Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდიის საგანგებო გამოშვება


წამყვანი თამარ ჩიქოვანი, თბილისი გთავაზობთ საახალწლო პროგრამას, რომელიც მთლიანად რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში მომზადდა.

მას თამარ ჩიქოვანი უძღვება.

თამარ ჩიქოვანი:

21-ე საუკუნის პირველი წელიწადი მოვლენების სიმრავლით გამორჩეული აღმოჩნდა საქართველოსთვის. საიუბილეო თარიღებზე რომ არაფერი ითქვას, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს საქართველოს უახლეს ისტორიაში, იქნება ეს ათი წლისთავი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თუ ასევე ათი წლისთავი ”რუსთაველის გამზიდის ომიდან”, გასულ წელსაც გავხდით მომსწრეები არაერთი ფაქტისა, რომელიც ჩვენს საერთო მომავალზე უთუოდ მოახდენს გავლენას.

საქართველოს დამოუკიდებლობის ათი წლისთავზე ისევ და ისევ აქტუალური იყო ის საკითხები, რაზეც ათი წლის წინ მსჯელობდნენ პოლიტიკოსები თუ რიგითი მოქალაქეები - სად არის საქართველოს ადგილი, დასავლეთის თუ რუსეთის ორბიტაზე; შეძლებს თუ არა საქართველო თავისი ადგილის დაკავებას ევროპულ ოჯახში; ოსტაპ ბენდერის თქმის არ იყოს, დაგვეხმარება თუ არა დასავლეთი; რამდენად მზად არის საქართველო დემოკრატიისთვის; შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას; რაა საჭირო ესოდენ აუცილებელი სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად და ა.შ. და ა.შ. ამ ათი წლის მანძილზე ასევე არ კარგავდა აქტუალურობას თემა, რომელიც ბევრს შესაძლოა მომაბეზრებლად მოეჩვენოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დაუსრულებელი შეხსენების გამო, მაგრამ რომლის მნიშვნელობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. იგულისხმება სტაბილიზაცია, რომლის დარღვევის მსურველთა ძირითად მიზნად ხელისუფლების ცვლილება იგულისხმება.

2001 წელს ხელისუფლების შეცვლა არაერთ მოვლენას შეეძლო გამოეწვია - მაგალითად, სამხედროთა უკმაყოფილების დემონსტრირებას, ან პანკისის ხეობაში ადამიანების გატაცების ფაქტების შემაშფოთებელ ზრდას, ან აფხაზეთში ჯერაც დაუდგენელი შეიარაღებული ჯგუფების ასევე გაურკვეველი მიზნით მარშს, ან პოპულარული ტელეჟურნალისტის მკვლელობას.

სხვათაშორის, გასულ წელს სახალხო უკმაყოფილების დემონსტრირების ყოველი გამოვლინება ასე თუ ისე დემოკრატიული ფასეულობების დაცვის მოთხოვნით იყო გამაგრებული. თუმცა, მაისის თვეში გვარდიის ამბოხება მაინც სოციალური საკითხების მოუგვარებლობამ გამოიწვია. კობა ლიკლიკაძის აზრით, გამორიცხული არ იყო, ერთდღიანი ამბოხი სერიოზულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო.

კობა ლიკლიკაძე:

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი მღელვარების თაობაზე, როგორც შემდეგ გაირკვა, ოპერატიული ინფორმაციები სათანადო უწყებებს თურმე რამდენიმე დღით ადრე მოეპოვებოდათ, ახალი სამხედრო მღელვარების დაწყების შესახებ ხელისუფლებამ და მოსახლეობამ თითქმის ერთდროულად შეიტყო.

გამთენიისას, ნორიოში საწვრთნელ შეკრებაზე დაბანაკებულმა ეროვნული გვარდიის ბრიგადამ მოულოდნელად მიატოვა დისლოკაციის ადგილი და მუხროვანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ნაწილის ტერიტორია დაიკავა. ცოტა მოგვიანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ამბოხებულთა მეთაურების პოლკოვნიკ გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძის მიმართვა, რომელშიც სამხედროები პროტესტს უცხადებდნენ ხელისუფლებას არმიის პრობლემებისადმი უგულისყურო დამოკიდებულების გამო.

აღსანიშნავია, რომ გვარდიელების მოთხოვნებს რეალური საფუძველი მართლა ჰქონდა და ამიტომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ცდილობდა გაემართლებინა სამხედრო სტატუსთან შეუთავსებელი ასეთი პროტესტის ფორმა.

მაგრამ ალბათ არ ცდებოდნენ ისინი, ვინც თუნდაც წარსულის მწარე გამოცდილების გამო ეჭს ქვეშ აყენებდა შეიარაღებული ადამიანების აქციის სამშვიდობო ხასიათს. ღირს გავიხსენოთ, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე სატელევიზიო გამოსვლაში ამბოხებულთა მოქმედებას სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებდა.

რაც შეეხება ამბოხების სცენარის ავტორებსა და მის შესაძლო შედეგებს, სახელისუფლებო კულუარებში თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამბოხება იმართებოდა რუსეთის სამხედრო წრეებიდან და მიზნად ისახავდა, ერთის მხრივ, ნატოს პირველი სამხედრო მანევრების ჩაშლას და, მეორე მხრივ, ახალი დესტაბილიზაციის ტალღაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გახანგრძლივებას.

“ჩვენ არავის შეკვეთას ან დავალებას არ ვასრულებდით. მაგრამ ვერავინ განსაზღვრავდა, იმ ღამეს მუხროვანში რა მოხდებოდა. ერთი ტყვიის გავარდნას ძალზე ბევრი რამის შეცვლა შეეძლო”,
იხსენებდა მოგვიანებით პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი.

და იქნებ საქართველოს ხელისუფლების შარშანდელი წლის მთავარი დამსახურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტყვია 25 მაისს არ გავარდა. მუხროვანში დროული ჩასვლით ედუარდ შევარდნაძემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რითაც ხელიდან გამოსტაცა ინიციატივა იმ ადამიანებს, რომელთა ვინაობა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისტორიის კადრს მიღმა დარჩა.

თამარ ჩიქოვანი:

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლების კრიზისმა არნახულ დონეს მიაღწია. საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სხდომების ბოიკოტირების შედეგად სხდომები იშლებოდა კვორუმის არარსებობის გამო. უმრავლესობის მცდელობები, სხვისი პულტების მანიპულირებით მიეღწიათ კვორუმისთვის მაშინ, როცა სხდომათა დარბაზი ცარიელი იყო - დამატებით არგუმენტს აძლევდა ოპოზიციას, ეჭვქვეშ დაეყენებინა პარლამენტის მიერ მიღებული კანონების კანონიერება.

სხვაგვარად გამოხატავდნენ თავის უკმაყოფილებას მთავრობის წევრები. 2001 წელი მინისტრთა მიერ პრეზიდენტის კურსის მიმართ პროტესტის გამოთქმისა და თავად მთავრობის წევრთა შორის კონფლიქტების თვალსაზრისით მართლაც უპრეცედენტო აღმოჩნდა. მთავრობის სხდომებმა მონოტონურობა უთუოდ დაკარგა იუსტიციის აწ უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის, ხმამაღალი განცხადებების ფონზე. სხვათაშორის, 2001 წელი კიდევ ერთი კუთხით აღმოჩნდა გამორჩეული – თუნდაც საკუთარი ნებით მინისტრობიდან წასვლის მსურველთა კატეგორიის გამოჩენით. ორი მიხეილი – სააკაშვილი და მაჭავარიანი – ამ თვალსაზრისით პიონერებად შეიძლება ჩაითვალონ. და თუ თანამდებობიდან გადადგომის მიხეილ მაჭავარიანის ოფიციალურ მოტივად პრეზიდენტის პოლიტიკის მიუღებლობა გახდა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პროტესტის მიზეზი უფრო დააკონკრეტა - ხელისუფლების უნებისყოფობა, ებრძოლოს კორუფციას. როგორ ებრძოდნენ 2001 წელს კორუფციას საქართველოში - ამ თემაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ

დავით პაიჭაძე:

2001 წელს საქართველოში წარმატებით გააგრძელეს კორუფციასთან შეუპოვარი ბრძოლის უნიჭოდ განსახიერება. ანტიკორუფციული პროგრამის შემუშავების შემდეგ შემმუშავებელ შვიდკაცას მადლობა გადაუხადეს, ბროშურის სახით გამოაქვეყნეს პროგრამის ძირითადი მიმართულებები, თავად პროგრამას კი – თითქმის 200 გვერდიან ტექსტს – დღის სინათლე არ აღირსეს. სამაგიეროდ, პრეზიდენტთან შეიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც რეკომენდაციების გამომუშავება დაევალა. საბჭოს მუშაობის ნაყოფი იყო მისი მდივნის, მირიან გოგიაშვილის მოხსენება აგვისტოს თვეში მთავრობის სხდომაზე, რომელიც ტრადიციულად უღიმღამო სამთავრობო რიტორიკის ფონზე გაბედულად გაისმა, მაგრამ რიტორიკადვე დარჩა. სამაგიეროდ, საზოგადოებითვის ცნობილი გახდა, ვის ჰქონდა პრეტენზია, ქვეყანაში აღლუმი წაეყვანა: საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე საჯაროდ მოჰყვა, როგორ უყვიროდა პრეზიდენტ შევარდნაძეს შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი გოგიაშვილის იმ რეკომენდაციათა შესაცვლელად, პოლიციას რომ ფრთებს უკვეცავდა. 2001 წელს არ უმხელიათ და არ დაუსჯიათ არცერთი პირი, რომლის კორუმპირებულობაში საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება. სოროსის ფონდმა საქართველოში დააფინანსა მონიტორინგი, თუ როგორ სრულდებოდა ანტიკორუფციული პროგრამის ძირითადი მიმართულებები და აქაც სრულიად უნუგეშო სურათი მივიღეთ. მაგალითად იმის გახსენებაც კმარა, რაც ხელისუფლების მთავარმა მომმარაგებელმა, ირაკლი ანდრიაძემ თქვა: სამთავრობო მანქანებისათვის გამორჩეული სანომრე ნიშნების შეცვლა ქართულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგებაო. სრულიად ქართულს არა, მაგრამ ქართულ სახელისუფლო მენტალიტეტს ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა მთავრობის სხდომებზე: სულ ამაოდ აფრიალებდა სახელმწიფო მოხელეების სრა-სასახლეთა ფოტოებს. სააკაშვილის ინიცირებული კანონპროექტი “უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის წესის შესახებ” იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის, რომ იქ მოკალათებულ ძალოვან თუ ყოფილ კომკავშირელ ფუნქციონერებს ბოლშევიზმი სალანძღავი სიტყვის რანგში გაახსენდათ. კანონპროექტი ჯერჯერობით პროექტად რჩება და საპარლამენტო განხილვამდე ბევრი უკლია. სამაგიეროდ, სააკაშვილმა სიმძაფრე შემატა ორი წლის წინანდელ საარჩევნო დევიზს “საქართველო კორუფციის გარეშე” და პარლამენტში საქართველოსათვის გადამწყვეტი ბრძოლის ლოზუნგით დაბრუნდა. ცხადია, რომ კორუფციასა და კორუმპირებულებთან ჭიდილი 2002-შიც გაგრძელდება. 2001-ში კი კორუფციასთან ბრძოლა, ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად შევარდნაძის შესრულებით, ავგიასის თავლებში აეროზოლის გასხურებას ჰგავდა.

თამარ ჩიქოვანი:

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, კორუფციის სენთან ბრძოლას სწორედ სახალხო მხარდაჭერით გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში მისი დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილი-ტრიბუნის აქტიურობამ პარლამენტში აშკარად იკლო. 2001 წლის შემოდგომაზე გამართულმა არჩევნებმა გამოთავისუფლებელი სადეპუტატო ადგილისთვის გარკვეული წარმოდგენა შექმნა, თუ როგორი სცენარით არის შესაძლებელი არჩევნების გამართვა საქართველოში. ან ძალიან მშვიდად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, როგორც ეს ბაღდათში მოხდა, ან ვაკის მსგავსად, სადაც საარჩევნო უბნები ბრძოლის ველს დაემსგავსა. სავარაუდოდ, ალბათ, არანაკლები ვნებათაღელვით ჩატარდებოდა 2001 წლის შემოდგომისთვის დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელიც პარლამენტისა და პრეზიდენტის ერთობლივი გადაწყვეტილებით გადაიდო. მანამდე, პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები საარჩევნო კანონში და გადაწყვიტოს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი. თუმცა, შემოდგომის შემდეგ, პარლამენტი სულ სხვა საკითხების მოგვარებით აღმოჩნდა დაკავებული. პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს დავით პაიჭაძე შეგახსენებთ.

დავით პაიჭაძე:

2000 წლის დეკემბერში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ზურაბ ჟვანიამ თავდაჯერებული ირონიით განაცხადა, ოპონენტებს ჩემი გადადგომით არასოდეს მივანიჭებო სიამოვნებას. არ გასულა ერთი წელიც და ჟვანიამ ეს ნაბიჯი გადადგა. სპიკერის გადადგომას რამდენიმე წუთით წინ უსწრებდა მთავრობის გადაყენება. ეს მოხდა 1 ნოემბერს. მანამდე კი ცხადი იყო, რომ ხელისუფლების უუნარობასა და იქ მიმდინარე დეზინტეგრაციულ პროცესებს კვანძის მტკივნეული გახსნა უნდა მოჰყოლოდა. დაძაბული ვითარება პირველად განიმუხტა და იმავე დროს აიჭრა აპრილის თვეში, როცა შევარდნაძემ ჯერჯერობით განუხორციელებელი – მინისტრთა კაბინეტის შემოღების იდეა შესთავაზა პარლამენტს და მალე პრემიერობის სასურველ კანდიდატად ზურაბ ჟვანია დაასახელა. ჟვანია დამარცხდა: მან ვერ შეძლო კანონის გატანა. ისედაც ნეგატიურ პოლიტიკურ ფონს ივლისში ტრაგედია დაერთო: მოკლეს პოპულარული ჟურნალისტი გიორგი სანაია; ხელისუფლებისადმი ზიზღი იმდენად დიდი იყო, რომ საზოგადოებას არ სურდა არავითარი ვერსიის გაგონება, პოლიტიკური მკვლელობის გარდა. ნაფიცი შევარდნაძისტები, აგრეთვე სპიკერის პოლიტიკური მტრები ირწმუნებოდნენ, რომ სანაიას მკვლელობა სწორედ ჟვანია-სააკაშვილის ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ დრომ ეს ვერსია უარყო: მკვლელობა გაიხსნა და, ჩანს, მას მართლაც საყოფაცხოვრებო საფუძველი აქვს, მეორეც, გაუგებარია, რა სარგებელი ნახა აქედან ხსენებულმა წყვილმა; მთავრობის გადაყენებას შეიძლება მართლაც ფარსი უწოდო, რადგან მინისტრების დიდი ნაწილი მაინც ძველ პოსტებზე დარჩა, მაგრამ ის, რომ მთავრობა გათავისუფლდა ვახტანგ ქუთათელაძის, კახა თარგამაძისა და ვანო ჩხარტიშვილისაგან, არ უნდა იყოს ურიგო შედეგი რუსთავი-2-ზე უშიშროების ოფიცერთა უნიჭო იერიშით გამოწვეული მღელვარებისა. ახალი მთავრობის ძველი და ახალი სახეები უპრობლემოდ დაამტკიცა პარლამენტმა, სადაც მანამდე დიდი ვნებათაღელვით აირჩიეს ახალი სპიკერი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, არჩევამდე შევარდნაძის მეჯვარისა და მეგობრის ქალიშვილი, არჩევის შემდეგ, სულ მალე – გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მეუღლე. სპიკერის არჩევის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო: საკანონმდებლო ხელისუფლების ნაცვლად მივიღეთ ინტერესთა სადეპუტატო ჯგუფების ერთობა, რომელიც იკრიბება და ხმას აძლევს უწინარესად მისთვის გასაგები მიზნებისა და მიზეზების გათვალისწინებით. რამდენიმე თვეა პარლამენტს არავითარი კანონი არ მიუღია. უმრავლესობა აღარ არსებობს. და მაინც, მინისტრების ულაპარაკოდ დამტკიცება არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შევარდნაძის მორჩილია: მან კატეგორიული უარი უთხრა პრეზიდენტს სამინისტროთა გამსხვილებაზე. რეალურ ინტერესებს დეპუტატები, ალბათ, გაზაფხულზე გამოაჩენენ, როცა მინისტრთა კაბინეტის საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში.

თამარ ჩიქოვანი:

2001 წელს კიდევ უფრო შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში წინა პერიოდში დაწყებულმა კრიზისმა. 2001 წელს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სავიზო რეჟიმის სრულად ამოქმედებას მოჰყვა რუსეთის მედიის არნახული კამპანია, რომლის თანახმადაც, ტერორისტთა მხარდაჭერის თვალსაზრისით საქართველო ერაყსა და ლიბანს არ ჩამოუვარდება. 2001 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა, რომ საქართველოში ჩეჩენი შეიარაღებული პირები იმყოფებიან. ბევრისთვის მოულოდნელად, მან უარღესად დადებითად დაახასიათა ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი - რუსული მედიის განცხადებით, საქართველოს სწორედ გელაევის ჯგუფი აფარებს თავს, თუმცა, 2001 წელი ისე გაილია, რომ გელაევი თვალით საქართველოში არავის უნახავს. ჩეჩენმა ბოევიკებმა კი საქართველოში ყოფნა შემოდგომაზე, აფხაზეთში შეგვახსენეს. სამწუხაროდ, 2001 წელს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით პარლამენტის დავალებას პრეზიდენტისადმი, უზრუნველყო აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანა. დსთ-ს სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ რუსების გაყვანა, სანამ არ იქნება მიღწეული სხვა ქვეყნების თანხმობა შეიარაღებული ნაწილების ჩანაცვლებაზე, ნაადრევია. მოსკოვის გარდა, 2001 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა -რუმინეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ექსპერტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ამერიკული ვოიაჟი იყო. მართლაც, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის დაგეგმილი პრეზიდენტ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში გადაიდებოდა. ვიზიტი არა მხოლოდ შედგა, არამედ სამშობლოში თვალშისაცემად კარგ ხასიათზე დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძით თუ ვიმსჯელებთ, მისმა შეხვედრამ პრეზიდენტ ბუშთან მოლოდინი გაამართლა. რაც შეეხება მაღალ სტუმრებს, ვინც 2001 წელს საქართველოს სტუმრობდა - თურქეთის პრეზიდენტთან ერთად დასამახსოვრებელი იყო პოლონეთის პრეზიდენტის კვაშნევსკის ჩამოსვლა. სხვათა შორის, ორივე ეს ქვეყანა ნატოს წევრი გახლავთ. ყველაზე, ასე ვთქვათ, ფართოდ კი 2001 წელს საქართველო სწორედ ნატოს მასპინძლობდა. დაწვრილებით ამ თემაზე ისევ კობა ლიკლიკაძე გესაუბრებათ.

კობა ლიკლიკაძე:

საქართველოს ჯარმა მუხროვანის ამბოხების სამარცხვინო ლაქა, ფოთში გამართული ნატოს პირველი მრავალეროვნული სწავლებით “ჩამოირეცხა”. სიტყვამ მოიტანა და სამხედრო მანევრებზე ფოთში აკრედიტებული ჟურნალისტებიც ისეთი გაკვირვებით აღწერდნენ მთვრალი ბრიტანელი მეზღვაურების მიერ მოწყობილ უწყინარ დებოშს, თითქოს ორი კვირის წინანდელი მღელვარება ცხრა მთას იქით ხდებოდა.

ეს იქით იყოს, მაგრამ მანევრები მართლაც დიდებული გამოვიდა - ივნისის დასაწყისში საქართველოს პატარა საზღვაო ქალაქი ფოთი ორი კვირით ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა მთელ სამხრეთ კავკასიაში. სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით “კოოპერეითივ ფართნერ”, რომელსაც წელიწადში ერთხელ ნატოს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა მასპინძლობს, საქართველოს შავი ზღვისპირეთში შვიდი სახელმწიფოს დაახლოებით 5 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს მოუყარა თავი.

სამშვიდობო სწავლების ლეგენდის თანახმად, გაეროს ეგიდით მოქმედი გაერთიანებული კონტინგენტი ჰუმანიტარულ მისიას ახორციელებდა ერთ-ერთ წარმოსახულ სახელმწიფოში, სადაც მიწისძვრას მსხვერპლი და მასობრივი მღელვარება მოჰყვა.

ცხადია, ზედმეტია იმის ხაზგასმა, რომ ამ სწავლებას საქართველოსთვის პოლიტიკურის გარდა, პრაქტიკული სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა. სწორედ ფოთში გამართული ნატოს პირველი მანევრები შეაფასა წლის მთავარ სამხედრო მოვლენად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც საქართველოს მწირი თავდაცვის ბიუჯეტი დიდი ხანი არ მისცემს საშუალებას ასეთი მასშტაბის სწავლება ჩაუტაროს თავის ხელქვეითებს.

“ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში უფრო მეტი ცოდნა შევიძინეთ, ვიდრე მთელი სამხედრო სამსახურის განმავლობაში. პირველ ყოვლისა კი დავრწმუნდით საკუთარ ძალებში. თუკი სათანადო პირობები გვექნება, ნებისმიერი დავალების შესრულებას შევძლებთ”, ხშირად აცხადებდნენ სწავლების დროს ჩვენთან საუბარში ქართველი სამხედროები.

თუმცა ამ სწავლებას ჰქონდა ერთი პოლიტიკური ხინჯი. ოფიციალური მოწვევის მიუხედავად ნატოს სწავლებას არ ესწრებოდნენ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები. ამ დემარშს რუსეთის პრესა იმით ხსნიდა, ვითომდაც სწავლებას არა სამშვიდობო, არამედ აგრესიული სამხედრო ხასიათი ჰქონდა.

მაგრამ სწავლების დღეებში რუსეთის საზღვაო ხომალდები სულ სხვა ისტორიული მისიით მაინც მოადგნენ საქართველოს ნაპირებს – სტამბოლის შეთანხმების თანახმად, მათ ბათუმიდან ნოვოროსიისკისკენ უნდა გადაეტანათ სამხედრო ტექნიკა ერთ-ერთი უდიდესი – ვაზიანის – სამხედრო ბაზიდან, რომელიც 2001 წლის 31 ივლისის შემდეგ საქართველოს კუთვნილებად იქცა.

თამარ ჩიქოვანი:

როგორც გახსოვთ, ნატოში გაწევრიანება საქართველოს ”ცისფერი ოცნებაა”. ამ ოცნების აღსასრულებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების სტანდარტების ამაღლების გარდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაც აუცილებელ პირობად ითვლება. წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენის გამოყოფისას ერთობ რთულია წინასაახალწლო ამაღლებული განწყობილების შენარჩუნება - საახალწლოდ ტრადიციულად ცუდის დავიწყებას ვცდილობთ და უკეთესი მომავლის იმედით ამ ცუდს ძველ წელს ვატანთ. სწორედ ამ პრინციპით შევეცდებით საზეიმო პათოსის შენარჩუნებას. თუმცა, აქვე დავძენთ, რომ ამ “ძველის”, ანუ ცუდი “ძველის” “საგზლად” გატანების მცდელობა გვქონდა შარშან და შარშანწინაც. გასული წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენების შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

ზაზა გაჩეჩილაძე:

წლის მიწურულს მორიგმა ენერგეტიკულმა კოლაფსმა ამ სფეროში სიტუაციის გამოსწორების ის მცირედი ილუზიაც მოგვიშალა, რაც ეი-ი-ეს თელასმა 2001 წლის განმავლობაში ჩაგვისახა, თუმცა დედაქალაქის ენერგომომარაგებაში წელს შექმნილი პოზიტიური პრეცენდენტის დავიწყება მაინც უმადურობა იქნებოდა. გასულ წელს კვლავ გაგრძელდა საბიუჯეტო კრიზისი და ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ კანონს კვლავ დასჭირდა “შეკრეჭვა”, მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა კი მნიშვნელოვანი გაუარესება განიცადა - სამომხმარებლო ბალანსი, რომელიც არც არასდროს იყო დადებითი, მკვეთრად უარყოფითი გახდა, წარმოების მაჩვენებლები შემცირდა, საგადასახადო ადმინისტრირების დონეს, ფაქტობრივად არანაირი პროგრესი არ განუცდია. წელს საგარეო ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა, ასე რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოზიტიურის გამოყოფა ძალიან ძნელია. თუმცა იყო ერთი მოვლენა, რომელსაც საფუძველი წინა წლებში ჩაეყარა და რომელიც ლამის ქართული ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთ იმედად იქცა: 2001 წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთი კავკასიის მილსადენის სისტემის საშუალებით ბუნებრივი გაზის საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ტრანზიტის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის თაობაზე” საერთაშორისო სამთავრობო ხელშეკრულებას.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ არცერთი პარლამენტარი არ გამოსულა და ამ დოკუმენტს მხარი 180-მა დეპუტატმა დაუჭირა. ხელისუფლება და დამოუკიდებელი ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბაქო-თბილისი-ერზურემის გაზსადენის მშენებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ხასიათს ატარებს.

აღნიშნული გაზსადენის სატრანზიტო გადასახადიდან საქართველო უფასოდ მიიღებს ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის 5 პროცენტს ანუ გაზსადენის სრული დატვირთვისას საქართველო მილიარდ ნახევარ კუბურ მეტრ საწვავს მიიღებს, მაშინ როდესაც ამჟამინდელი მოხმარება წელიწადში 750 მილიონ კუბურ მეტრს არ აღემატება.

შესაძლებელი იქნება, აგრეთვე, ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი გაზის ყოველწლიურად შესყიდვა შეღავათიან ფასში.
ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ მიღებული და სპეციალური ფასით შესყიდული გაზის მონეტიზაციის შედეგად, საქართველოს 40 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი აღნიშნული პროექტით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები 7 მილიარდ დოლარს მიაღწევს ანუ წელიწადში შემოვა საშუალოდ 175 მილიონ დოლარი. ყოველი 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 7 დოლარსა და 40 ცენტს შეადგენს.

გაზსადენის მშენებლობაზე, რომლის სიგრძეც საქართველოს ტერიტორიაზე 245 კილომეტრია, დასაქმებული 70 ათასი ადამიანიდან 80 პროცენტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. აღნიშნული პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან ერთად საქართველოსათვის ერთგვარი პოლიტიკური გარანტიაა, რომელმაც მომავალში ქვეყნის სტაბილურობა და დასავლეთის ინტერესთა სფეროში ადგილის დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს.

ამ პროექტების მნიშვნელობა უდავოდ დიდია, თუმცა სამწუხაროა, რომ აგერ უკვე მერამდენე წელია მხოლოდ ამ მილის და ჯერ არარეალიზებული მილსადენისა თუ გაზსადენის იმედად ვრჩებით, თანაც რაოდენ ეპოქაურ პროექტთან არ უნდა გვქონდეს საქმე, მისი განხორციელება მხოლოდ ზოგად სასტარტო პირობებს შეგვიქმნის და თუ ყოველივე ზემოთაღნიშნულს გონივრული პოლიტიკა არ დახვდა, მილსადენით, უფრო სწორედ, ნავთობის და გაზის ტრანზიტით აშენებული ქვეყნის პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანი იქნება.

საერთაშორისო პროექტები მხოლოდ შანსია, რომელიც ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. იმედია მომავალ წელს ხელისუფლება შედარებით გონივრულად მიუდგება საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას და ეს ისტორიული შანსიც მილში გადინებულ ნავთობსა და გაზსს არ გაჰყვება.


თამარ ჩიქოვანი:

2001 წელს არაერთ სფეროსთან დაკავშირებით მოიხსენიებდნენ ისტორიულ შანსს, რომლის ხელიდან გაშვებაც უდიდეს დანაშაულად ცხადდებოდა. მეცნიერები, ხელოვანნი, განათლების სფეროს წარმომადგენლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, ხელისუფლების მხრიდან კულტურისა და განათლების მიმართ სრული უყურადღებობის გამო. ზოგიერთ ფაქტს გიორგი გვახარია შეგახსენებთ.

გიორგი გვახარია:

[ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმა] “იცით, რაშია საქმე, მე რომ ვთქვა, რომ ეხლა თქვენ უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ თქვენ ვერ მოუარეთ ქვეყანას მეთქი, რომ ვთქვა –არ მეგულება ვინმე მოვიდეს თქვენს მაგივრად, თორემ ვიტყოდი”

რადიომსმენელი ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმას უთუოდ იცნობდა. დიდი ძალისხმევა არ დაჭირდებოდა არც იმის გამოცნობას, თუ კონკრეტულად ვის მიმართავდა ქართველი მსახიობი. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც 2001 წლის შემოდგომაზე გაიმართა, ნათელი გახდა, რომ წელს საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე ერთგული მხარდამჭერი, შემოქმედებითი ინტელიგენციაც გაემიჯნა. ქართული კულტურის განვითარებისთვის სეკვესტირებულ ბიუჯეტში თითქმის არაფერი დარჩა. 2001 წელს აღარავის გაუგია პრეზიდენტის მოსწრებული სიტყვები “გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს ჩვენ!”. ხელისუფლებამ ამჯერად უკვე დემონსტრატaიულად მიატოვა ხელოვნების მუშაკები. შემოდგომაზე, ქართულ კულტურაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა კულტურის მინისტრმაც აღიარა. [სესილი გოგიბერიძის ხმა] “გაცილებით უფრო ძნელია, როცა შენ ლაპარაკობ, რომ სინათლის ფული გაქვს გადასახადი, წყლის და გეუბნებიან, “რა ვქნა”... უფრო სწორად, მე ვსვამ კითხვას “რა ვქნათ”... “რაც გინდათ ის ქენით”.

“რაც გინდათ ის ქენით!” – მიმართა ხელისუფლებამ “სათბურში გამოზრდილ” შემოქმედებით ინტელიგენციას, ანუ აიძულა კულტურის მუშაკები თავად გაეკეთებინათ არჩევანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კიდევ – გაათავისუფლა ისინი. “გათავისუფლებულმა მხატვრებმა” განსხვავებულად გამოხატეს განცდა, რომელიც მიტოვებულ ადამიანს ეუფლება ხოლმე. ყველაზე რადიკალურნი კინემატოგრაფისტები აღმოჩნდნენ, კინორეჟისორი რეზო ესაძე იმუქრებოდა: [რეზო ესაძის ხმა] “ჩვენ ყველანი სტუდენტებიანად გამოვალთ გარეთ”. სხვებმა ქუჩაში გამოსვლაზე უარი თქვეს და “ახალ მფარველებს” მიაგნეს – მაგალითად, კოტე მახარაძემ 75 წლის იუბილე ბადრი პატარკაციშვილის “რიტუალების სასახლეში” გადაიხდა, ცხადია, თავად პატარკაციშვილის მონაწილეობით. მაგრამ წელს საქართველოში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლების მიერ მინიჭებული თავისუფლება არა თუ ადვილად “გადაიტანეს”, არამედ “გამოიყენეს” კიდეც. 2001 წელს, როცა უსახსრობის გამო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა 150 წლის იუბილეც კი ვერ აღნიშნა, როცა რუსთაველის თეატრმა მხოლოდ სტურუას “ჰამლეტის”, მარჯანიშვილის თეატრმა კი თემურ ჩხეიძის “ანტიგონეს” დადგმა მოახერხა, თბილისში კიდევ ერთი, დამოუკიდებელი, ე.წ. “თავისუფალი თეატრი” გაიხსნა. მართალია, აქ წარმოდგენილი სპექტაკლები მხატვრული დონით ვერც “ჰამლეტს” უახლოვდება და ვერც “ანტიგონეს”, მნიშვნელოვანი ისაა, რომ დავით დოიაშვილის, გოჩა კაპანაძის, ავთო ვარსიმაშვილის წარმოდგენებმა თეატრს მაყურებელი დაუბრუნა. აღმოჩნდა, რომ ქართული პუბლიკა ხელოვანისგან მხოლოდ ტაშ-ფანდურს არ ითხოვს. სხვათა შორის, წლის ბოლოს, გარდაქმნა ქართულ შოუ-ბიზნესშიც დაიწყო – ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ახალი წლიდან ფილარმონიის საკონცერტო დაბაზში აიკრძალება ფონოგრამაზე სიმღერა. წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზმა ცოტა არ იყოს სახე შეიცვალა – ზაფხულში აქ გაიმართა ანსამბლ “სოფთ ეჯექტის” კონცერტი, რომელმაც როკ-მუსიკის მოყვარულები დააიმედა კიდეც – აღმოჩნდა, რომ პრიმიტიულ “ჰიტებს” დღეს მთელი საქართველო არ მღერის. ამავე შენობაში მოეწყო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება – წიგნის ბაზრობა. აქაც გამოირჩეოდნენ დამოუკიდებელი გამომცემლობები და მწერლები, რომლებმაც არა მარტო “გამოიყენეს” თავისუფლება, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურის აღმავლობას შეუწყეს ხელი. პირველ რიგში ესაა აკა მორჩილაძე და მისი “გაქრები მადათოვზე”, ესაა ზურა მესხი, რომლის მოთხრობა “სპაზმები”, შესაძლოა ყველაზე უკეთ გამოხატავს საქართველოში შექმნილ კულტურულ კრიზისს – როცა ხელისუფლებას უბრალო ადამიანისთვის აღარ სცალია, აღარ სცალია კულტურისთვის, როცა ადამიანს ყველაფერი უკვე წართმეული აქვს. ნიშანდობრივია, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი დღემდე უჩინარი რჩება. არავინ იცის, ვინაა ზურა მესხი. წლის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოების ავტორს არ სურს მონაწილეობა მიიღოს თანამედროვე ქართული კულტურის “პროცესში”. იგი თავისუფლებას ანიჭებს უპირატესობას.
XS
SM
MD
LG