Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ირგვლივ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გაეროს ინიციატივით შემუშავებული ხელშეკრულების პროექტი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ მოწმობს თვით გაეროსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გააქტიურებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

ასე ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციის- მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მჭედლიშვილი. ამასთან იგი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გარკვეული არათანამიმდევრულობით ხასიათდება როგორც კონფლიქტის მოგვარების, ისე მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სხვა საკითხშიც.

აღნიშნული პრობლემატიკის გარშემო ირაკლი მჭედლიშვილს ესაუბრა გიორგი კაკაბაძე.

ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამაჯვნის შესახებ ხელშეკრულების პროექტი დღედღეობით არის კონფიდენციალური დოკუმენტი პროცედურული მოსაზრებებებიდან გამომდინარე, მაგრამ რაღაც მომენტში ის ცნობილი გახდება ყველასათვის და თუ დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდება ქართველი ხალხისათვის, მაშინ ის უბრალოდ არ იმუშავებს.

ამ მოსაზრების გარდა ირაკლი მჭედლიშვილი გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება ხელშეკრულებას აფხაზური მხარე, რომელიც სრულ დამოუკიდებლობაზე ოცნებობს და კატეგორიულ უარს აცხადებს იმაზე, რომ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სახით შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში.[მჭედლიშვილის ხმა]"აქ იყო ერთადერთი პრობლემა, რომ გაეროს დონეზე ყოფილიყო აღიარებული ეს დოკუმენტი-ეს იყო რუსეთი და, აი, დღეს,თითქოს, რუსეთი პრობლემაც მოიხსნა. რუსეთმა თანხმობა განაცხადა, რომ არ დაბლოკოს გაეროს უსიშროების საბჭოში დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის, რომ აფხაზებმა მიიღონ ეს დოკუმენტი."

მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარის დირექტორის თქმით, მიუხედევად პრეზიდენტ პუტინის განცხადებისა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არის საქართველოს საშინაო საქმე, ჯერ-ჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთი კეთილმეზობლურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ: საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა რუსეთის ავიაციის მიერ, რაც რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მოხდა.
ირაკლი მჭედლიშვილი ამასთანავე აღნიშნავს, რომ მთელ რიგ საკითხებში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არათანმიმდევრულია და მერყევი.

მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილი განცხადებით, საქართველო რუსეთის სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში მანდატს არ გაუგრძელებს, თუმცა არც ამ ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის საკითხს დააყენებს. ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, არადა, 11-ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ, რასაც წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ ის არ იქნებოდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი.

ჩემი თანამოსაუბრე აგრეთვე ამბობს, რომ ბუნდოვანია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთის ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.
ირაკლი მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა და სხვა სახელმწიფოებმა საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს მომხდარის თაობაზე:[მჭედლიშვილის ხმა]"თუმცა ეს პროცესი შეიძლება უფრო მკაფიო ყოფილიყო. თავიდან, დაბომბვის მეორე დღეს ატყდა ერთი ამბავი-დავგმობთ ამას, ძალიან სერიოზული რეაქცია გვექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ჩვენ ვუყურებთ,რომ ლაპარაკია არა დაგმობაზე ამ აქტის და საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვაზე იმისათვის, რომ დაგმონ ეს აქტი და რაღაცნაირად შეფასება მისცენ რუსეთის მოქმედებას, არამედ რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის კიდევ დროის გახანგრძლივებაზე საქართველოში."

საერთოდ,ირაკლი მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა მთელ რიგ საკვანძო საკითხებში უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე.
XS
SM
MD
LG