Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობიდან კიდევ ერთი მძევალი გამოიხსნეს


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 15 ოქტომბრის ღამეს, გათავისუფლდა პანკისის ხეობაში აქამდე მძევლად მყოფი კიდევ ერთი პიროვნება: საქართველოს მოქალაქე ფაზილ ხალილოვი,

რომელიც ბანდიტების ტყვეობაში გასული წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ მძევალი ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გათავისუფლდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ფაზილ ხალილოვის გათავისუფლების ფასად მისი ნათესავების მხრიდან რაიმე გამოსასყიდის გადახდას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა განაცხადა [გომელაურის ხმა]: “არც ერთი თეთრი, არც ერთი ცენტი არ იქნა გადახდილი ხალილოვში. ამას ვაცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დამტკიცდება, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ გაგვამტყუნებს მთლიანად საზოგადოების წინაშე”. ფაზილ ხალილოვი მძევლად 2001 წლის 4 ოქტომბერს აიყვანეს მას შემდეგ, რაც ის მძევლობაში თავისი ნებით ჩაენაცვლა საკუთარ ვაჟს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ცნობას, თითქოს ხალილოვის გათავისუფლება პანკისის ხეობის უხუცესებისა და ბანდიტების გარიგების შედეგად მოხდა, რისთვისაც დამნაშავეებს პირობა მისცეს, რომ შეწყვეტდნენ მათ სისხლის სამართლებრივ დევნას. პაატა გომელაურის თქმით [გომელაურის ხმა]: “გამორიცხულია ყოველგვარი გარიგება კრიმინალებთან”.

გათავისუფლებისას ფაზილ ხალილოვი მარტო იყო სოფელ დუისის სიახლოვეს, პანკისის ხეობის შესასვლელთან. შარშან ოქტომბერში ხალილოვის ვაჟი ახმადი გაიტაცა ვეფხია ჩოფონაშვილის ბანდამ და მათვე ჩაანაცვლეს ის მამით. ეს მოხდა 4 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს კი, პაატა გომელაურის თქმით, კრიმინალური გარჩევისას, მოკლეს ჩოფონაშვილი და მისი ბანდის წევრი, არაერთი სხვა დანაშაულისათვის ძებნილი, კოჭლოშვილი. ვინც პანკისურ ეპოპეას ზერელედ მაინც ადევნებს თვალს, ეხსომება, რომ 17 ოქტომბერს ვეფხია მარგოშვილი მოკლეს. ჩოფონაშვილი მისი ნამდვილი გვარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მისი მკვლელობა ხადორჰესს უკავშირდება, თუმცა, არ განმარტავენ – როგორ. ბანდის რამდენიმე წევრი ასევე კრიმინალურ გარჩევებს ემსხვერპლა, მაგრამ საგრძნობი ნაწილი გადარჩა და იმალება. ხალილოვის გათავისუფლების “პოლიციური” ვერსია შეიძლება, მართლაც, უტყუარი იყოს, რადგან ბანდა, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია, ამ ხნის მანძილზე დასუსტდა, მეორეც, გომელაურის განცხადებით, რადიკალურად და სასიკეთოდ შეიცვალა თავად ხეობის მოსახლეობის დამოკიდებულება კრიმინალთა მიმართ.

ფაზილ ხალილოვის ჯანმრთელობა შერყეულია. პაატა გომელაური ამბობს, რომ მძევლობისას ხალილოვი არ უწამებიათ, მასზე ფიზიკური ზემოქმედება გამტაცებლებს არ უცდიათ [გომელაურის ხმა]: “ის საჭიროებს სამედიცინო გამოკვლევას. უჩივის გულის ტკივილს, ჰაერის უკმარისობას და ა.შ. თვითონ როგორც თქვა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგია და მასზე არავითარი სხვა ზემოქმედება არ ყოფილა. ბუნებრივია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა განაპირობა ფსიქოლოგიურმა გარემომ, რომელშიც ხალილოვი ხუთნახევარი თვე იმყოფებოდა”.
XS
SM
MD
LG