Accessibility links

logo-print

ბერსელონაში დაიწყო ევროპის კავშირის სამიტი


ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დაიწყო ევროპის კავშირის საგაზაფხულო სამიტი. ესპანეთის ხელისუფლება, ბუნებრივია, პირველ რიგში უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

9000-მდე პოლიციელს მოუყარეს თავი ბარსელონაში. კომენტატორები შენიშნავენ, რომ ევროპა, რომელიც ცდილობს ხალხთან ახლოს იყოს, კიდევ უფრო დაშორდა ხალხს, რაც ამჯერად იმაში გამოიხატება, რომ სამიტის ადგილი საგულდაგულოდაა დაცული, დაჯავშნული მანქანები იცავენ გზებს, სახლის სახურავებზე სნაიპერები არიან ჩასაფრებული. ევროპის კომისიის თამჯდომარემ რომანო პროდიმ თქვა, რომ ეს სიტუაცია მისთვისაც არასასიამოვნოა, მაგრამ არ გვაქვს უფლება არეულობა დავუშვათო, განაცხადა მან.

ევროპის კავშირის 15-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, ჯერ კიდევ ლისაბონში ორი წლის წინ, რომ 2010 წლისთვის ევროპის კავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი და დინამიური ნაწილი უნდა გახდეს. საერთო აზრი დღეისთვის ასეთია, რომ ეს თეორიაა და პრაქტიკულად ცოტა კეთდება ამ მიზნით.

პარასკევს სამიტის გახსნამდე გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა თქვა, რომ ის შეეცდება გერმანიის ინტერესები უფრო აქტიურად დაიცვას. კანცლერი სამიტის გახსნამდე რომანო პროდის ესაუბრა და გაირკვა, რომ ბრიუსელი და ბერლინი ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან. უდავოა, რომ 15 სახელმწიფო 15 ინტერესია და ამას ემატება კავშირის პოტენციური წევრების პრობლემები.

ერთი საკითხი უკვე გაირკვა. ესპანეთის პრემიერმა ასნარმა წინადადება წამოაყენა: იმისთვის, რომ ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვის კრედიტების გაცემა გაიოლებულიყო, დაეარსებინათ ევროპის საინვესტიციო ბანკის ფილიალი რეგიონში. ეს წინადადება არ მიიღეს, მაგრამ ევროპის კავშირმა თავისი კრედიტების ამ რეგიონისთვის გაცემა გაზარდა 2 მილიარდ დოლარამდე წელიწადში. ეს იყო პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ბარსელონაში მიიღეს.

ბარსელონაში შეკრებილ ქვეყნებს დავა მოუწევთ ელექტროდენისა და გაზის ბაზრის გახსნის შესახებ. ეს საკითხი სადაოდ რჩება და პირველ რიგში საფრანგეთია ამ ნაბიჯის წინააღმდეგი. არადა, როგორც პროდიმ თქვა, თუკი ენერგიის სექტორის განთავისუფლება არ მოხდა, ევროპის მომხმარებელს და მრეწველობას ეს წელიწადში 15 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

ამასობაში ბარსელონაში საპროტესტო გამოსვლები მზადდება, შაბათს 50 ათას კაცს ელიან დემონსტრაციაზე, რომლის ორგანიზატორები, მათი ლოზუნგის მიხედვით რომ ვთქვათ, “კაპიტალიზმისა და ომის ევროპის” წინააღმდეგ აპირებენ პროტესტის გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG