Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვაგრძობთ რუსეთის პრესის მიმოხილვას


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გუშინდელი დილის გადაცემაში ჩვენ გაგაცანით წინა კვირის რუსეთის პრესაში საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილის შინაარსი. განვაგრძობთ რუსეთის პრესის მიმოხილვას.



პანკისის ხეობის პრობლემატიკა და რუსეთის მოსახლეობის საქართველოსადმი დამოკიდებულება.

11 მარტის “ნეზავისიმაია გაზეტა” აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილესთან, იური ბრაჟნიკოვთან. კითხვაზე - კონკრეტულად როგორ წარიმართება ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნების პროცესი პანკისის ხეობიდან? - ბრაჟნიკოვმა უპასუხა:

“ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფი და შევიმუშავეთ მოქმედების კონკრეტული გეგმა. პირველ ეტაპზე უნდა გამოვავლინოთ ის ლტოლვილები, რომლებსაც ნებაყოფლობით სურთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება. ამ მიზნით, ქართული მხარე უკვე ამ თვეში ჩაატარებს მოსახლეობის აღწერას ახმეტის რაიონში და თითოეულ ლტოლვილს ექნება შესაძლებლობა განცხადების სახით გამოხატოს თავისი ნება დაბრუნების შესახებ.”

ამასთან ერთად იური ბრაჟნიკოვი აღნიშნავს, რომ ლტოლვილები მაინცდამაინც არ ჩქარობენ სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, “ისინი განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.”

“ ჩეჩნეთში, მართლაც, არის კონფლიქტის კერები, არსებობს შემოწმებები, არასტაბილურობაც არის, მაგრამ ეს ყველაფერი ლოკალურ ხასიათს ატარებს,” - ამბობს იური ბრაჟნიკოვი.

რამდენად რეალურია “კოსოვოს ვარიანტის” გამეორება პანკისის ხეობაში, რის შესახებაც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ განაცხადა? 16 მარტის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდად აეჭვებთ კოსოვოს სცენარის გამეორება, ანუ პანკისის ხეობაში რუსეთის მედესანტეების გადმოსხმა.
გაზეთის აზრით,

“მით უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა შეფასებები, რომლებიც, ამ ვერსიასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინსტრმა დავით თევზაძემ გამოთქვა. ამ დღეებში მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს მოვლენათა განვითარების ამგვარ ვარიანტს, რადგან, მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის რაიონში მიმდინარე პროცესები - კერძოდ კი, რუსეთის 58-ე არმიის მსხვილმასშტაბიანი სწავლებები - ირიბად ადასტურებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის განცხადებას. დავით თევზაძე, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციას ასევე ირიბად ადასტურებს ის, რომ რუსეთი საქართველოსთან საზღვარს ამაგრებს.”

შემდეგ “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების გამოჩენა საქართველოში და სამხედრო სფეროში ამერიკულ-ქართული თანამშრომლობა ნამდვილად არ იწვევს აღფრთოვანებას რუსეთში, “მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაში მეზობელი სახელმწიფოს მიმართ ძალისმიერ ვარიანტზე ესოდენ აშკარად წასვლა რთული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, თბილისი შეშფოთებულია, განსაკუთრებით კი, თევზაძის განცხადების შემდეგ. თანაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ვერ შეეგუება უშუალოდ რუსეთის საზღვართან, პანკისის ხეობაში, ტერორისტების ყოფნას.”
“ნეზავისიმაია გაზეტას” პოზიცია კი ასეთია - “ბოლოს და ბოლოს, თუ ამერიკელებს შეუძლიათ ტერორისტების დევნა შორეულ ტერიტორიებზე, რატომ ეკრძალება რუსეთს იმავეს გაკეთება საკუთარი სახლის ზღურბლთან.”

15 მარტის გაზეთ “ნოვიე იზვესტიაში” გამოქვეყნდა “საზოგადოებრივი აზრის” ფონდის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, სადაც აისახა რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გამოკითხვამ მოიცვა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის 1500 რესპონდენტი.

საქართველოსადმი დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 41%, ნეიტრალურად -39%, უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა თხუთმეტმა პროცენტმა.

“ნოვიე იზვესტია” წერს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ამერიკელი სამხედროების საქართველოში მიწვევა უშუალოდ ეხება რუსეთს და მხოლოდ 24% მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საშინაო საქმეა.

გამოკითხულთა 55% დარწმუნებულია, რომ ამერიკელი სამხედროების ყოფნა საქართველოში საფრთხეს უქმნის რუსეთს. საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა რესპონდენტების 21-მა პროცენტმა - მათი აზრით, ეს მოვლენა რუსეთის ინტერესებს შეესაბამება.
XS
SM
MD
LG