Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭომ ქაბულში მრავალეროვანი ჯარის მანდატი დაამტკიცა


ომით გაჩანაგებულ ავღანეთს შაბათს ახალი მთავრობა მოევლინება: ქაბულში ერთგულების ფიცს დადებს გარდამავალი პერიოდის ხელმძღვანელობა.

ამ უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენამდე ორი დღით ადრე, ხუთშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა მანდატი, რომელიც შესაძლებელს ხდის ქაბულში მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად მრავალეროვანი ჯარის განთავსებას. ლაპარაკია ე.წ. ”უშიშროების ხელშემწყობ საერთაშორისო ძალებზე”.

მრავალეროვანი ჯარისთვის ექვსთვიანი მანდატით დაკისრებული მოვალეობაა ქაბულში და ქაბულის გარშემო წესრიგის დაცვა, რათა ავღანეთის დროებითმა მთავრობამ შეძლოს წინაპირობების შექმნა ტრადიციული თავყრილობის, ლოია ჯირგის მოსაწვევად. საქმე არ ეხება ცისფერჩაფხუტიანთა მისიას: ქაბულში განსათავსებელ მრავალეროვან ჯარს, რომელსაც ბრიტანეთი უსარდლებს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, აქვს საჭიროების შემთხვევაში იარაღის ხმარების უფლება. სხვათა შორის, 50 ბრიტანელი ჯარისკაცი უკვე ჩასულია ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, დედაქალაქის ჩრდილოეთით, ხოლო შაბათს ქაბულის მახლობლად ორასზე მეტ ჯარისკაცი განთავსდება.

გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, ჯერემი გრინსტოკმა აღნიშნა, რომ მრავალეროვანი ჯარი უშიშროების უზრუნველსაყოფად ავღანეთის ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლებს.

[გრინსტოკის ხმა] ”ვიმედოვნებთ რომ ავღანელებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობა იმედს ჩაუსახავს ავღანელებს, რომელთაც ბოლო წლებში უმძიმეს პირობებში ცხოვრება უხდებოდათ.”

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არ არის დაზუსტებული მრავალეროვანი ჯარის წევრთა რაოდენობა, ან ჯარის ცალკეული მოვალეობა. შესაბამისად, მრავალი დეტალი ვარაუდების სფეროს მიეკუთვნება: როგორც გაეროდან ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, რობერტ მეკმეჰონი გვაუწყებს, ფიქრობენ, რომ ჯარისკაცების რიცხვი ხუთი ათასს მიაღწევს, და რომ ისინი მთავრობის შენობების დაცვაზე იზრუნებენ. მაგრამ ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამად ფაჰიმმა გუშინ უთხრა ასოშიეიტიდ პრესს, რომ გაეროს მანდატით აღჭურვილი ჯარი, სულ სამი ათასი ადამიანი, მხოლოდ სიმბოლურ როლს შეასრულებს: მას არ ექნება მებრძოლების განიარაღების ან ძალის გამოყენების უფლება.

ამ საკითხებისაგან განსხვავებით, გაურკვევლობას არ იწვევს მრავალეროვანი ჯარების ეროვნული შემადგენლობა. მასში უმთავრესად ნატოს წევრთა, ასე მაგალითად საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, თურქეთის წარმომადგენლები შევლენ. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ის კოორდინაციას გაუწევს ორი ჯარის -ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული და უშიშროების უზრუნველმყოფი ძალების მოქმედებას.

ბოლოს აღსანიშნავია, რომ უშიშროების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ვითარება ავღანეთის მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში. მაგრამ ხუთშაბათის გადაწყვეტილებით, მრავალეროვანი ჯარის მისია მხოლოდ ქაბულზე ვრცელდება, და ჯარის ნებისმიერ სხვა რეგიონში ამოქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო რეზოლუციას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG