Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩინეთთან დაახლოების ინტერესი შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტზე გადის“ - მოსმენა პარლამენტში


საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოსთხოვეს განმარტებები
საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოსთხოვეს განმარტებები

ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოებისას „ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს, - ამტკიცებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, - ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის“.

საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება საგარეო-პოლიტიკურ კურსს არ ცვლის, ინტერესები მხოლოდ ეკონომიკურია და ამ შეთანხმებას პარლამენტის წინასწარი თანხმობა არ სჭირდებოდა, - არწმუნებდა ოპოზიციონერ პარლამენტარებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ამ საქმეში საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიეშველა. „ჩინეთი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და პარტნიორი“, - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე და დასძენს, რომ „მულტივექტორული პოლიტიკა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე“.

პარლამენტარი პარტიიდან, რომელიც ბოლო ორი წელია კოლექტიურ დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევის“ მცდელობასა და გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს, ჩინეთთან დაკავშირებით ამბობს: „ერთი მხრივ, თავს ესხმოდე, ათას უბედურებას სწამებდე და, მეორე მხრივ, ეპატიჟებოდე, ჩემთან ინვესტიციები ჩადეო, რომელ დიპლომატიაში ჯდება?!“

2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ჩავიდა, პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. ამის გამო შინ ხელისუფლება გააკრიტიკეს, როგორც გარემოებების, ასევე შეთანხმების შინაარსის გამო.
სწორედ ამ საკითხში გასარკვევად დაიბარა ცხრა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში. ინტერპელაციის წესით მოსმენა პარასკევს, 20 ოქტომბერს გაიმართა. რადიო თავისუფლება მოკლედ აჯამებს დეპუტატების კითხვებსა და საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხებს.

რატომ არ შეუთანხმდნენ პარლამენტს?

ჰკითხა მინისტრს ინტერპელაციის ინიციატორი „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

მისი არგუმენტაციით, პარლამენტია ის ორგანო, რომელიც დღის წესრიგს უსაზღვრავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და მისი ნებართვის გარეშე ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილი არ იყო.

პარლამენტარი თეონა აქუბარდია
პარლამენტარი თეონა აქუბარდია

საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხის თანახმად:

  • ჩინეთში პრემიერის ვიზიტის დროს მიღებული „ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის“;
  • „ძალიან დიდი სხვაობაა განცხადებას - რაც გაკეთდა ორ ლიდერს შორის შეხვედრის დროს - და შეთანხმებას შორის, რომელსაც სჭირდება შემდგომ ხელმოწერა, [რატიფიცირება] და ა.შ.“;
  • ერთობლივი განცხადების „წინასწარ პარლამენტთან შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან“.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კოლეგის კითხვას ამ საკითხზე „უაზროს“ უწოდებს და ციტირებს 2020 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას:

„საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან საგარეო-ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაფორმებას“.

სამხარაძის თქმით, სწორედ ამ რეზოლუციით პარლამენტმა დაავალა მთავრობას, იმუშაოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. „ჩინეთთან გვქონდა უკვე ღრმა პარტნიორული ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და კიდევ უფრო გაღრმავება გულისხმობდა ახალ დონეზე აყვანას. შესაბამისად, ეს იყო დავალება პარლამენტისგან“, - ამბობს იგი.

რატომ „არ დაიცვეს“ ტერიტორიული მთლიანობა?

ჩინეთ-საქართველოს შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, - ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, - რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, - ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

პარლამენტარმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს ჰკითხა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ პასუხად ჩანაწერი, რომელიც ცხადად იტყოდა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარლამენტში. 2023 წლის 20 ოქტომბერი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარლამენტში. 2023 წლის 20 ოქტომბერი

მინისტრ დარჩიაშვილის პასუხის თანახმად:

  • „საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს“;
  • ეს „გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის უმაღლეს დონეზე, და ვიზიტის დროსაც...“

ინტერპელაციის ბოლოს დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დეკლარაციული ხასიათისაა და თქვა: „როდესაც დავიწყებთ დოკუმენტზე მუშაობას… ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ტერიტორიული მთლიანობა და ამას ვიცავთ“.

ოპოზიციური „ევროოპტიმისტების“ წევრმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ „ჩინეთი უკრაინასთან დაკავშირებითაც ამბობს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერ მხარსო, მაგრამ რუსეთს ეხმარება და ვნახეთ, თუ როგორ [მეგობრულად] შეხვდნენ სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი“.

2023 წლის 18 ოქტომბერს ჩინეთში გამართულ ფორუმზე, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ძირითადად ჩინეთის ეკონომიკურ გეგმებსა და მომავალ წარმატებებზე ილაპარაკა. ფორუმის მთავარმა სტუმარმა, რუსეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ჩინეთის გეგმები დიდწილად მოიცავს რუსეთის იდეას დიდი ევრაზიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ.

თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სხვანაირად ხედავს. „არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პრიორიტეტი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი“, - განაცხადა პარლამენტში ნიკოლოზ სამხარაძემ.

„მაშინ როდესაც 5-დან ერთი წევრი უხეშად არღვევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გვჭირდება ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა, მანამ, სანამ მოხდება საბჭოს რეფორმირება, - რაც როდის მოხდება, კაცმა არ იცის. გარდა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებისა, მნიშვნელოვანია არაღიარების ფარგლებში ჩინეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ამ შემთხვევაში ჩინეთი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და პარტნიორი“, - თქვა მან.

„გამოცდილების გაზიარება“ და „გლობალური ინიციატივები“ - რისთვის?

საქართველო-ჩინეთის შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილში წერია, რომ

  • „მხარეები ხაზს უსვამენ … პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“;
  • თანხმდებიან გამოცდილებას გაზიარებაზე მმართველობის სფეროშიც;
  • საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის შემოთავაზებულ სამ გლობალურ ინიციატივას, - რასაც დასავლეთში ჩინეთის გლობალური გავლენის გაზრდის მცდელობად და დასავლური, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ ერთგვარი ალტერნატივად აღიქვამენ.

„რას ნიშნავს, როცა ხელს აწერთ მმართველობით სფეროში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას, როდესაც ჩვენი ინტერესია დემოკრატია და ჩინეთისა, რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ არის?“ - ჰკითხა დარჩიაშვილს თეონა აქუბარდიამ. „ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან „ოცნება“ ივლის, ალბათ“.

ჩინეთი საკუთარ თავს „დემოკრატიად“ წარმოაჩენს, - „სოციალისტურ, კონსულტაციებზე დაფუძნებულ დემოკრატიად“. მაგრამ სინამდვილეში იგი ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფოა, რომელსაც ერთი, კომუნისტური პარტია მართავს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები და გაერო, მხარს უჭერს „ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც მდგრადი განვითარების უმთავრესი საწინდარია“.

„ეს ყველაფერი ხდება გაეროს ფარგლებში. და მგონი ჩვენ გაეროს ძირითადი მიზნებისგან არ გადაგვიხვევია და გვინდა, გაერო იყოს ის ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს დღის წესრიგს“, - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემაც.

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

რატომ ვერთვებით 14+1 ფორმატში დამკვირვებლის სტატუსით?

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციაში წერია, რომ ჩინეთი მიესალმება „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ჩინეთის თანამშრომლობის ფორმატში“ საქართველოს დამკვირვებელი წევრის სტატუსით ჩართვას.

ამჟამად ამ ინიციატივას 14+1 ფორმატის სახელით მოიხსენიებენ. ეს არის ჩინეთის საგარეო სამინისტროს ინიციირებული პლატფორმა ევროპასთან ეკონომიკურად დასაახლოებლად, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი.

დარჩიაშვილის ცნობით, საქართველომ ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალში მიმართა ორგანიზაციის სამდივნოს თხოვნით, დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით მიეღოთ. „ეს მაშინ ვერ მოხერხდა და სწორედ პრემიერის ვიზიტისას ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა ამ მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი მტკიცებით,

  • ფორმატში ჩართვა საქართველოს „ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ“;
  • „14+1 ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან, დაადასტურებს, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

ამ ფორმატს თავდაპირველად 17+1 ფორმატის სახელით იცნობდნენ, თუმცა 2021-22 წლებში იგი ლიეტუვამ, შემდეგ კი ლატვიამ და ესტონეთმაც დატოვეს. წევრებს შორის რჩება, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი ჩეხეთი. ექსპერტების თანახმად, საქართველოს დამკვირვებლის რანგში ჩართვა ჩინეთის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო საქართველოს ჩართულობის სარგებელი ბუნდოვანია.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა „საოცრება“ უწოდა დარჩიაშვილის განმარტებას: „მინისტრმა საოცარი ფაბულა განავითარა, თურმე ჩვენი გზა ევროკავშირისკენ გადის ჩინეთზე, და მასთან ურთიერთობების განვითარებით გაამარტივებს ჩვენს ამოცანას გაწევრიანებაზე“.

„არ ვიცი, თქვენ რას უსმენთ, მაგრამ ჩვენ ვუსმენთ, რას გვეუბნება ევროკავშირი. ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ ჩინეთზე ვერ გაივლის. ეს გზა გადის ამ ქვეყნის, მისი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების დაახლოებაზე ევროკავშირთან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი
პარლამენტარი სალომე სამადაშვილი

არ მოდის წინააღმდეგობაში საგარეო კურსთან?

საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ არა: „[სტრატეგიული პარტნიორობის] დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საგარეო-პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან“.

პასუხად დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს შეახსენა, რომ:

  1. „ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობა სამ პრინციპს ეყრდნობა: პარტნიორობას, კონკურენციასა და სტრატეგიულ მეტოქეობას“;
  2. „ნატო ბოლო კომუნიკეში წერს, რომ ჩინეთი არის საფრთხე, რომლის გაცხადებული ამბიციები და იძულების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს და ცდილობს, გააუქმოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც იმეორებს, რომ „საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება“, მაგრამ, მისი თქმით, „ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი პრიორიტეტი და ჩვენ საგარეო პოლიტიკაში სხვა პრიორიტეტები არ გვაქვს“. მისი ჩამოთვლილი პრიორიტეტებია:

  • „არაღიარების პოლიტიკა;
  • დეოკუპაცია;
  • საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია საქართველოს ინტერესებისთვის და სხვადასხვა რეგიონთან - და ეს ღიად წერია საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში - ლათინურ ამერიკასთან, წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთთან, პარტნიორობის განვითარება“.

„ეს არანაირად ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიად მიზანს“, - აცხადებს იგი.

იქვე დასძენს, რომ „მულტივექტორული პოლიტიკა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე“.

„თუ ევროკავშირის მსოფლმხედველობა აინტერესებთ ოპონენტებს, ევროკავშირი მსოფლიოს ხედავს სწორედ მულტილატერალიზმის პრინციპიდან და ამაზე დაფუძნებულ მსოფლიო დღის წესრიგისკენ მიილტვის“, - აცხადებს იგი.

არ გვადარდებს რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობა?

რამდენად მისაღებია საქართველოსთვის ჩინეთსა და რუსეთს შორის 2022 წლის 23 თებერვალს ხელმოწერილი კომუნიკე უსაფრთხოების თვალსაზრისით? - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რაც დეპუტატებმა წინასწარ გაუგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრს.

„უცნაურია ტანდემი, რაც რუსეთსა და ჩინეთს შორის იკვეთება. ამ ფონზე რა საფრთხეების მატარებელია ეს დაახლოება?“ - ჰკითხა სესიაზე მას პარლამენტარმა არმაზ ახვლედიანმა.

წერილობით პასუხში მინისტრი დარჩიაშვილი წერს, რომ:

  • „ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენს ორივე მხარის პრეროგატივას და სუვერენულ უფლებას“;
  • „მათი შეფასება არარელევანტური იქნებოდა“;
  • „რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს;
  • ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე“.

პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი
პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი

ნიკოლოზ სამხარაძემ „სტრატეგიული პარტნიორობის“, როგორც ტერმინის ბუნდოვანებაზე გააკეთა აქცენტი: „სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთ თარგზე მოჭრილი დოკუმენტი და თუ პარტნიორობა გაქვს აზერბაიჯანთან, ზუსტად იგივე ტიპის, იმავე თემატიკაზე გექნება, სიტყვაზე, დანიასთან. ეს ასე არაა“.

„სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსს ქვეყნები განსაზღვრავენ და რა თემებზე იქნება აქცენტი, თითოეული სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაა“, - თქვა მან.

„როგორ ბედავთ, მოხვიდეთ და გვითხრათ, რომ ჩინეთთან დაახლოება პრობლემა არაა, როდესაც რამდენიმე დღის წინ პუტინის გვერდზე მდგარმა ჩინეთის ლიდერმა გამოაცხადა, რომ გლობალური მოწყობა, რომელიც ეფუძნება აშშ-ის და ევროკავშირის დომინაციას, უნდა შეიცვალოს, დაინგრეს ეს სისტემა, და შეიქმნას ახალი და ამაში ჩინეთი და რუსეთი არიან პარტნიორები?!“, - განაცხადა პლენარულ სესიაზე სალომე სამადაშვილმა.

საერთაშორისო პოლიტიკის ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ჩინეთი და რუსეთი სიმბიოზურ ალიანსს ქმნიან:

  • ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთი დასავლეთთან წინააღმდეგობაში;
  • მოსკოვისთვის ჩინეთია მთავარი საყრდენი ვაჭრობისა და გეოპოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით;
  • თუმცა, დროსთან ერთად მოსკოვი ამ ურთიერთობაში სულ უფრო და უფრო ხშირად წარმოჩინდება უმცროსი პარტნიორის როლში.

ანაკლიის პორტი - მორიგი დასტური ჩინეთის მონაწილეობაზე?

როდესაც 17+1 ფორმატიდან ბალტიის ქვეყნების გამოსვლაზე საუბრობდა, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ სამმა ქვეყანამ დაინახა, რომ „მათთვის ეკონომიკურად ეს პროექტი არაფერს არ მოიტანდა“ და „თავიანთი ინტერესების შესაბამისად“ იმოქმედეს.

„ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს - ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის“, - განაცხადა მან.

პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და მედიის ნაწილი მიიჩნევს, ჩინეთთან საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ პორტზე იქნება ფოკუსირებული.

„შუა დერეფანი“ ახსენა ილია დარჩიაშვილმაც და თქვა, რომ მისი ეფექტიანობის გაზრდა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მიესალმება, თუკი „ჩინური ინვესტიციები განხორციელდება გონივრულ სექტორებში, გონივრულობის ფარგლებში“:

„მაგრამ არაა მისასალმებელი ფიქციური ტენდერი, ვითომ შვეიცარიული კომპანია რომ მონაწილეობს, არადა წინასწარ გადაწყვეტილია, ჩინეთისთვის მიგეცათ ანაკლია. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო, პირდაპირ თქვა, რომ ამერიკული კაპიტალით უნდა აშენდეს, ამერიკული კაპიტალის თანამონაწილეობით რომ აშენებულიყო, დღეს გაცილებით დაცული იქნებოდა შავი ზღვა, ანაკლიის პორტი და ოჩამჩირეში წარმოქმნილი საფრთხეც ნაკლებად იქნებოდა“, - თქვა მან.

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე

ეს აზრი გააგრძელა ბექა ლილუაშვილმაც და გაიხსენა, რომ „როდესაც 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში „ოცნებას“ მკაფიოდ ეწერა საქართველოს ბმა ევროკავშირთან, - რაშიც ანაკლიის პორტი მოიაზრებოდა, - ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი: ევროპასთან დაახლოების პრაქტიკული შედეგები, ევროპული ინვესტიციების, ცოდნის მოზიდვა“.

„ამის ფონზე ვწუხვარ, რომ ჩინეთი უნდა იქნას წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი. ცხადია, მათ შორის იყო და იქნება ეკონომიკური ურთიერთობები, და ამის მონეტიზაციაც უნდა მოვახერხოთ, მაგრამ რატომ გაქრა ის მკაფიო ბმა ევროპულ ინვესტიციებსა და სტრატეგიულ პროექტებს შორის საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ამ ინვესტიციების ალტერნატივა?“ - იკითხა ბექა ლილუაშვილმა.

მისი ინტერპრეტაციით, ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმება „ემსახურება იმას, რომ შეიქმნას მცდარი აღქმა და განცდა, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, მთლიანობის გარანტი არა დასავლეთი, არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩინეთიცაა“.

XS
SM
MD
LG