Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები შეინიშნებოდა.

ქვეყანას კვლავინდებურად უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს, თუმცა ერთგვარად შეიცვალა ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ნუსხა.

საქართველოს ტრადიციულ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2001 წელს, წინა წლებთან შედარებით, გარკვეული ცვლილება აღინიშნა. გასულ პერიოდში ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მუდმივად ლიდერობდა "დიდი სამეული": რუსეთი, თურქეთი და გერმანია. მათთან ერთად საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან: აშშ, იტალია, შვეიცარია, უკრაინა, აზერბაიჯანი, იაპონია და რუმინეთი. ამ ათეულზე მიდიოდა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის 77-80%.

2000 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1,03 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. აქედან იმპორტზე 700 მილიონი დოლარი მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე - 330 მილიონი. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 370 მილიონი დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ მთელი 2000 წლის მანძილზე საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის უცვლელ ლიდერად რუსეთი ითვლებოდა. ცალკეული თვეების მიხედვით მასზე მოდიოდა ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 17-დან 26%-მდე. რაც შეეხება ისეთ სერიოზულ პარტნიორს, როგორიც თურქეთია, იგი ამ პერიოდში ადგილებს იცვლის და ხან მეორე, ხან კი მესამე პოზიციაზეა (ამ ადგილებს თურქეთი გერმანიასთან ინაწილებდა). 2000 წლის ბოლოდან (ნოემბერ-დეკემბრიდან) უკვე თურქეთი ხდება ლიდერი და საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან იმპორტიორად გვევლინება.

საგარეო ვაჭრობის სფეროში რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა 2001 წლის იანვარ-ნოემბერში. სულ, 2001 წლის თერთმეტი თვის მანძილზე, სავაჭრო ბრუნვამ 890 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე მოდიოდა 272 მილიონი, ხოლო იმპორტზე - 616 მილიონი. ამ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდო 343 მილიონი დოლარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა, თავად ოფიციალური სავაჭრო ბრუნვა გამოირჩეოდა ნაკლები აქტივობით.

გასული წლის მანძილზე თურქეთმა განაგრძო თავისი ეკონომიკური ექსპანსია და საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის უცვლელ ლიდერად მოგვევლინა. მასზე მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 17,6%. რაც შეეხება რუსეთს, განვლილი წლის ზოგიერთ თვეში (მაგალითად, თებერვალში) ეს ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშიც ვერ შედიოდა. მხოლოდ ერთხელ, ივნისის თვეში იკავებს იგი პირველი სავაჭრო პარტნიორის ადგილს და მასზე მოდის მთელი სავაჭრო ბრუნვის 16,4%. თუ 2000 წლის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს სავაჭრო კავშირურთიერთობა 120 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2001 წლის 1 დეკემბრისათვის ეს მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 134 მილიონი დოლარი, საიდანაც ექსპორტის წილი 54, ხოლო იმპორტისა - 80 მილიონი დოლარი გახლდათ. მიუხედავად ამისა, რუსეთმა პირველი პოზიცია დაკარგა და მას თურქეთი ჩაენაცვლა.

ჩვენი სამხრეთელი მეზობლის ამგვარი აქტიურობა ძირითადად თურქეთის საფინანსო ბაზარზე მომხდარი კრიზისით აიხსნება, რის გამოც ადგილობრივი პროდუქცია გაიაფდა, ამან კი, თავის მხრივ, ხელი შეუწყო თურქული პროდუქციის საქართველოში ექსპორტის გაზრდას.
XS
SM
MD
LG