს.

და რა გახდა მიზეზი, რომ ისევ ცილისწამების საკითხს მიადგნენ?

დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებებს კანონში მათ დასადუმებლად ამზადებენ.

ადგილობრივი უფლებადამცველები დაგეგმილ ცვლილებებს დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებთან შეუსაბამოდ თვლიან და მიიჩნევენ, რომ ამ გზით ნებისმიერი ადამიანი „ნებისმიერი ინფორმაციის“ გამო შეიძლება დასაჯონ.

ამ გზით შეძლებენ დასაჯონ მედიაც - რომელსაც პრაქტიკულად ეკრძალება „კრიტიკულად შეაფასოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობა“, თავის რესპონდენტებთან ერთად.

„ეს არ არის კანონი ცილისწამების შესახებ, ეს არის კანონი საყოველთაო და მორჩილი სიჩუმის შესახებ, რასაც ხელისუფლება ხალხისგან ითხოვს“, - აცხადებს საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი, აფხაზი აქტივისტი თენგიზ ჯოპუა და დასძენს, რომ დაგეგმილია „მორიგი ნაბიჯი პატარა, მახინჯი დიქტატურისკენ - რათა უფრო დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში“.

აფხაზური „ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი - იზიდა ჭანია წერს, რომ თუკი „ცილისწამების“ მუხლები დამტკიცდება - აფხაზეთში წერტილი დაესმება „რაიმე სახის დემოკრატიას“.

„მედიასთან დაკავშირებული სიტუაცია აფხაზეთში ძალიან ცუდია. საინფორმაციო ველი კატასტროფულად ვიწროვდება და ცილისწამებასთან დაკავშირებული ცვლილებები ბოლო დარტყმა იქნება“, - ამბობს ჭანია.

„ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება ცილისწამებად ჩათვლის, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯასა და დევნას დაექვემდებარება“, - ეს ვეტერანების ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერის, თემურ გულიას სიტყვებია. მისი შეფასებით, ცვლილებები კანონში „საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, სრულად მართოს ნებისმიერი გამოთქმული აზრი თუ პუბლიკაცია, რაც წნეხის ინსტრუმენტსა და ადამიანის უფლებათა შელახვას წარმოადგენს“.

იკვეთება რუსეთის ინტერესი

ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ ახლახან აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის შეტევისა და მუქარის სამიზნედ იქცა. ორგანიზაციის კრიტიკულ წერილზე გაცემულ უხეშ პასუხში რუსი დიპლომატი ცილისწამებისთვის დასჯის პერსპექტივასაც ახსენებს.

„არუაას“ წერილში გამოხატული იყო უკმაყოფილება „დამსახურებული აფხაზებისთვის“ პრობლემების შექმნაზე - რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას და დასახელებული იყო ორგანიზაციის წევრის, აფხაზი ჟურნალისტის ემა ხოჯაას მაგალითი.

თებერვლის დასაწყისში ჟურნალისტმა დაწერა, რომ ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გააჩერეს და საათ-ნახევრის განმავლობაში კითხავდნენ. - „აშკარა, რომ ჩვენ გავხდით სავაჭრო მონეტა სტრატეგიული პარტნიორისთვის საშინაო და საგარეო დღის წესრიგში“, - დაწერა მან.

„ე.შ. ხოჯაა სრულად უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას ცილისწამებისთვის“, - წერია შურგალინის საპასუხო განცხადებაში.

ადგილობრივმა მედიამ მისი სიტყვები „ყველა უკმაყოფილოს გაფრთხილებად“ მიიჩნია.

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი აქვთ, რომ რუსეთის მხარეს „საზღვარზე გასაჩერებელთა სიას“ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უგზავნის.
  • დე ფაქტო მინისტრი - ინალ არძინბა გასულ კვირაში მესამე სექტორთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. მისმა პრესსამსახურმა კი მიზეზად შეხვედრის მონაწილეების მხრიდან „არაკორექტული ტერმინოლოგიის“ გამოყენება დაასახელა.

სამოქალაქო საზოგადოებაზე განსაკუთრებული შეტევა ბოლო პერიოდში გამწვავდა, როცა დე ფაქტო ხელისუფლებას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა, განსაკუთრებით - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გამო. გაიმართა საპროტესტო აქციები.

ცილისწამების წინააღმდეგ ზომები პირველად არ მკაცრდება.

ნორმები ოკუპირებულ აფხაზეთში 2023 წლის ივლისშიც გამკაცრდა და ჯარიმა მაშინ 50-დან 100 ათას რუბლამდე გაიზარდა [მანამდე იყო 10-25 ათასი რუბლი].

სწორედ ამ დროს დადგინდა, რომ სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ საჯარო „ცილისმწამებელს“ - თუკი ის ამისათვის იყენებდა „საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელებს, ინტერნეტის ჩათვლით“.

  • მათთვის, ვინც „ცილისწამებას“ საჯარო გამოსვლის დროს ან მედიაში მიმართავს, დადგინდა ჯარიმა 100-დან 150 ათას რუბლამდე [მანამდე იყო 20-დან 40 ათას რუბლამდე].
  • 100-დან 200 ათასამდე გაიზარდა ჯარიმა მათთვისაც, ვინც სხვა პირს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას დააბრალებს. საპატიმრო სასჯელი დადგინდა ჯარიმების ალტერნატივად და 2-დან 5 წლამდე განისაზღვრა.

ახლა, სოხუმში, ეს ზომებიც აღარ მიაჩნიათ საკმარისად.

ოპონენტების გაჩუმებისთვის სხვა ინსტრუმენტებიც რუსეთის მითითებებს შეესაბამება.

მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მივლენილმა რუსმა დიპლომატმა შურგალინმა - ბიჭვინთის აგარაკების საკითხის გაჭიანურებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ გარე ჩარევაზე დაიწყო ლაპარაკი და უპირატესად აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტო - USAID დაადანაშაულა, სოხუმში გააქტიურდა მუშაობა ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ახლახან განაცხადა, რომ USAID-ი რუსეთში 2012 წლიდან არის აკრძალული და დაუშვებელია „სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ უარყოფილი, „არამეგობრული“ ორგანიზაციის აფხაზეთში საქმიანობა.

„აგენტების კანონის“ აფხაზური ვარიანტის შინაარსი შესაბამისობაშია რუსეთში მოქმედ „აგენტების“ კანონთან, რომელიც წლების განმავლობაში თანდათან სულ უფრო მძიმდებოდა და პიკს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. რუსეთში უკვე არაერთი ადამიანი იხდის საპატიმრო სასჯელს.

„აგენტების კანონი“ - აფხაზური პროექტი შეეხება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან.

ვინც აგენტად თავს არ აღიარებს და რეესტრში არ გატარდება, საქმიანობის ლიკვიდაციასთან ერთად, რადენიმეწლიანი ციხეც ელის.

„აგენტის“ იარლიყით ბევრი რამ იკრძალება, მათ შორის - პედაგოგიური საქმიანობა, მიტინგების, დემონსტრაციების ორგანიზება ან დაფინანსება, საარჩევნო პროცესებში ჩართვა, კანდიდატების წარდგენა, შემოწირულება ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ და სხვა.

სოხუმში განხილული დოკუმენტით ასევე იკრძალება ამა თუ იმ კანონისა თუ ნორმატიული აქტის შესახებ ექსპერტიზის გავრცელება და გამოქვეყნება ინტერნეტში, თუკი ის „აგენტად“ აღრიცხულ პირს ან ორგანიზაციას ეკუთვნის.
დაუშვებელია „აგენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაზიარება სოციალურ ქსელებში. „აგენტად“ აღიარებული მედიასაშუალებისთვის ინტერვიუს მიცემა და სხვა მრავალი.

„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული. მაგრამ „აგენტების“ წინასწარი სიები უკვე შედგა და ინტერნეტითაც გავრცელდა.

„ვინც არ შეუყვანიათ უცხოეთის აგენტების სიაში, ნუ დაღონდებით. დარჩით ადამიანებად, გიყვარდეთ სამშობლო, არ გაემიჯნოთ სამართლიანობის პრინციპებს, დააფასეთ თავისუფლება და თქვენ აუცილებლად შეგიყვანენ ამ სიაში“, - წერს აქტივისტი თენგიზ ჯოპუა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG