Accessibility links

logo-print

როგორ უნდა მოექცეს ვაშინგტონი ავღანელ პატიმრებს?


ამ რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, ავღანეთში დატყვევებული ალყაიდელი და თალიბი მეომრები კუბაში მდებარე თავის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანოს.

ამ განზრახვამ თვით შეერთებულ შტატებში წარმოშვა დისკუსია იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია ასეთი ნაბიჯი სამართლებრივი თვალსაზრისით. რადიო "თავისუფლებამ" ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა ამერიკელ ექსპერტებს.

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანია უაღრესად რთულ სამართლებრივ გარემოში ტარდება. ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოდის არა რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი, არამედ ათობით სახელმწიფოს ცალკეული მოქალაქეები, ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებსაც ქსელი მთელს მსოფლიოში აქვთ გაბმული. თვით მთავარი ძებნილი, ოსამა ბინ ლადენიც არ მოიაზრება, როგორც ერთი რომელიმე ქვეყნის მოქალაქე: იგი, ფაქტობრივად, გლობალური ფიგურაა.

ბოსტონის ტაფტსის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის პროფესორის, ალფრედ რუბინის აზრით, შეერთებული შტატების მიერ ნებისმიერი საერთაშორისო ნორმისა თუ კანონის უგულებელყოფა მას ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ამასობაში, ვაშინგტონის ოფიციალური პირები დაუღალავად იმეორებენ, რომ ავღანელ ტყვეებს (რომელთა რიცხვი უკვე 400-ს აღწევს) ჟენევის 1949 წლის კონვენციის შესაბამისად ექცევიან.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მაიერსმა განაცხადა, ავღანელ პატიმართა პირველ ჯგუფს რამდენიმე დღეში გადააფრენენ კუბაში მდებარე გუანტანამო ბეის სამხედრო ბაზაზე. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გენერალმა მაიერსმა დასძინა, რომ 8 იანვარს დატყვევებულ მებრძოლთა შორის "ალ ყაიდის" ორი ლიდერიც არის.

[მაიკლ მაიერსის ხმა] "ეს თალიბებთან დაპირისპირებული ალყაიდელები არიან. ჩვენთვის ისინი დიდ ინტერესს წარმოადგენენ, რადგან მსოფლიო მასშტაბის იმ ტერორისტული ქსელის ნაწილს შეადგენენ, რომელსაც "ალ ყაიდა" უჭერს მხარს. ამდენად, ვფიქრობთ, მოვიპოვოთ ინფორმაცია, რომელიც მათს სამომავლო ოპერაციებზე მიგვანიშნებს."

ამერიკელთა ხელში მყოფი ტყვეებიდან ჯერჯერობით ყველაზე მაღალი რანგის პატიმარია თალიბანის მთავრობის ყოფილი ელჩი პაკისტანში, მოლა აბდულ სალამ ზაიფი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ხომალდზე ჰყავთ დაკავებული. ვაშინგტონის სადაზვერვო სამსახურები იმედოვნებენ, რომ ზაიფისგან მიიღებენ ინფორმაციას ოსამა ბინ ლადენის ან თალიბანის სულიერი ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის ადგილსამყოფელზე.

მაგრამ ალფრედ რუბინმა ჩვენს კორესპონდენტთან, ჯეფრი დონოვანთან, საუბარში აღნიშნა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ზაიფის დაკავება არაერთ შეკითხვას ბადებს. ბოსტონელი პროფესორის თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობა იმუნიტეტს ანიჭებს დიპლომატებს, განურჩევლად მათი მთავრობების მოქმედებისა.

თუმცა, პროფესორ რუბინს სხვა კითხვებიც უჩნდება: [ალფრედ რუბინის ხმა] "ჩემი აზრით, პატიმრების გუანტანამოში გადაყვანა სერიოზულ კითხვებს წარმოშობს. ამით ვადასტურებთ, რომ მოქმედებს ომის კანონები - და ეს ნებისმიერ ამერიკელ კონგრესმენს უნდა აშფოთებდეს - რაც იმას ნიშნავს, რომ ალყაიდელებს, თუ ერთ-ერთ ჩვენგანს დაატყვევებენ, შეეძლებათ მისი წაყვანა სომალიში ან მათთვის ხელსაყრელ სხვა ქვეყანაში და მისი იქ გასამართლება. მე სერიოზულად მაშფოთებს ჩვენი მზადყოფნა, თამაშის ამგვარი წესები მივიღოთ."

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაიტს უოჩის" მთავარი იურიდიული კონსულტანტი, ჯიმ როსი, ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს. მისი აზრით, აუცილებელია, ავღანელ ტყვეებს ოფიციალურად მიენიჭოთ ომის ტყვეების სტატუსი, როგორც ეს 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს მოხდა.
XS
SM
MD
LG