Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვლენას, რომლის შესახებაც გიამბობთ, ვერ მოვაქცევთ დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ჩვეულებრივი


მოვლენას, რომლის შესახებაც გიამბობთ, ვერ მოვაქცევთ დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ჩვეულებრივი მიმოხილვის ფარგლებში,

ვერც ახლადგამოცემული ქართული წიგნების მიმოხილვაში, რადგან თანამედროვეობის უდიდესი მწერლის, გივი მარგველაშვილის "მუცალის" ქართული თარგმანი, რომელიც ახლახან დაბეჭდა გამომცემლობა "დიოგენემ" და რომლის პრეზენტაცია გოეთეს ინსტიტუტმა მოაწყო, უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი კულტურული მოვლენა. გივი მარგველაშვილი კი ნამდვილად არის თანამედროვეობის უდიდესი მწერალი და ამ თვალსაზრისით დღევანდელ საქართველოში კოლეგები მას ნამდვილად ვერ გაუწევენ კონკურენციას. როგორც ამ წიგნის პრეზენტაციაზე მწერალმა ნაირა გელაშვილმა აღნიშნა: [ნაირა გელაშვილის ხმა] "გერმანია ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც მივეცით გერმანიას უდიდესი მწერალი გივი მარგველაშვილის სახით, რომელიც რომ არ ყოფილიყო ქართველი, და ვთქვათ, ყოფილიყო პოლონელი, რომ არ ჰქონოდა ქართული გვარი, გაცილებით უფრო მაღალ ადგილს დაუკავებდა ევროპული მაშტაბის მოაზროვნეებსა და მწერლებს შორის, ვიდრე მას უკავია ეხლა, იმიტომ, რომ ისევე როგორც მისი სამშობლო, თვითონაც არის დაგვიანებული. ეს არის მისი სამშობლოს ბედისწერა, რომელმაც განსაზღვრა მისი ოჯახის ტრაგედია და განსაზღვრა გივი მარგველაშვილის ბედიც, რომ იგი დაგვიანებით მივიდა თავის მკითხველთან"

გივი მარგველაშვილის ბედი კი მართლაც ტრაგიკულია. იგი 1927 წელს დაიბადა ბერლინში, ქართველი ემიგრანტის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის, ტიტე მარგველაშვილის ოჯახში. ომის დამთავრებისთანავე გივი მარგველაშვილი მამასთან ერთად გაიტყუეს ბერლინის საბჭოთა სექტორში. მამა - დახვრიტეს, 19 წლის გივი მარგველაშვილი კი მაშინათვე დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ყოფილ ნაცისტურ ბანაკში მარგველაშვილმა ორი წელი დაჰყო. ამის შემდეგ იგი თბილისში გადმოიყვანეს. ქართული მან არ იცოდა. იცოდა მხოლოდ ევროპული ენები იმ გიმნაზიის წყალობით, სადაც ბერლინში სწავლობდა. ნაირა გელაშვილის თქმით: [ნაირა გელაშვილის ხმა] "ასე აღმოჩნდა სწორედ კასპარ ჰაუზერი მისთვის სრულიად უცნობ სამშობლოში, უცნობ სინამდვილეში, ძალიან საშიშ სინამდვილეში, რომელიც მას უნდა შეეთვისებინა, გაეგო და შეესწავლა... და ამ დღიდან გივი მარგველაშვილის ცხოვრებას განსაკუთრებული ზრუნვით ადევნებდა თვალს თბილისის საზოგადოების ყველაზე გამორჩეული ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც იყო და არის მატარებელი სულიერების, კულტურისა და ჰუმანიზმისა და სწორედ ასეთი ადამიანების თანადგომამ გადაარჩინა გივი მარგველაშვილი შემდეგი რეპრესიების ტალღას, როდესაც ომის შემდეგ დაიწყო ხალხის გასახლება შუა აზიაში"

ადამიანთა თანადგომის წყალობით გივი მარგველაშვილმა უცხო ენების ინსტიტუტში სამსახური იშოვა - გერმანულსა და ინგლისურს ასწავლიდა, 1971 წლიდან კი ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი და მწერალი, გივი მარგველაშვილი ბერლინში დაბრუნდა. მარგველაშვილის მეგობრები ამბობენ, რომ კომუნისტური სისტემის ნგრევამდე მას არ ჰქონდა თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნების იმედი. მაგრამ ეს მაინც მოხდა - გივი მარგველაშვილის ნაშრომები არა მარტო გერმანიაში, საქართველოშიც დაიბეჭდა. "კავკასიურმა სახლმა" ხუთ ტომად გამოსცა მისი თხზულებების კრებული, თენგიზ კარბელაშვილმა რუსულად თარგმნა მარგველაშვილის ლექსები. თუმცა ყველაზე რთული მაინც გივი მარგველაშვილის პროზის ქართული თარგმნა აღმოჩნდა. გერმანული ენის სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი ენა, მთლიანად აგებული სიტყვების თამაშზე, თარგმანს, სხვა ენაზე ინტერპრეტაციას ძნელად ემორჩილება. ბოლოს და ბოლოს რისკზე წავიდა ახალგაზრდა მთარგმნელი მაია ბადრიძე და გამომცემლობა "დიოგენე". ქართულად გამოიცა გივი მარგველაშვილის ახალი ნაწარმოები "მუცალი", წიგნი, რომელიც, სწორედ ლიტერატურას, სიტყვას, წიგნს მიეძღვნა - გივი მარგველაშვილმა შექმნა ტექსტი ტექსტში, ოღონდ არა რუსული "მატრიოშკას" პრინციპით, რომელსაც ასე ეტრფიან თანამედროვე პოსტმოდერნისტები. "მუცალის" პირველივე ფრაზა "მე წიგნის პერსონაჟი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვცხოვრობ და მხოლოდ წიგნის ორ ყდას შორის გამომწყვდეულს შემიძლია არსებობა" იმის მანიშნებელია, რომ გივი მარგველაშვილისთვის ლიტერატურა - თავშესაქცევი არ არის, არ არის ციტატებისა და უკვე არსებული ლიტერატურული სახეების "ატრაქციონი"... შემოქმედება - მისთვის ისევ ტანჯვაა, ისევ ტკივილია. ამიტომაცაა წიგნში ამდენი სევდა, თუნდაც ამ ფრაგმენტში : "ჩემს სიკვდილს მუდამ მხოლოდ ის პერსონაჟი დასტირის, რომელიც მკლავს. მისი დაგვიანებული, თემატური სინანულის ცრემლები და სიტყვები ვერაფერი ნუგეშია. თუ ფაქტებს დავეყრდნობით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მკითხველი ჩემს მიმართ სრულიად გულგრილია" და შემდეგ ასკვნის "რეალურ პირთა უმრავლესობა ისევ უძლურია საკუთარი ცხოვრების მიმართ, როგორც ჩვენ ჩვენივე წიგნების მიმართ"

თუმცა ამ სევდიანი პათოსის მიუხედავად, "მუცალის" პრეზენტაციაზე გივი მარგველაშვილი უაღრესად ბედნიერი ჩანდა. შესაძლებელია იმიტომ, რომ აქ, გოეთეს ინსტიტუტში იმ დღეს თავი მოიყარეს მისმა თანამოაზრეებმა, მათ შორის იმ ადამიანებმა, ვინც მას თავის დროზე დახმარების ხელი გაუწოდა. ამიტომაც ასე მოკლედ, ასე სხარტად და იუმორით აგვიხსნა მწერალმა, თუ რაზეა მისი ახალი წიგნი "მუცალი".
[გივი მარგველაშვილის ხმა] "რაზეა ეს წიგნი ეხლავე გეტყვით - ხევსურეთი დაიპყრეს თხის მწყემსებმა, ხევსურეთში შემოვიდა თხის თემა, ისე ხევსურეთში არის ცხვარი, ცხვარი ქრისტიანობის სიმბოლოა და რაშია საქმე? ამ საზარელმა ამბავმა შეყარა ერთად ეს მუცალი, ეს ალუდა ქეთელაური და სხვები და დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ დააღწიონ თავი ამ წაბილწურ თემს... თემას. ჩემთვის "თემი" და "თემა" ერთიდაიგივეა. ამაზეა ეს წიგნი".

"თემა" და "თემი" ჩემთვის ერთი და იგივეაო, ამბობს გივი მარგველაშვილი, და არც ესაა პოსტმოდერნისტებისთვის დამახასიათებელი კეკლუცობა სიტყვით. "თემა" ისევე ზღუდავს შემომქმედს, როგორც თემი. აქედან ჩნდება, ალბათ, წიგნში სახე ბარათაშვილის "მერანისა", რომელსაც გივი მარგველაშვილის ნაწარმოებში შეიძლება ითქვას "შეერწყმება" რომანის გმირი, გივი მარგველაშვილის მიერ გაცოცხლებული მუცალი. "მერანის" დამორჩილებას ვაჟა ფშაველას გმირი დიდი წვალებით შეძლებს, მერე კი, "მერანზე" ამხედრებული შატილისკენ გაიქროლებს, სადაც ისევ ალუდა ქეთელაური დახვდება, იარაღით ხელში. სრულდება ერთი ციკლი, რომლის არსს გივი მარგველაშვილი რომანის ფინალში განმარტავს - "რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიაზროთ თანმიმდევრულად ის წინაამდეგობა, რომელიც წიგნის სამყაროში ჩვენს ციკლურ დავიწყებასა და რეალური თავის ცნობიერების ნაკადში ჩვენი, როგორც წიგნის სამყაროს ადამიანის მარად ხსოვნაში მდგომარეობს?" - კითხულობს გივი მარგველაშვილი და თავის თავს პასუხობს: "ეს კითხვა მაშინვე ამოვიგდე თავიდან. რეალური თავის მეცნიერულ პრობლემაზე საფიქრელად ჯერ არ მეცალა"

და, საეჭვოა ამ დამქანცველი და არც თუ ისე ეფექტური პროცესისთვის ოდესმე მოიცალოს. საეჭვოა მოიცალოს მწერალმა, რომელიც თავის რომანს ფრანგი ფილოსოფოსის, ჟილ დელიოზის სიტყვებით იწყებს: "ნუ დასვამთ წერტილებს, სჯობს ხაზები გაავლოთ!". გივი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გაქცევა საზოგადოებიდან, ანუ საკუთარი თემიდან - სწორედ წერტილის დასმაზე უარის თქმა და საკუთარი ცხოვრების ხაზის გავლებაა. ეს არის იმ საზოგადოებიდან გაქცევა, სადაც არ ესმით მოკლული ქისტის მიმართ ქეთელაურის მოწიწება და ის სინანული, რომელსაც იგი მომხდარის გამო განიცდის.

რომანის გმირის გაქცევა თავად გივი მარგველაშვილის ბიოგრაფიას ჰგავს. იგი ვერაფერს შექმნიდა, თავისი ზოგიერთი ქართველი კოლეგის მსგავსად, რომელიმე თემის, რომელიმე ჯგუფის, თუ მწერალთა კავშირის წევრი რომ გამხდარიყო. ამიტომაც ებრძოდნენ მას ამავე კავშირის "ლიტერატურული" ორგანოდან - ტრადიციულად, საქართველოში ყოველთვის ეჭვით უყურებდნენ ადამიანებს, რომლებიც "თემის კანონებს" არ ემორჩილებოდნენ. ასეთ ადამიანებს ათასგვარ სისაძაგლეს აბრალებდა ის, ვინც "ადვილად სვამდა წერტილებს" და მოძრავი, მერანივით დაუმორჩილებელი ხაზის ეშინოდა. ეშინოდა სიცოცხლის. ასეთი ადამიანები დღესაც განაგებენ ქართულ კულტურას და დედაქალაქის კულტურულ აფიშასაც სწორედ ისინი ქმნიან. ამიტომაც არ შეიძლებოდა გივი მარგველაშვილის წიგნზე საუბარი თანამედროვე ქართული კულტურის კონტექსტში. წიგნის მაღაზიებში "მუცალი" ცაკლე თაროზე უნდა იდოს. თუკი, რა თქმა უნდა, გამომცემლობა "დიოგენეს" ეს საჩუქარი კიდევ დარჩა რომელიმე მაღაზიის დახლზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG