Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ მეცნიერთა ექსპედიცია "წმინდა მიწაზე"


თოთხმეტმა ქართველმა მეცნიერმა ამას წინათ დაასრულა იერუსალიმის ექსპედიციის პირველი ეტაპი, პროექტი, რომელიც ყველაზე მასშტაბურად ითვლება ქართული კულტურის ისტორიაში და,

როგორც ექსპედიციის წევრები ამტკიცებენ, უკანასკნელად ორი საუკუნის წინ განხორციელდა. “წმინდა მიწაზე” ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა, ისტორიკოსთა ექსპედიციები სხვა დროსაც ჩატარებულა (მაგალითად, 50-იან წლებში), მაგრამ ჩვენს მეცნიერებს ასე ნაყოფიერად არასდროს უმუშავიათ... და არა მარტო იმიტომ, რომ მათ ამჯერად 40-მდე ტაძრის ქართული ძეგლები აღნუსხეს, ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აქამდე უცნობ ხელნაწერებს მიაგნეს, შევიდნენ ბერძნულ და სომხურ წიგნსაცავებში და იქ ქართულ რელიკვიებსაც მიაგნეს.

ძველი ექსპედიციებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა მეცნიერთა ეს ჯგუფი უახლესი ტექნიკით იყო შეიარაღებული – მოხერხდა ის, რაც ყოველთვის უჭირდათ ქართველ მკვლევრებს – “წმინდა მიწაზე” დაცული ჩვენი სიძველეების ვიდეოფირზე გადატანა. ამ ძეგლების ნაწილი უკვე აღბეჭდილია კინოფირზე, მაგრამ, როგორც ცნობილია, აქამდე გადაღებას არაპროფესიონალები, ძირითადად კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ. ამჯერად კი ექსპედიციის წევრები ქართული სიძველეების სპეციალისტები იყვნენ, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მათ მონაპოვარს. მით უმეტეს, რომ ექსპედიციის საბოლოოდ დასრულების შემდეგ, ამა წლის მარტის მიწურულს, გამოიცემა კატალოგი, რომელიც მეცნიერებს და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურით დაინტერესებულ არაპროფესიონალებსაც, საშუალებას მისცემს უშუალოდ გაეცნოს ყველაფერს, რაც დღემდე ინახება “წმინდა მიწაზე” და პირველ რიგში იმ ძეგლებს, რომელიც სწორედ ამ ახალმა ექსპედიციამ აღმოაჩინა.

როგორც ექსპედიციის წევრი, ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი აღნიშნავს, [ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] “უძველეს მეექვსე საუკუნის ბაზილიკაში სრულიად შემთხვევით ვნახეთ ქართველ პილიგრიმთა მინაწერები. არის სხვა ეკლესიებიც, რომლებიც დღემდე ინახავენ ქართულ წარწერებს და ბევრი რამ ახალი ჩნდება. ვთქვათ, ის პირები, რომლებიც არ ვიცოდით, რომ წმინდა მიწასთან იყვნენ დაკავშირებულნი”.

ექსპედიციის წევრები იმასაც ამბობენ, რომ “წმინდა მიწაზე” მოგზაურობა მხოლოდ დასაწყისია დიდი სამუშაოსი, რომელიც საქართველოში უნდა გაგრძელდეს. ამ მასალის იდენტიფიკაციას ხომ დრო სჭირდება. დრო და ფული. თუმცა, დღეს ამ უკანასკნელის მოპოვება იერუსალიმში ქართული ძეგლების აღმოჩენაზე უფრო ძნელია. გრანტების იმედით მუშაობა კი ნაკლებად რეალურია. ცნობილია, რომ დასავლეთის ფონდები კულტურული მემკვიდრეობის პროგრამებს დიდი ენთუზიაზმით არ აფინანსებენ ხოლმე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG