Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული კამპანიაა კვლავაც მოქცეული დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში. როგორც გაზეთი "ზიუდოიჩე ცაიტუნგი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში

ამჯერად, როცა თალიბებმა თავიანთი უკანასკნელი საყრდენი პუნქტი, ქალაქი - ყანდაარი დათმეს, მთავარი ისაა, რომ ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურად დანიშნულმა ჰამიდ კარზაიმ სისხლისღვრის გარეშე აიღოს ხელში ქვეყნის მართვის სადავეები; გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"კარზაიმ ამნისტია აღუთქვა თალიბების სულიერ ლიდერს მოლა ომარს, თუ ეს უკანასკნელი საჯაროდ დაგმობს ტერორიზმს. თუმცა კარზაის მოკავშირეებს ვაშინგტონში სულ სხვა ჩანაფიქრი აქვთ თალიბების ლიდერის მიმართ."

გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" მიმომხილველი
ნიკოლას ქრისტოფი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მრავალმა სახელმწიფომ დიპლომატები გააგზავნა ქაბულში თავიანთი საელჩოების დასაარსებლად, მაშინ როცა ვაშინგტონი ამ მხრივ
პასიურობს; ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ესაა კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა გაიმეოროს ათი წლის წინანდელი შეცდომა, როცა მან დამარცხება აგემა საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომში, ხოლო შემდეგ
ბედის ანაბარა მიატოვა ავღანელი ხალხი. სწორედ ჩვენ
დავუტოვეთ ავღანელები სათარეშოდ ურთიერთმოქიშპე ფრაქციებს, რომლებიც იარაღით მოვამარაგეთ და ისლამისტური ვნებებიც გავუღვივეთ ხანგრძლივი ომის მსვლელობისას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ".

"მშენებელ - დამანგრეველი" - ასე მოიხსენიებს გაზეთი ფრანკფურტერ რუნდშაუ ეთნიკური უზბეკების ლიდერს ავღანეთში, გენერალ - დოსტუმს, რომელმაც უარი თქვა აღიაროს ბონში მიღწეული შეთანხმება ავღანეთის დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ; სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ძნელია რაღა თქმა უნდა სახლის მშენებლობის დაწყება სახურავით, ხოლო თუ ყოველი მშენებელი ამასთან თავისი გემოვნებით შეეცდება სახურავის გაკეთებას, შედეგად ნანგრევებს მივიღებთ. დოსტუმს არ მოსწონს ავღანეთის სახელმწიფოს ის არქიტექტურა, რაზედაც რის ვაი ვაგლახით შეთანხმდნენ პეტერსბერგში. ხსენებულ შეთანხმებას გაემიჯნა მეორე და არანაკლებ ეგოისტი ავღანელი ლიდერი გულბუდინ ჰექმათიარიც. ამდენად, დროებითმა მთავრობამ შესაძლოა სულ მალე შეწყვიტოს არსებობა. ამ კონფლიქტების გამომწვევი ეთნიკური ან კიდევ რელიგიური მიზეზების ძებნას აზრი არა აქვს. ყოველივე ამის მიღმა ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ნარკოტიკების ბაზრისა და ნავთობსადენის კონტროლირება იმალება".

გაზეთ "ჯერუსალემ პოსტის" აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით რეპრესიული რეჟიმების გულის მოგებას ცდილობს, რასაც ხშირად სავალალო შედეგი მოსდევს; გაზეთი სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ერთი წლის წინ, თალიბების რეჟიმი, ავღანეთში, გარდა იმისა, რომ იქ ნომერ პირველმა საერთაშორისო ტერორისტმა ნახა თავშესაფარი, ყველაზე რეპრესიული იყო მთელს მსოფლიოში, მაგრამ არავის მოსვლია თავში ჩრდილოეთის ალიანსს დახმარებოდა თალიბების დამხობაში. და თუ ვინმემ წამოაყენა თალიბების დამხობის წინადადება, საგარეო საქმეთა სამინისტროები მთელს მსოფლიოში ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ - ეს - ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს ავღანეთშიო".

გაზეთი "მონდი" მიესალმება ბონში მიღწეულ შეთანხმებას ავღანეთის დროებითი მთავრობის შექმნის თაობაზე და გამოთქვამს იმედს, რომ მრავალწლიანი ომით გაჩანაგებულ ავღანეთში ბოლოს მშვიდობა დაისადგურებს; გაზეთი წერს:

"საველე მეთაურები, მხარდამხარ რომ ეომებოდნენ საბჭოელ დამპყრობლებს 80-იან წლებში, ხოლო შემდგომ ერთმანეთს მიუშვირეს იარაღი, და ლტოლვილები, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები რომ გააჩნიათ, შეთანხმდნენ დროებითი მთავრობის შექმნაზე, რამაც ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ უნდა გაუკაფოს გზა მრავალტანჯულ ავღანელ ხალხს. ჩრდილოეთის ალიანსმა, რომლის წარმომადგენლები შინაგან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრეობს უხელმძღვანელებენ, უნდა ისწავლოს ძალაუფლების განაწილება. ბონში მიღწეული შეთანხმება იმედისმომცემია და ავღანელმა ხალხმა არ უნდა გაუშვას ხელიდან კარგი შესაძლებლობა".

მრავალმხრივი კომენტარით აშუქებენ გაზეთები ნატო-რუსეთის ურთიერთობასაც მით უმეტეს, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი-ტონი ბლეარი
გამოვიდა წინადადებით, რომ ნატოს კავშირში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთს მიეცეს ხმის უფლება.

"არ მისცეთ რუსეთს ნატოში ვეტოს უფლება"-ასეთი მოწოდებით გამოდის გაზეთი "ვაშინგტონ თაიმსი" და სარედაქციო სტატიაში წერს:

"ნაადრევია რუსეთისთვის უფლების მიცემა-მონაწილეობა მიიღოს ნატოს გადაწყვეტილებათა მიღებაში. ამან შესაძლოა ნატოს ეფექტიანობას გამოუთხაროს ძირი და მის წევრებს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც შეუქმნას საფრთხე. ამ თავდაცვითი კავშირის წევრებს საერთო ფასეულობები და ინტერესები აერთიანებს. ამიტომაც აცხადებდნენ იმთავითვე შეერთებული შტატებიცა და ნატოც, რომ ახალმა წევრებმა კავშირში შესვლამდე უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი-სტაბილური დემოკრატიები და ფაქტობრივი მოკავშირეები არიან. რუსეთი ვერ ჰპასუხობს ამ სტანდარტებს. ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობა და ამასწინანდელი თავდასხმები პრესის თავისუფლებაზე არ აძლევს რუსეთს ნატოში გაწევრიანების მორალურ უფლებას."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი - ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ რუსეთი აქტიური და თანასწორუფლებიანი პარტნიორი უნდა გახდეს შეერთებული შტატების და ევროპისა საერთაშორისო საკითხებში, მაგრამ არამც და არაც არ უნდა იქნეს მიღებული ნატოს კავშირში.

გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნის" მიმომხილველი-ენდრიუ ვაისი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შეერთებულ შტატებში 11ტ სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ
უკეთესობისაკენ შეიცვალა ნატო-რუსეთის ურთიერთობა, რაც განგაშს იწვევს ბალტიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც ნატოში უნდა გაწევრიანდნენ მომავალ წელს; ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"ხსენებული ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვი ისარგებლებს თავისი ახალი ურთიერთობით ნატოსთან და წერტილს დაუსვამს ამ თავდაცვითი კავშირის შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით".

გაზეთი "უოლ სთრით ჯორნალი" შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ განვლილი ერთი წლის მანძილზე თითქმის მთლიანად შეიზღუდა რუსეთში პრესის თავისუფლება; გაზეთი წერს:

"ამ წლის დასაწყისში, დამოუკიდებელი ტელეარხი - ენტევე - სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის-გაზპრომის მფლობელობაში გადავიდა. ამჯერად, ასეთივე ბედს გაიზიარებს დამოუკიდებელი ტელეხედვის უკანასკნელი ბასტიონი-არხი-ტევე-ექვსი, და ტელემაუწყებლობა, რუსეთში, კრემლის კონტროლს დაექვემდებარება მთლიანად. პრესის მეფემ, როგორც მას უწოდებენ რუსეთში, მიხაილ ლესინმა ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რათა სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოექცია მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებები, რითაც პრეზიდენტ პუტინის გამარჯვება უზრუნველყო მომავალ არჩევნებში".
XS
SM
MD
LG