Accessibility links

logo-print

50-იანი წლების დასაწყისში იტალიელ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა


50-იანი წლების დასაწყისში იტალიელ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა,

ჯულიო ანდრეოტიმ ღია წერილი გაუგზავნა კინორეჟისორ ვიტორიო დე სიკას და დრამატურგ ჩეზარე ძავატინის - “რატომ გამოფინეთ ბინძური იტალიური თეთრეული მთელი მსოფლიოს თვალწინ”. ანდრეოტის მხედველობაში ჰქონდა დე სიკასა და ძავატინის ფილმი “სასწაული მილანში” – კინოფეერია, სატირული ზღაპარი იტალიელ ღარიბ-ღატაკთა ცხოვრების თემაზე, ნეორეალიზმის შედევრი, რომელიც დღესაც ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ფილმად ითვლება. სულ მალე მსოფლიო ამ სურათის სცენარის ავტორის, ჩეზარე ძავატინის 100 წლის იუბილეს იზეიმებს. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის" წამყვანი, გიორგი გვახარია სწორედ ძავატინის შემოქმედებას გაიხსენებს და შეეცდება, გაარკვიოს რატომ არის აქტუალური დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის 50 წლის წინათ გადაღებული “სასწაული მილანში”.

“ზღაპარი ბავშვებისთვის, რომელიც შეიძლება უფროსებმაც წაიკითხონ”, - ასეთი შესავალი გაუკეთა ჩეზარე ძავატინიმ თავის ნაწარმოებს “კეთილი ტოტო”, რომელიც იტალიაში დღეს სასკოლო პროგრამებშია ჩართული, როგორც “აუცილებელი საკითხავი”. ეს თანამედროვე ზღაპარი ორას ენაზე ითარგმნა. 1951 წელს კი გადაკეთდა კინოსცენარად და დაერქვა “ღარიბები ხელს გვიშლიან”. ჩეზარე ძავატინიმ სცენარი თავის მეგობარს, ვიტორიო დე სიკას ანდო, რეჟისორს, რომელმაც ძავატინი დრამატურგი მთელ მსოფლიოს გააცნო ფილმით “ველოსიპედების გამტაცებლები”. ეკრანიზაციის პროცესში “კეთილ ტოტოს” კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და “სასწაული მილანში” დაერქვა. ლიტერატურულ პირველწყაროში აღწერილი მოგონილი ქალაქი “ბამბე” რეალურ მილანად გადაკეთდა. რაც არავის გაკვირვებია – ყველაფერი დადგმული და გამოგონილი ნეორეალისტებს ხომ ჭირივით სძულდათ. ის კი არა, ნეორეალიზმისთვის სრულიად უცხო იყო ამ ფილმის ჟანრიც – სატირული ზღაპარი. უცხო უნდა ყოფილიყო ფილმის მთავარი გმირიც – კეთილი ტოტო, რომელსაც ბებიამ ბავშვობაში ჯადოქრობა, “კეთილი ჯადოქრობა” ასწავლა; ტოტოს შეუძლია ყველანაირ მდგომარეობაში მიაგნოს გამოსავალს, ჯოჯოხეთი სამოთხედ გადააქციოს და ადამიანებს, თუკი მათ ეს დაიმსახურეს, ფრენაც კი ასწავლოს. ძავატინისა და დე სიკას ფილმში იგი ეხმარება ღარიბ-ღატაკებს, რომლებიც მდიდარმა მობიმ საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა მას შემდეგ, რაც მილანის გარეუბანში, სადაც მათხოვრებსა და მაწანწალებს უხდებოდათ ცხოვრება, ნავთობმა ამოხეთქა. ისინი ცდილობენ დაიცვან თავიანთი “ქოხები”, ბარაკები. მობი – პოლიციასთანაა შეკრული, შეიარაღებული ხალხი მოჰყავს, ზარბაზნებს უმიზნებს ურჩ “სუბპროლეტარიატს”. მაგრამ მარცხდება – გამოჩნდება კეთილი ტოტო, რომელიც ტყვიას – “სიმღერად” აქცევს, ჩაგრულებსა და ღატაკებს ცოცხებზე შესვამს და სიმღერ-სიმღერით ღრუბლებში გააფრენს – უფრო სწორად, არა ღრუბლებში, არამედ “კეთილ ქვეყანაში”, სადაც მილანელი ლუმპენების თქმითб სიტყვა “გამარჯობა” მართლაც “გამარჯობას” ნიშნავს.

[მუსიკალური ფრაგმენტი ფილმიდან “სასწაული მილანში”]

ფილმის პრემიერის შემდეგ ძავატინისა და დე სიკას ყოველი მხრიდან შეუტიეს. ნეორეალისტებმა ფილმის ბედნიერი დასასრული შეაფასეს, როგორც კომპრომისი. მათი აზრით, “ველოსიპედების გამტაცებლების” ავტორებმა, რომლებმაც თავის დროზე სოციალური ტრაგედიის ბრწყინვალე ნიმუშები შექმნეს, ამჯერად ანარქიას დაუჭირეს მხარი. მემარცხენეებმა “სასწაული მილანში” შეაფასეს, როგორც “ქრისტიანულ-კათოლიკური ბოდვა”, ქრისტიან-დემოკრატებმა ძავატინი კომუნისტ, უფრო მეტიც, საბჭოთა იდეოლოგად მონათლეს და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ “ქვეყანა-სამოთხე”, სადაც ფილმის გმირები მიფრინავენб “საბჭოთა კავშირია, და მეტი არაფერი”.

არადა “სასწაული მილანში” ყველაზე მეტად სწორედ საბჭოთა კავშირში არ მოეწონათ. ერთ-ერთი რეცენზენტის აზრით, “ძავატინი და დე სიკა უარყოფენ კლასთა ბრძოლის მნიშვნელობას და ბურჟუაზიის კრიტიკას უტოპიური სოციალიზმის პოზიციებიდან ცდილობენ”. მოგვიანებით, როცა ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია “შერეკილებს” გადაიღებს და, ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარებს, რომ ფილმის გადაღებისას ძავატინისა და დე სიკას შედევრით იყო შთაგონებული, საბჭოთა ცენზორებიც არ დამალავენ შეშფოთებას, ამჯერად “შერეკილების” ფინალის გამო – “სად მიფრინავენ ერთაოზი და ქრისტეფორე – დასავლეთში?”

ნებისმიერი პარაბოლა თავის თავში მოიცავს წინააღმდეგობებს. შექმნეს რა კინოპარაბოლა, დე სიკა და ძავატინი, როგორც ჩანს, ელოდნენ ფილმის განსხვავებულ ინტერპრეტაციას და ისიც კარგად იცოდნენ, რომ “სასწაული მილანში” კიდევ დიდხანს გააღიზიანებდა “ძლიერთ ამა ქვეყნისა’. დღეს იტალიური ნეორეალიზმის ეს შედევრი საქართველოს კინოთეატრებში რომ უჩვენონ, დე სიკასა და ძავატინის ფილმის გმირში, ფუნჩულა მობიში, მაყურებელი აუცილებლად იცნობს კორუმპირებულ ქართველ მოხელეებს, რომლებიც ქვეყანას დაჯავშნული მინის მიღმიდან უცქერენ. თავად ეს მოხელეები და მათ მიერ დაქირავებული ჟურნალისტები დე სიკასა და ძავატინის “ბოლშევიზმში’, თუ “ნეობოლშევიზმში” დაადანაშაულებენ. “სასწაული მილანში” ყოველთვის აქტუალური იქნება იმ საზოგადოებაში, სადაც უფსკრულია, სადაც ითვლება, ისევ ძავატინის სცენარის სახელწოდებას თუ გავიხსენებთ, რომ “ღარიბები ხელს გვიშლიან”.

მაგრამ ჩეზარე ძავატინის დაბადების ას წლისთავზე „სასწაული მილანში” განვითარებული ქვეყნების მაყურებელსაც აუჩუყებს გულს. სოციალურად დაუცველი ადამიანების კომუნები ხომ დღესაც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია. და დღესაც არ არსებობს ამ ადამინებთან ურთიერთობის რეცეპტი, მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია კარგა ხანია ცდილობს გადაჭრას ეგრეთ წოდებული “სუბპროლეტარიატის” პრობლემა. ამ ადამიანებისთვის აშენებენ სპეციალურ დაწესებულებებს, გალავანშემორტყმულ ინტერნატებს, აგროვებენ შემოწირულობას, მაგრამ დამნაშავეები ისევ ამ კომუნებში იბადებიან. ამგვარი დაწესებულებები საქართველოშიც შენდება. თუმცა ძეგვის ბავშვთა სახლის მესვეურის, ხელოვნებათმცოდნე დათა კიზირიას აზრით, გარე სამყაროსგან “სუბპროლეტარიატის” იზოლაცია, მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს არასრულფასოვნების კომპლექსს ამ ადამიანებში. [დათა კიზირიას ხმა] ის, რაც ყველა ადამიანს აკლია, ეს არის სითბო, ეს არის დიდი სიყვარული, და ეს გალავანშემორტყმული სივრცეები ვერ იძლევიან სითბოს და ვერ მისცემს სიყვარულს იმიტომ, რომ მხოლოდ გახსნილ ადამიანს შეუძლია მიიღოს სიყვარული, იგი უნდა იყოს თავისუფალი, მიმღები სიყვარულისა, და თუ ის თუნდაც ლამაზ და ოქროს გალიაშია, იგი მაინც გალიაშია, მისი აქტიურობა ნულამდეა დაყვანილი და ის უკვე შეზღუდულია როგორც პიროვნება.”

გახსნილი სივრცე სწორედ ის განზომილებაა, სადაც “შეჰყავთ” თავიანთი გმირები ჩეზარე ძავატინისა და დე სიკას. ისინი აქ გუნდ-გუნდად, მერცხლებივით მიფრინავენ. მაყურებელმა კი კარგად იცის, რომ ასეთი სივრცე არ არსებობს, იცის, რომ არ არსებობს სამოთხე დედამიწაზე – არც განვითარებულ, და არც ჩამორჩენილ ქვეყნებში... ოპტიმისტური ინტონაციის გამძაფრება, ოპტიმიზმის გადაქცევა აბსურდად, გვაფიქრებინებს, რომ “სასწაული მილანში” უაღრესად პესიმისტური ფილმია. შესაძლებელია კიდევ უფრო ტრაგიკული, ვიდრე “ველოსიპედების გამტაცებლები”. როცა ფილმის ერთი გმირი, გამხდარი, გაძვალტყავებული მოხუცი მიწას მოწყდება მას შემდეგ, რაც ხელში ბუშტებს დაიჭერს, მერე კი, როცა პურის ნაჭერს ჩაუდებენ პირში, ისევ ძირს დაიწევს, მაყურებელი ხარხარს იწყებს, თუმცა იმასაც ხვდება, რაოდენ სევდიანია დე სიკასა და ძავატინის იუმორი. ჩეზარე ძავატინიმ თავისებურად უპასუხა ნეორეალიზმის ოპონენტებს, რომლებიც ჩიოდნენ “გვეყოფა ამდენი ტრაგედია, ამდენი სევდიანი ფილმი ღარიბ-ღატაკებზეო”. ძავატინიმ და დე სიკამ “მხიარული” ფილმი გადაიღეს და ამ მხიარულებაში, ამ სიცილ-ხარხარში მთელ მსოფლიოს უთხრეს ის, რის თქმასაც სხვები ვერ ბედავდნენ – ანდრეოტები და მობები არასდროს მოკვდებიან. მოსკოვშიც იქნებიან და დასავლეთშიც. არ იქნებიან მხოლოდ ცაში, სადაც მიფრინავენ მხოლოდ “მსუბუქები”, მიფრინავს ის, ვისაც არაფერი აქვს ამ ქვეყანაზე.
XS
SM
MD
LG