Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთი არაბული ლიგის სამიტის წინ


ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბული და გაუგებარია. ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს ვერ გადაუწყვეტია,

მისცეს თუ არა პალესტინელთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს იასირ არაფატს ბეირუთში, არაბული სახელმწიფოების სამიტზე ჩასვლის უფლება. ამავე დროს, თავად შარონი ამ სამიტზე დასწრებას ფიქრობს, რათა თვითონ აუხსნას არაბებს თავისი პოზიცია.
სამიტი, ოთხშაბათს, 25 მარტს დაიწყება.

ორდღიანი სამიტის წინ, არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ იმსჯელეს, როგორ წარიმართება სამიტი, რომელზე დასწრებაც სათუოა ადამიანისთვის, რომელიც ამ შეხვედრის უშუალო მონაწილე უნდა იყოს. თვით საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთი შეხვედრა დაგეგმილზე გვიან დაიწყეს, რადგან ყველა მათგანი იასირ არაფატთან სატელეფონო საუბარს საჭიროებდა.

პალესტინელთა ავტონომიის დაგეგმვის მინისტრმა ნაბილ შაათმა ტელეკომპანია “ალ ჯაზირასთან” ინტერვიუში თქვა, რომ არაფატი არ აპირებს, ისრაელის მოთხოვნებს დაჰყვეს და დაუთმოს მას. შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საკითხებს, რომლებიც პალესტინელებს ეხება, არაფატს შეუთანხმებენ.

როგორც ითქვა, არაბული ლიგა, რომელშიც 22 სახელმწიფოა გაერთიანებული, თავის სამიტს ოთხშაბათს დაიწყებს. სამიტის მთავარი თემა საუდის არაბეთის წინადადებაა, რომელიც შეიძლება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების სცენარის საფუძველი გახდეს. წინადადება გულისხმობს ისრაელსა და პალესტინელთა შორის ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევას, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, თუკი ისრაელი დატოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს, არაფატისთვის ბეირუთში ჩასვლის ნება ორშაბათს უნდა მიეცა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გადადო. ისრაელმა სამშაბათს უნდა გამოაცხადოს, თანახმაა თუ არა, რომ არაფატი ბეირუთში ჩავიდეს. საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ გასაგებად განაცხადა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია არაბული ლიგის სამიტში არაფატის მონაწილეობით. ორშაბათს თვით პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც მოუწოდა შარონს, ბეირუთში წასვლის ნება დართოს პალესტინელთა ლიდერს.

შარონმა თავისი გადაწყვეტილების მიღება დაუკავშირა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის შიმონ პერესის ჩინეთიდან დაბრუნებას. პეკინში მისმა ჩინელმა კოლეგამ ტან იასუანმა პერესს განუცხადა, თუკი გსურთ ნდობის მოპოვება და ისრაელის საერთაშორისო სახელის აღდგენა, შეწყვიტეთ სამხედრო აქციები პალესტინელთა წინააღმდეგო.

და ბოლოს, “ნიუ იორკ ტაიმსი”, აშშ-ისა და ისრაელის საიდუმლო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაფატს ირანთან დაუდია საიდუმლო ხელშეკრულება მძიმე სამხედრო იარაღისა და საფინანსო დახმარების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკება მოსკოვში გაიმართაო, წერს “ნიუ იორკ ტაიმსი”.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG