Accessibility links

logo-print

11 სექტემბერი: დღე, რომელმაც ისტორია შეცვალა


2001 წელი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ფართომასშტაბიანი, ყველაზე საზარელი, ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტის წელიწადი.

გარდა ამისა, ამავე 2001-მა დაუდო დასაბამი აქამდე არნახული მასშტაბის ანტიტერორისტულ კამპანიას, რომელმაც ამ ბოროტებასთან ბრძოლაში მსოფლიოს დიდი ნაწილი ერთ მუშტად შეკრა. ამ მასალაში 11 სექტემბრის ტერაქტებსა და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს გავიხსენებთ.

ყველაფერი დილას, ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის დასაწყისში მოხდა. ადგილობრივი დროით რვა საათსა და 45 წუთზე, გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ იორკის ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს დაეჯახა და შენობის ზედა ნაწილი ხანძრის ალში გაახვია.

18 წუთის შემდეგ გაოგნებულმა და თავზარდაცემულმა ამერიკელებმა უკვე ტელევიზორით ნახეს, როგორ დაეჯახა კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი “ტყუპ კოშკებად” წოდებული კომპლექსის სამხრეთ ცათამბჯენს. ორი საათის მანძილზე როგორც ერთი, ისე მეორე 110-სართულიანი შენობა ნანგრევებად იქცა.

ნიუ იორკის თავდასხმებიდან სულ რამდენიმე წუთში მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს “პენტაგონად” წოდებულ შენობას დაეცა და იგი მნიშვნელოვნად დააზიანა. მგზავრებით სავსე მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის მახლობლად ჩამოვარდა: როგორც ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც მგზავრებმა გამტაცებლებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

სულ 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად 3300-მდე ადამიანი დაიღუპა, მეტი, ვიდრე 1941 წელს, “პერლ ჰარბორის” ოპერაციაში, როცა იაპონიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მოულოდნელი იერიში მიიტანეს ამერიკელთა სამხედრო ბაზებზე და შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომში ჩააბეს. მაგრამ, “პერლ ჰარბორის” ოპერაციის მიზანი, 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტებისგან განსხვავებით, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა არ ყოფილა.

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 9 დღის შემდეგ, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე,
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ასე ჩამოაყალიბა თავისი ქვეყნის მისია: [ჯორჯ ბუშის ხმა]“ჩვენ განუზომელი ზიანი მოგვაყენეს. უდიდესი დანაკარგი განვიცადეთ. მაგრამ ამ გლოვასა და რისხვაში ჩვენი მისია ვიპოვეთ. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თავისუფლება და შიში. ფეხს მოიკიდებს თუ არა ადამიანის თავისუფლება, ჩვენი დროის ეს უდიდესი მონაპოვარი და ყველა დროის ოცნება, ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თაობა, ძალადობის ბნელ მუქარას ააცილებს ჩვენს ხალხსა და ჩვენს მომავალს.”

ტერაქტების შემდეგ შეერთებულ შტატებს თითქმის მთელმა მსოფლიომ სოლიდარობა გამოუცხადა. ამ მხრივ ნიშანდობლივია საფრანგეთის გაზეთ “მონდში” გამოქვეყნებული ერთი წერილის სათაური: “ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ.” ტერაქტებზე პასუხად ნატომ თავისი არსებობის მანძილზე პირველად აამოქმედა ამ კავშირის წესდების მეხუთე მუხლი, რომლის თანახმად ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმასთან არის გაიგივებული.

თვით შეერთებული შტატები არნახული ერთიანობის სულისკვეთებამ მოიცვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკას ასეთი რამ არ ახსოვსო, ერთხმად აღნიშნავდნენ მიმომხილველები. ამ სულისკვეთებას ვერაფერი დააკლო ციმბირის წყლულით დაავადების გახშირებულმა შემთხვევებმა, რომლებიც ასევე ტერორისტთა საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ჯილეხის ბაქტერიის შემცველი წერილები შეერთებული შტატების ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებმა და კონგრესის რამდენიმე წევრმა მიიღეს. ამ საფოსტო ტერაქტებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კონგრესში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მას, ვინც კი საქმეს ტერორისტებთან დაიჭერს, არ შეიძლება ამერიკასთან თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს. მანვე დასძინა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე გაიშლება: სამხედროზე, დიპლომატიურზე, საფინანსოსა და პოლიტიკურზე. მისი თქმით, ანტიტერორისტული კამპანია არაერთ წელიწადს გასტანს და მის განხორციელებას დიდძალი თანხები დასჭირდება.

თავის გამოსვლებში ჯორჯ ბუში მუდამ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ანტიტერორისტული კამპანია მიმართულია არა მაჰმადიანური სამყაროს, არამედ ყველა ტერორისტის, უწინარესად კი ოსამა ბინ ლადენისა და მისი ორგანიზაციის: “ალ ყაიდის” წინააღმდეგ.

თალიბანის ხელმძღვანელების მისამართით ბინ ლადენის გაცემის თაობაზე ვაშინგტონის მრავალრიცხოვანმა კატეგორიულმა მოთხოვნებმა შედეგი არ გამოიღო. თალიბების სულიერმა ლიდერმა, მოლა მოჰამად ომარმა, ბინ ლადენის გაცემაზე მტკიცე უარი განაცხადა.

7 ოქტომბერს, ტერაქტებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლთა პოზიციებზე პირველი იერიშები მიიტანა. პარალელურად, ხმელეთზე, “ჩრდილოეთის ალიანსმა” და თალიბებთან დაპირისპირებულმა სხვა ძალებმა თანდათან შეავიწროვეს მტერი და სულ რამდენიმე კვირაში თალიბები ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილიდან განდევნეს.

5 დეკემბერს ოპოზიციის ძალებმა, ბონში გამართულ მოლაპარაკებაზე, მიაღწიეს შეთანხმებას დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე. შაბათს, 22 დეკემბერს, ამ მთავრობის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
XS
SM
MD
LG