Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში ბრძოლა გრძელდება


შეერთებული შტატების სამხედრო ავიაცია განაგრძობს ავღანეთის თეთრი მთიანეთის დაბობვას. იქ გამაგრებული არიან ორგანიზაცია “ალ ყაიდის” შეირაღებული რაზმები, რომლებიც მედგარ წინააღმდეგობას უწევენ ეგრეთ წოდებული “აღმოსავლეთის ალიანსის”, ანუ პუშტუნების ჯარს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო გამოყენება ეგრეთ წოდებული “ბენზინის ბომბებისა”, რომელთა გამანადგურებელი ძალა პირველად ვიეტნამის ომში გამოვლინდა.

ბენზინის ბომბებს, რომელთაც ცელის ეფექტი აქვთ მათი სიმძლავრის გამო, ვიეტნამში, ჯუნგლეში ის ხეებს ბალახივით აწვენდა, პენტაგონი იყენებს იმის გამო, რომ ჩანს სიჩქარეა საჭირო. არადა, ვარაუდობენ, რომ მთებში იმყოფება ოსამა ბინ ლადენი, ტერორისტი, რომლის მიკვლევის მიზნით დაიწყო ეს ომი და რომლის ხელში ჩაგდების გარეშე, ეს სამხედრო ოპერაცია შეერთებული შტატებისთვის პეწს დაკარგავდა.

პარასკევს, ავღანეთის საინფორმაციო საგენტომ ცნობა გაავრცელა, რომ ბინ ლადენი დიდი ხანია წავიდა ავღანეთიდან, რაც შეერთებულ შტატებს ბუნებრივია არ აძლევს საფუძველს დაიჯეროს ეს ცნობა, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის სამხედრო უწყების პაკისტანში მყოფმა წარმომადგენლმა, კენტონ კითიმ განაცხადა, რომ ბინ ლადენი რომ იქ არ იყოს, “ალ ყაიდელები” ასეთ გაათრებულ წინააღმდეგობას არ გასწევდნენო.

აღმოსავლეთის ალინსად წოდებული ავღანელების ჯარის ერთ-ერთი მეთაური ჰაჯი ზაჰირი ამბობს, რომ მისმა ჯარმა არაერთი მღვიმე დაიკავა თორა ბორის რეგიონში. მისმა მებრძოლებმა ალყა შემოარტყეს მოწინააღმდეგის დიდ ჯგუფს. ზაჰირის თანახმად, “ალ ყაიდა” არ აპირებს დანებებას. მისი თქმით, მათ ორი დღის წინ ჰქონდათ შანსი დანებებულიყვნენ, მაგრამ არ ისურვეს, ახლა კი, მათი დანებება ის იქნება, იარაღს თუ დაყრიანო. ამავე აზრისაა შეერთებული შტატიების სამხედრო ხელმძღვანელობა, მისი პოზიციაც მტკიცეა, “ალ ყაიდასთან” გარგება არ შედგება.მაგრამ თავდაცვის მინისიტრმა დოლნალდ რამსფელდმა თქვა, რომ არ არის სწორი, თითქოს შეერთებული შტატები “ალ ყაიდის” ყველა ლიდერის და მებრძოლის დახოცვა ჰქონდეს განზრახული.

პენტაგონმა დამატებითი ქვეითი ჯარი გადასხა ავღანეთში. ჯარისკაცები სხვათა შორის დაკავებული არიან ყანდაარის აეროპორტის აღდგენით, იქ უნდა იქნეს მიღებული ჰუმანიტარული ტვირთი, რომელსაც დაუყოვნებლივ საჭიროებს ათასობით ადამიანი ამ ქვეყანაში. აქვე გეტყვით, რომ ავღანეთის ეთნიკური უმცირეობის ჰაზარებელის წარმომადგენლებმა ქაბულში დემონსტრაცია მოაწყვეს გაეროს ბიუროს წინ. ისინი ამბობენ, რომ ქალაქში უსამართლოდ ნაწილდება სურსათი, ჰაზარელების 60ათას ოჯახს, მათ თანახმად, არაფერი შეხვედრია.ტაჯიკი და უზბეკი თანამშრომლოები, თურმე, თავიანთ ხალხს ანიჭებს უპირატესობას.

კვლავ ბრძოლებს დავუბრუნდეთ. ამასობაში პირველი აშკარა განხეთქილება მოხდა ჩრდილოეთის ალიანსში, იმავე “ისლამ პრესმა” გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებული შტატების ავიაციამ თანადგომა გაუწია ავღანეთის ბოლო პრეზიდენტის რაბანის ჯარებს, საედ ჯაფარის რაზმთან ბრძოლაში, ქაბულის ჩრდილოეთით. ჯაფარი კი, უზბეკი გენერლის -ჩრდილოეთის ალიანსის ერთ ერთი ლიდერის, ტომით უზბეკი დოსტუმის მოკავშირეა.

პაკისტანი ამასობაში ცდილობს, კარგად გადაკეტოს ავღანეთთან თავისი საზღვარი, რათა ამ ქვეყანაში გაქცევა ვერ შეძლონ დამარცხებულმა მებრძოლებმა. საზღვარზე ასობით გუშაგია განთავსებული. თუმცა, მთის თოვლიანი ბილიკების ყრუდ დახშობა ჩანს, როგორც ჩანს, პრაქტიკულად შეუძლებელია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG