Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიტერორისტულ ძალისხმევაში საქართველოს თურქეთიც დაეხმარება


5 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,

2000 წელს დაწყებული სამხედრო გრანტის პროგრამის ფარგლებში, რომლის საერთო მოცულობა 4 მილიონ დოლარს შეადგენს, ვაზიანში დისლოცირებულ მე-11 მოტომსროლელ ბრიგადას სამშაბათს, დაახლოებით, 2 მილიონი დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის მოწყობილობა, არასაბრძოლო სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და სპეც-ტექნიკა გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ, ინტენსიური სამხედრო-ტექნიკური დახმარების გარდა, რაც წითელ ზოლად გასდევდა საქართველო-თურქეთის სამხედრო ურთიერთობებს, 2001 წლის ბოლოს აქტიური საუბარი დაიწყო ორმხრივი თანამშრომლობის სხვა სფეროების ათვისებაზე. მიმდინარე წლის იანვარში კი თურქმა გენერლებმა პირველად ახსენეს დახმარება ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.

საქართველო-თურქეთს შორის აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას საფუძველი 1998 წელს ჩაეყარა, შესაბამის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, და, ისევე როგორც ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული ანალოგიური ხელშეკრულება, ისიც, ძირითადად, საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე იყო ორიენტირებული. ამ თვალსაზრისით კი, ქართველ სამხედროებს, შეიძლება ითქვას, მართლაც გაუმართლათ.

თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 4 არასრული წლის განმავლობაში, თურქეთის მხრიდან განხორციელებული უნაცვალგებო სამხედრო დახმარების საერთო მოცულობამ 25 მილიონი დოლარი შეადგინა. აქ იგულისხმება როგორც სამხედრო-ტექნიკური დახმარება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ასევე, თანამშრომლობა სამხედრო კადრების მომზადების სფეროში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის განმავლობაში თურქულმა მხარემ ელიტურ სამხედრო სასწავლებლებში 170 ქართველი ოფიცრის სწავლება დააფინანსა, 526 სამხედრო მოსამსახურე კი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით თურქმა ინსტრუქტორებმა საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნეს.

2001 წლის მიწურულს კი თურქეთი პენტაგონის ცნობილ "ვერტმფრენთა პროგრამაში" ჩაერთო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 24 სექტემბერს UH-1-H ტიპის 2 ერთეული შვეულმფრენი გადასცა.

გარდა ამისა, სამხედრო თანამშრომლობაში არსებულ პრიორიტეტებს გასულ წელს კიდევ ერთი ახალი სფერო დაემატა. კერძოდ, 2001 წლის 29-30 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას "საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

სპეციალისტების თქმით, ეს არის ერთადერთი მიმართულება, რაშიც საქართველოს პოტენციალი თავად თურქეთისთვის შეიძლება გახდეს მიმზიდველი. ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ 2001 წლის 27-30 სექტემბერს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში სამამულო წარმოების ქართულმა ექსპონატებმა მასპინძელთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ თურქეთის გამოცდილება საქართველოსთვის სხვა კუთხითაც გახდება აუცილებელი. საუბარია ტერორიზმის საშიშროებაზე, რაც, ეთნიკურ სეპარატიზმთან ერთად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 28 იანვარს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაფერ ოსკანმა, ამ მხრივ, საკმაოდ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა.


[ზაფერ ოსკანის ხმა] "ეს დახმარებები ეხება არა მარტო მანქანა-მოწყობილობებს, არამედ პირადი შემადგენლობის მომზადების სფეროში თანამშრომლობას. თურქეთის შეიარაღებული ძალები ბედნიერია იმის გამო, რომ მიეცა შესაძლებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგროვილი გამოცდილება გაუზიაროს თავის ქართველ კოლეგებს."

თურქ გენერალს არ დაუზუსტებია, თუ რა ფორმით აპირებს გაუზიაროს ეს ფასდაუდებელი გამოცდილება ქართველ კოლეგებს. ამის თაობაზე საუბარი არც 5 მარტს, მორიგი სამხედრო დახმარების პრეზენტაციაზე, ყოფილა. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ყველა, აწ უკვე განხორციელებული, პროექტი, თავიდან "გამოცდილების გაზიარებით" იწყებოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანტიტერორისტულ ძალისხმევაში საქართველო ხელშესახებ დახმარებას სულ მალე თურქეთიდანაც მიიღებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG