Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჰაბიზმის გავრცელება ჩეჩნეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ჩვენს წინა გადაცემებში გესაუბრეთ ჩეჩნეთის საზოგადოერივ სტრუქტურაზე,

იმაზე, რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს მასში რელიგიას, კერძოდ ისლამის სუფიურ შტოს, სუფიურ ძმობებს და მათ ლიდერებს – შეიხებს.

გავიხსენეთ, რომ ჩეჩნეთში, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ კუთხეებში, 1980-იანი წლების “პერესტროიკამ” რელიგია იდეოლოგიური მარწუხებისგან გაათავისუფლა. მაგრამ ეს დადებითი მოვლენა, ხელფასების შეკვეცასთან, ფასების ზრდასთან და უმუშევრობასთან კომბინაციაში ჩეჩნებითვის სასიკეთო არ აღმოჩნდა.

როგორც აღნიშნავს იტალიელი ისტორიკოსი, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი სერჯიო სალვი, ავტორი მრავალი წიგნისა ჩეჩნეთის ისტორიისა და რელიგიის თემებზე, სუფიების ძმობას ახალ პირობებში ფუნქციონირება არ შეეძლო. შეიხების ავტორიტეტს ძალა მხოლოდ შედარებით მშვიდობიან სოციალურ პირობებში ჰქონდა. ამ სიტუაციამ კი ისლამის ფუნდამენტალისტურ შტოს – ვაჰაბიზმს გაუხსნა გზა.

საიდ იახიევი, სუფიების სულიერი ლიდერი, რომელიც ისლამის თემაზე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და რომელიც “პერესტროიკის” პერიოდში ჩეჩნეთში ცხოვრობდა, ხსნის, როგორ და რატომ გაიდგა ასე ადვილად ფესვი მის სამშობლოში რადიკალურმა ისლამურმა მოძრაობამ.

[საიდ იახიევის ხმა] “ვაჰაბიზმმა გავრცელება 1980-იან წლებში, საჯაროობის პერიოდში დაიწყო, როცა ყველაფერი იქნა დაშვებული. ადამიანებმა, რომლებმაც თავი თავისუფლად იგრძნეს, რელიგიაშიც დაიწყეს ახალი იდეების შეტანა. ეს მაშინ მოდაში იყო. ვაჰაბიზმმაც მაშინ დაიწყო გავრცელება.”

იახიევის თქმით, გავრცელებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მაშინ ჩეჩნეთში არ მოიძებნებოდა არავინ, ვინც შეაფასებდა და წინ აღუდგებოდა ამ მოძრაობის მცდარ დოგმებს. არ არსებობდა ჭეშმარიტი რელიგიური ოპოზიცია.

ვაჰაბიზმი თავს ჭეშმარიტ ისლამს უწოდებს და უარყოფს ყველაფერს, რაც ყურანით არ არის დაშვებული. სუფიზმს ვაჰაბიტები ისლამის საწყისი გზიდან გადახვევად მიიჩნევენ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდენობის ინსტიტუტის პროფესორი მიხაილ როშჩინი ამბობს, რომ ვაჰაბიზმი უარყოფს სუფიზმის რიტუალებს, პილიგრიმობას წმინდა ადგილებში ან მიცვალებულის დატირების ცერემონიას – ყველაფერ იმას, რაც მიღებულია ჩეჩნეთის სუფიებს შორის.

[მიხაილ როშჩინის ხმა] “ვაჰაბიტები უარყოფენ მასწავლებლის როლს, რასაც სუფიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს; წმინდა ადგილების თაყვანისცემას, რაც აგრეთვე ძალიან გავრცელებულია სუფისტური ისლამის მიმდევრებს შორის. გარდა ამისა, ჩრდილოეთი კავკასიის და, კერძოდ, ჩეჩნეთის ისლამისთვის დამახასიათებელია დატირების რიტუალი, რაშიც მონაწილეობს მთელი სანათესაო და სოფელი. ვაჰაბიტები ამასაც უარყოფენ… უარყოფენ აგრეთვე ღმერთთან, ასე ვთქვათ, პირად კავშირს, რომელიც სუფიმზმისთვის არის დამახასიათებელი.”

ვაჰაბიტების გავლენა გაძლიერდა ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ. მრავალწლიანმა ომმა გააღატაკა ჩეჩნები, მოახდინა მისი საზოგადოებრივი სტრუქტურის დესტაბილიზაცია, რაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა ვაჰაბიზმმა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიური ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების უფროსი სერგეი არუთინოვი მოგვითხრობს, როგორ შეიცვალა დაკრძალვის ტრადიცია უფულობის შედეგად.

ჩეჩნების ადათ-წესების თანახმად, ოჯახი უნდა გაუმასპინძლდეს ყველას, ვინც კი დაესწრება დაკრძალვას. 200-მდე დამსწრის დაპურებისთვის იკვლებოდა ძროხა ან რამდენიმე ცხვარი. ეს ტრადიცია ყოველთვის ძნელად შესასრულებელი იყო რეგიონის სიღარიბის გამო. დღეს კი თითქმის შეუძლებელი გახდა. ცოტას თუ აქვს ამ ადათ-წესის დაცვის საშუალება. ზოგიერთი ოჯახი ქელეხის გადასახდელად იძულებულია ვალებში ჩავარდეს. არუთინოვის თქმით, დღეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ოჯახის ახალგაზრდა წევრები უკან ისტუმრებენ დაკრძალვაზე მისულ ხალხს. ვაჰაბიზმი არ ცნობს დატირების რიტუალს. ამიტომ ეს ახალგაზრდები, უსმენენ რა ვაჰაბიზმის ლიდერებს, იზიარებენ მათ აზრს, რომ დაკრძალვის აქამდე მიღებული ცერემონია ზედმეტია და ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს. ვაჰაბიზმის თანახმად, ისლამი კრძალავს მუსლიმანის დაკრძალვაზე ჭამასა და სიამოვნებას. ბევრი ახალგაზრდის აზრით, ვაჰაბიზმის მოძღვრება უფრო შეესაბამება ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციას.

[სერგეი არუთინოვის ხმა] “ეს სრულიად არ შეესაბამება ჩეჩნეთის ადათ-წესებს, მაგრამ ხალხი ისმენს და ამბობს: “ვაჰაბიტების ლიდერები მართალს ამბობენ. ადათი არ ვარგა, ვინაიდან ადათის შესრულება ოჯახის გაპარტახებას ნიშნავს.”

1999 წელს ჩვენი რადიოს კორეპონდენტი ოლეგ კუსოვი გუდერმესში ახალგაზრდა ჩეჩნებს ესაუბრა. მათ თქვეს, რომ დაიცავენ ვაჰაბიზმის პრინციპებს, რადგან ვაჰაბიტები ამისთვის მათ თვეში 100 დოლარს აძლევენ. ამ უზარმაზარ თანხას სუფისტები, ცხადია, ვერ გადაიხდიდნენ.

პროფესორ როშჩინის თქმით, განსხვავება სუფიზმსა და ვაჰაბიზმს შორის კარგად ჩანს “ჯიჰადის” სხვადასხვა კონცეფციაში.

[მიხაილ როშჩინის ხმა] “ვაჰაბიტები მისდევენ ჯიჰადის ძველ კონცეფციას, რომ ეს არის წმინდა ომი ურჯულოთა მოქცევისთვის. სუფიების ინტერპრეტაცია სხვაგვარია. ისინი მასში ხედავენ არა ურჯულოთა წინააღმდეგ ომს, არამედ ბრძოლას საკუთარი სრულყოფისთვის, ბრძოლას, რომელსაც მუსლიმანი საკუთარი ნაკლის აღმოსაფხვრელად აწარმოებს.”

რუსეთის სამხედროები ჩეჩენ საველე მეთაურებს ვაჰაბიტებს უწოდებენ. მაგრამ “ნოვაია გაზეტას” კორესპონდენტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც აშუქებს რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტს, ამას შეცდომად მიიჩნევს. პოლიტკოვსკაიას თქმით, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ერთგული საველე მეთაურები იცავენ ეროვნულ ტრადიციებს და ეწინააღმდეგებიან ვაჰაბიზმის მსგავს ფუნდამენტალისტურ მოძრაობებს, როგორც ჩეჩნების ერთიანობის დესტაბილიზაციის ფაქტორს. საველე მეთაურის შამილ ბასაევის გარშემო შემოკრებილი ჯგუფი კი ჩეჩნეთის არაბულ სტილში ისლამიზაციას ისახავს მიზნადო, – მიაჩნია პოლიტკოვსკაიას.

სუფიების ძმობა ცდილობს, შორს დაიჭიროს თავი კონფლიქტისგან. რაკი ომს ბოლო არ უჩანს, ბევრი მორწმუნე და სულიერი ლიდერი ინგუშეთში ან რუსეთის სხვა რეგიონებში გადასახლდა.
XS
SM
MD
LG