Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დსთ-ს სამიტის მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იქნება


საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გაამწვავა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც იგი საქართველოს ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარება.

დაძაბულობა დაემთხვა ყაზახეთის დედაქალაქ ალმა-ატაში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა არაოფიციალურ სამიტს. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ სამიტის მთავარი თემა სწორედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იქნება.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა არაოფიციალური სამიტის მონაწილენი 28 თებერვალს ალმა-ატაში შეიკრიბნენ, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თავის კოლეგებს არაოფიციალური ვახშმით გაუმასპინძლდა. მას არ ესწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ალიევი ალმა-ატის სამიტზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩავიდა, შევარდნაძემ კი ვახშამზე თბილისში შეყოვნების გამო დაიგვიანა.

სამიტი 1 მარტს სათხილამურო ბაზა „ჩიმბულაქში" გაიხსნება, სადაც პრეზიდენტები 2 საათის მანძილზე იმ თემებზე იმსჯელებენ, რომლებიც დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს აწუხებთ. სწორედ ამ შეხვედრაზე იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრივატული მოლაპარაკებები ყაზახეთის, მოლდავეთის, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებთან.

არაოფიციალური სამიტის დღისწესრიგი არ არსებობს, თუმცა დსთ-ს მეთაურთა შეხვედრის ორგანიზებისას ექსპერტებმა ოთხი ძირითადი თემა გამოკვეთეს. ესენია: ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია, მისი გავლენა დსთ-ს შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და, განსაკუთრებით, სამხრეთის საზღვრებზე. ასევე, ნარკობიზნესთან ბრძოლის საკითხები, თანამშრომლობა სათბობ-ენერგეტიკის სფეროში და დსთ-ს სივრცეში მიგრაციის პრობლემები.

თუმცა უმთავრესი მაინც იქნება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გარკვევა, რაც სამიტის პირველი საკითხის გასაღებსაც წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პრიხოდკოს, განცხადებით, ვლადიმერ პუტინი აპირებს, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს პანკისის ხეობაში შექმნილი სიტუაციის შესახებ. ამავე კონტექსტში განხილული იქნება ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც.

ცხადია, რომ მსჯელობის საგანი იქნება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შესაძლებლობაც. რუსეთს ეს ისე აღიზიანებს, რომ მოსკოვი ბოლო დღეების მანძილზე აქტიურ ანტიქართულ საინფორმაციო კამპანიას ეწევა. მისი ავტორები თბილისს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სუვერენიტეტის აღიარებით ემუქრებიან. ამ მუქარებს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ალმა-ატაში გამგზავრების წინ პრესისთვის გაკეთებული განცხადებით უპასუხა გააკეთა, რომელიც რუსეთის მიმართ საქართველოს პოზიციას ნათლად გამოხატავს.

[შევარდნაძის ხმა] „ამერიკის შეერთებული შტატები ეს მართლაც ზე სახელმწიფოა და მასთან პარტნიორობა საქართველოსთვის საკმაოდ კარგი ფარია. ისეთ ქვეყანას როგორიც არის საქართველო სჭირდება ასეთი ფარი, ასეთი მეგობარი."

შევარდნაძის ამ განცხადებას თუ რას დაუპირისპირებს მისი რუსი კოლეგა 1 მარტის სამიტის შემდეგ გახდება ცნობილი. სამიტზე რაიმე ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერა არ იგეგმება, თუმცა ამ შეხვედრის დროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეთაურებს შორის მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალი პოლიტიკური კურსის განსაზღვრაზე.
XS
SM
MD
LG