Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურება რუსეთსა და საქართველოს შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 14 თებერვალი რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით უდავოდ გამორჩეული აღმოჩნდა.

14 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა რუსეთის უწყებათშორისო ჯგუფი, რომელიც საქართველოში მყოფი ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საკითხს შეისწავლის. 14 თებერვალსვე მოსკოვში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თავის რუს კოლეგასთან რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტს განიხილავს.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისო ჯგუფი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე იური ბრაჟნიკოვი ხელმძღვანელობს, თბილისში სამ დღეს დაჰყოფს. ამ სამი დღის მანძილზე ნავარაუდევია იმ ჩეჩენი დევნილების სიის შედგენა, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დაბრუნებულები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით. ამის გარდა, დევნილებს დაეხმარებიან დანგრეული სახლების აღდგენაშიც. რუსული მხარის გაანგარიშებით, ის მზად არის მიიღოს და დააბინავოს 7 ათასი დევნილი.

საქართველოს და რუსეთის ხელისუფალთა განცხადებებს თუ გავიხსენებთ, პანკისის ხეობაში ჩასახლებული ჩეჩნეთიდან დევნილების სამშობლოში დაბრუნება ნებაყოფლობითი იქნება. ამავე დროს, თავად დევნილთა განცხადებით, ისინი მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში დაბრუნდებიან შინ.

ამ მოთხოვნის საფუძვლიანობა უეჭველია. პანკისელი დევნილები სწორედ დაბომბვებს და საფილტრაციო ბანაკებში მოხვედრის შესაძლებლობას გამოექცნენ ჩეჩნეთიდან. თუნდაც ბოლო დღეებში ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენები მოწმობს, რომ, ჯერჯერობით, იქ სიმშვიდესა და უსაფრთხო გარემოზე საუბარი ძალიან ნაადრევია. ჩეჩნეთში ისევ იღუპებიან რუსი ჯარისკაცები და ადგილობრივი მოსახლეობა, ისევ ეწყობა ტერაქტები და ა.შ. და ა.შ. შესაბამისად, საეჭვოა, ასეთ ფონზე აღმოჩნდნენ დევნილები, ვინც საკუთარი ნებით სამშობლოში დაბრუნებას მოინდომებს. გარდა ამისა, გაუგებარია სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიის შედგენის მექანიზმიც. საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადების შემდეგ, რომ იგი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს რუსეთის დელეგაციის წევრთა პანკისში ჩასვლის უსაფრთხოებაზე, გაუგებარია, როგორ მოახერხებს რუსეთის მხარე დევნილთა დარწმუნებას დაბრუნების სასარგებლოდ. გულახდილად რომ ითქვას, ისიც გაუგებარია, რატომ გაახსენდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საკუთარი მოქალაქეები მხოლოდ ახლა. შეგახსენებთ, დევნილები პანკისის ხეობას თავს 1999 წლიდან აფარებენ და აქამდე რუსეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვისაც არ მიუმართავს თხოვნით, დევნილებისთვის ელემენტარული დახმარების აღმოსაჩენად. ფაქტია ისიც, რომ დევნილთა სამშობლოში დაბრუნებით უფრო საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან კრიმინალურ მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ, პანკისში სოციალური მდგომარეობაც სულ უფრო და უფრო ფეთქებად საშიშ ხასიათს იღებს. ანუ, ჩეჩენი დევნილების საკითხში რაღაც სიცხადის შეტანით ორივე მხარე დაინტერესებულია.
XS
SM
MD
LG