Accessibility links

logo-print

მამათა და შვილთა ურთიერთობების პრობლემა საქართველოში


4 მარტს რამდენიმე ქართულმა გაზეთმა, ერთდროულად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, შვილის მიმართვა გამოაქვეყნა. როგორც მიმართვის შინაარსიდან ირკვევა,

კახაბერ შარტავას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკია, ამ ეპისტოლეს შექმნის იდეა "მამათა და შვილთა" დაპირისპირებულობის პრობლემამ და, ამ თვალსაზრისით, საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ უკარნახა. თუმცა, გაბატონებული ტენდენციისგან განსხვავებით, მიმართვას არა აქვს მამხილებელი პათოსი და "შვილების" ბანაკის იმ ფრთის განწყობას გამოხატავს, რომელიც გადამწყვეტ მომენტში წინა თაობას ყოველთვის ნდობას უცხადებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე, როდესაც "მამათა და შვილთა" ბანაკებს შორის დაპირისპირებამ საშიშ ზღვარს მიაღწია, საქართველოს სტუდენტობის ერთმა ნაწილმა ღია წერილით მიმართა ქართულ ინტელიგენციას. წერილში, რომლის ავტორთა დიდ ნაწილი ამჟამად უკვე თავად წარმოადგენს "მამების" ბანაკს, სტუდენტები მოუწოდებდნენ უფროსი თაობის ღვაწლმოსილ პიროვნებებს, გაეთვალისწინებინათ მოახლოებული პოლიტიკური კატაკლიზმების შესაძლო სავალალო შედეგები და, ბალტიის ქვეყნების მაგალითზე, პირადად ეტვირთათ პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი ამ პასუხისმგებლობისთვის მაშინ მზად არ აღმოჩნდა, ზოგიერთმა კი, წერილის მამხილებელი პათოსის გამო, ახალგაზრდების ეს განზრახვა, უბრალოდ, უმადურობად მონათლა.

ანალოგიური ტენდენცია გამოსჭვივის კახაბერ შარტავას წერილიდანაც, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის ვაჟი “მამათა” თაობას ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას შეახსენებს. "დღეს სწორედ თქვენმა თაობამ, ასეთი გამოცდილების, ბიოგრაფიისა და ბედის თაობამ, თუ მასში ჯანსაღმა შემართებამ და თავდავიწყების სულისკვეთებამ იმძლავრა, უნდა იტვირთოს მცდელობა, საკუთარი თავის ამ მომაკვდინებელი, უსახელმწიფო, უქვეყნო ჭაობიდან ამოყვანისა, ჭაობისა, რომელზეც ვერაფერი საიმედო ვერ აშენდება, არაფერი გაიხარებს."

თუმცა ჩვენთან საუბარში კახა შარტავას არ დაუმალავს, რომ “ შვილების” იმ ბანაკის წარმომადგენელია, რომელიც მიიჩნევს, რომ ” მამათა” თაობას ჯერ კიდევ არ ამოუწურავს ნდობის მანდატი და დაუშვებლად მიიჩნევს "ესტაფეტის, ანუ სახელმწიფო მართვის სადავეების, მოუმზადებლად ახალგაზრდობისთვის გადაბარებას".
[კახა შარტავას ხმა] "ესტაფეტების გადაცემა და ყველას თავ- თავის ადგილზე დგომა ეს ძალიან ცოტაა. დღეს ის დროა, როცა თაობები ერთმანეთისკენ სახით უნდა შემობრუნდნენ, თვალებში ჩახედონ ერთმანეთს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ერთმანეთის ცუდი და კარგი უკეთ დაინახონ."

კახა შარტავას თქმით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მას წერილის დაწერის იდეა უკარნახა. ესაა იმ სასოწარკვეთისა და უიმედობის განწყობა, რამაც ორივე თაობის წარმომადგენელთა საქციელში ბოლო ხანს მყარად დაისადგურა.
[კახა შარტავას ხმა] "რა თქმა უნდა, ეს მათი მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს და არა მხოლოდ ჩემი ახალგაზრდული დარდისგან და განცდისგან. ერთი და იგივე განცდაა ჩვენ შორის და მინდა, რომ ეს განცდა შემოქმედებით ძალად გადაიქცეს და ჩამოყალიბდეს როგორმე".

მიუხედავად ავტორის მოკრძალებული ჩანაფიქრისა, წერილი 4 მარტს რამდენიმე გაზეთში ერთდროულად დაიბეჭდა და იგი ახალგაზრდობის ერთი ნაწილის ერთგვარ მანიფესტადაც იქცა. თუმცა, გაიზიარებს თუ არა საქართველოს ეროვნული გმირის შვილის კეთილშობილურ მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი მამებისა და ბაბუების თაობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG