Accessibility links

logo-print

გიგა მახარაძე ციხიდან ვადის გასვლამდე გაათავისუფლეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შემდეგ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პრესის ეთიკის პრობლემამ.

თითქმის არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა იმ პუბლიკაციებმა, რომლებიც უშიშროების საბჭოს მდივნის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. რამდენად მძიმეა პრესის “პრესის” ქვეშ აღმოჩენა, კარგად იცის დიპლომატმა გიგა მახარაძემაც, რომელმაც ამ 5 წლის წინათ ამერიკული პრესის დაუნდობლობა საკუთარ თავზე გამოსცადა.

1997 წლის საახალწლო დღეებში ამერიკულ და ქართულ პრესაში გამორჩეული ინტერესით სარგებლობდა ქართველ დიპლომატ გიგა მახარაძის სახელთან დაკავშირებული სკანდალი. შეგახსენებთ, 1997 წლის 3 იანვარს ვაშინგტონში, ავტოსაგზაო შემთხვევისას, გიგა მახარაძემ 16 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტრაგიკული მოვლენისადმი ქართული და ამერიკული პრესის დამოკიდებულება ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. თუ ამერიკელი ჟურნალისტები დიპლომატიური ხელშეუხებლობით აღჭურვილი ადამიანების დაუსჯელობის სინდრომზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ქართველი ჟურნალისტები, პირიქით, აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველ დიპლომატს იმუნიტეტი მოეხსნა.

ასეა თუ ისე, გიგა მახარაძემ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ამერიკელი ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ყოფნა. მაშინ, 1997 წელს, ამერიკელი ჟურნალისტები არა მხოლოდ გარდაცვლილი გოგონას ცხოვრების ამბავს აცნობდნენ მკითხველს, არამედ ოპერატიულად აშუქებდნენ ყველა იმ საპროტესტო აქციას, რომელიც ქართველი დიპლომატის მკაცრად დასჯის მოთხოვნას ეხებოდა.

შეერთებული შტატების სასამართლომ გიგა მახარაძეს 7-დან 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯა. მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე წელი ამერიკულ ციხეში დაჰყო, გიგა მახარაძე ექსტრადირებულ იქნა თბილისში, სადაც უზენაესმა სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელს იგი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იხდიდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოათავსეს. იგი მაქსიმალურად გაურბოდა ჟურნალისტებთან შეხვედრებს, რამდენჯერმე უარი თქვა შეწყალების თხოვნით ხელისუფლებისთვის მიმართვაზე. ის იშვიათი მნახველები, ვინც გიგა მახარაძე ციხის საავადმყოფოში მოინახულა, ამბობდნენ, რომ იგი მძიმედ განიცდის მომხდარს, რამაც გარკვეული დაღი დაასვა მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი.

სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, გიგა მახარაძის ვადამდე გათავისუფლების თხოვნით სასამართლოს მიმართეს პარლამენტარებმა, სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა და პატიმრის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

27 თებერვალს, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამართულ გამსვლელ სხდომაზე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა სონღულაშვილმა დააკმაყოფილა ვადამდე გათავისუფლების თხოვნა და გიგა მახარაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. ყოფილი დიპლომატის მომავალი ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. ერთი ფაქტია: მომხდარის გამო სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას იგი ვერ შეძლებს. თუმცა, გამორიცხული არ არის, ეს არც შედიოდეს გიგა მახარაძის სამომავლო გეგმებში.
XS
SM
MD
LG