Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათი წლის წინ დაიშალა საბჭოთა კავშირი


ათი წლის წინ, მაშინდელ ბელარუსიაში, ბელოვეჟის ტყეში, მონადირეთა სახლში, რუსეთის, უკრაინის და საკუთრივ ბელარუსიის მიერ გაფორმდა საბჭოთა კავშირის გაუქმების და მის ნაცვლად

ახალი - დამოუკიდებელ სახელმწიოთა თანამეგობრობის - შექმნის აქტი.

74 წელიწადი იარსება მძლე კავშირმა, როგორც მას უწოდებდნენ ხოლმე, სამხედრო თვალსაზრისით უძლეველმა ქვეყანამ. ამ უძლეველი იმპერიის დაშლა უმტკივნეულოდ არ მომხდარა, და არც დაშლის მომხრეები არიან შედეგებით კმაყოფილი.

როდესაც ვლადიმირ ლენინი, საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის მარქსისტული იდეოლოგიის გამტარებელი, დასავლეთში ამ ექსპერიმენტის მოწყობის შესახებ დავალებას იღებდა, ვერ იფიქრებდა, რომ მას არ დაასაფლავებდნენ, მის ცხედარს მავზოლეუმში შეინახავდნენ და ეს ცხედარი მისი საამაყო ქმნილების დაშლის მოწმე შეიქნებოდა. ლენინი თავდაჯერებული იყო ჯერ კიდევ 1918-ში, რომ საბჭოთა ხელისუფლება მთელ მსოფლიოში გაიმარჯვებდა.
[ლენინის ხმა] "საბჭოთა ხელისუფლება, როგორიც არ უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყანაში დევნა, გარდაუვალია და ახლო მომავალში გაიმარჯვებს მთელ მსოფლიოში".

მთელს მსოფლიოში არა, მაგრამ მის მეექვსედზე საბჭოთა წყობა გაბატონდა და იარსება. იარსება, ვიდრე მიხაილ გორბაჩოვი არ გადაწყვეტდა მის რეფორმირებას და დასავლეთისთვის მისაღებ პლატფორმაზე შეყენებას. "პერესტროიკამ" და "გლასტნოსტმა", როგორც გორბაჩოვის მიერ შემუშავებულმა დოქტრინებმა, გამოააშკარავა ის სიყალბე და ანეტიადამიანურობა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. ნახეს რა, რომ ზემოდან რევოლუცია იგვიანებდა, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ლიტველებმა. ამ დროს ომი იყო მთიან ყარაბაღში, საბჭოთა ხელისუფლებამ ძალით ჩაახშო ამბოხება რიგაში, ვილნიუსში, თბილისში. სურსათი პრობლემად იქცა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისიტრი ედუარდ შევარდნაძე 90-ში მოულოდნელად გადაგა, მანამდე გარიგებები აწარმოა პირველ რიგში გერმანელებთან, ეს უკანასკნელები, უფრო სწორად, გერმანიის მრეწველობის წარმომადგენლები საბჭოთა ადამიანების დაპურებას პირდებოდენენ "გედეერის" საფასურად. "გედეერი" ფედერაციულ რესპუბლიკას შეუერთეს, საფასური კი საბჭოთა კავშირში შექმნილმა ვაკუუმმა შთანთქა. გადადგომის წინ შევარდნაძემ გააფრფთხილა თანამოაზრეები, პუტჩი მზადდება რეფორმების მოწინააღმდეგეების მიერო.

1991 წლის მარტში შეიმუშავეს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტი. გორბაჩოვი პროექტზე, რომელიც იგნორირებულ იქნა 15-იდან 6 მოკავშირე რესპუბლიკის მიერ, მუშაობას არ წყვეტდა. ეს პროექტი რესპუქლიკებს ფართო სუვერენიტეტს სთავაზობდა, ეკონომიკასა და კულტურაზე მთლიან კონტროლს, ნებას აძლევდა კავშირის წევრებს ჰქონოდათ საკუთარი დიპლომატიური პოლიტიკა, დაედოთ საერთაშორისო ხელშეკრულებები, შესულიყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მოკლედ, რა გინდა სულო და გულო, კავშირის სახელიდან უნდა ამოღებულიყო სიტყვები საბჭოთა და სოციალისტური. მაგრამ არა და არა, რესპუბლიკებს რუსეთთან ერთად არანაირ კავშირში ყოფნა აღარ სურდათ. ამ დროს, იმავე 91-ში, კვლავ გააფრთხილეს გორბაჩოვი პუტჩის საშიშრობაზე, ჯერ მისმა მრჩეველმა - პერესტროიკის არქიტექტორად წოდებულმა - ალექსანდრ იაკოვლევმა, შემდეგ კი, არც მეტი არც ნაკლები, შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელმაც ვაშინგტონიდან დაურეკა გორბაჩოვს და მანაც გადატრიალების საშიშრობაზე მიაწოდა ცნობა. გორბაჩოვმა, მისივე თქმით, ბუშს უთხრა, შენ კარგად იძინე, არაფერი მოხდებაო [გორბაჩოვის ხმა]."დამირეკა ბუშმა, მე ვუთხარი, არაფერი მოხდება, მშვიდად დაიძინე- მეთქი. ასე ვუთხარი".
აგვისტოში მართლაც მოხდა გადატრიალების მცდელობა, რომელიც დღემდე ბევრი საიდუმლოთი რჩება მოცული. ფაქტი ერთია, გორბაჩოვი თვითონ იმდენად დასუსტებული იყო, რომ წინააღმდეგობა მხოლოდ მისმა ოპონენტებმა გასწიეს, მათ, ვისაც არ სურდა "საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტისთვის", ეგრეთწოდებული "გეკაჩეპესთვის" დაეთმოთ ქვეყანა. ტელევიზიით თავისი განზრახვის გამოცხადების დროს, პუტჩისტების მეთაური, ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი, ძალიან ღელავდა, ვარაუდობენ, რომ ნასვამი იყო, ხელები უკანკალებდა. იანაევის ნათქვამი არავის დაუჯერებია, გორბაჩოვი რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადაგებოდა, ცხადი იყო. როგორც გითხარით იმარჯვეს ელცინმა, რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტმა და მისმა ხალხმა, რუსეთისვე პრემიერმა სილაევმა, ხაზბულატოვმა. დაწვრილებით აღარ გავაგრძელებ, რუსეთში, ამ ქვეყნის ხალხის აქტიურობის გამოც, პუტჩის მცდელობა ჩაიშალა. გორბაჩოვი აღადგინეს, მაგრამ ბრბო ახლა იელცინის სახელს გაჰყვიროდა. ამ პუტჩმა დააჩქარა საბჭოთა იმპერიის დაშლა. ელცინი მასას რუსეთის სახელმწიფოს აღორძინებისკენ მოუწოდებდა.

საბჭორთა კავშირის შემადგენლობაში მყოფმა რესპუბლიკებმა მალევე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. დეკემბერში გორბაჩოვი,უკვე ფაქტობრივად არ არსებული ქვეყნის პრეზიდენტი, გადადგა.[გორბაჩოვის ხმა] "მე ვწყვეტ მოქმედებას საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტზე. ამ გადაწყვეტილებას პრინციპული მოსაზრებით ვიღებ. მე მტკიცედ ვემხრობოდი ხალხების დამოუკიდებლობას, რესპუბლიკების სუვერენიტეტს, და ამავე დროს საბჭოთა სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნებას". კარგია, რომ გორბაჩოვი რომ გულწრფელი მაინც იყო იმის აღიარებისას, რომ დამოუკიდებლობაც სურდა, მაგრამ საბჭოთა სახელმწიფოს მთიანობის შენარჩუნებაც.
კომუნისტური პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, თუმცა, თავისი დამსახურების დაფასებაც ისურვა: [გორბაჩოვის ხმა] "რაც გაკეთდა, სათანადოდ უნდა შეფასდეს, საზოგადოებამ მიიღო თავისუფლება, განთავისუფლდა პოლიტიკურად და სულიერად, ეს უმთავრესი მონაპოვარია".

გორბაჩოვის ეპოქასთან ერთად დასრულდა საბჭოთა ეპოქა, რომელსაც ჯერ ელცინის მმართველობა მოჰყვა, შემდეგ კი პუტინისა რუსეთში, რომელიც მთავარი მემკვიდრეა საბჭოთა იმპერიისა. სხვა არაერთ რესპუბლიკაში, საბჭოთა კავშირის ნეშტი, როგორც ლენინი მავზოლეუმში, კვლავაც ასვენია, მისი აღდგომისა არავის სჯერა, მაგრამ ხათრი და ძველი პატივისცემა დიდი აქვთ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG