Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული პრესის ყურადღების ცენტრში ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მოექცა. ქართველი ჟურნალისტები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული პრესის ყურადღების ცენტრში ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მოექცა. ქართველი ჟურნალისტები ისევ ალაპარაკდნენ საინფორმაციო ომზე, რომელიც რუსეთის მასმედიამ გამოუცხადა საქართველოს.

არაერთი პესიმისტური პროგნოზით, გამორიცხული არ არის, საინფორმაციო დაპირისპირებამ შეიარაღებული პროვოკაციის ფორმები მიიღოს. 28 მარტის გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” განცხადებით, კრემლმა საქართველოს მიმართ მორიგი ანექსია დაგეგმა. ამ მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა. გაზეთის ცნობით:

საქართველოში ამერიკელი სამხედროების ვიზიტით გაცოფებულმა კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი დაიწყო. ამასთან, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი არმიის 58-ე დივიზიონი გადაისროლა. ამის შესახებ განცხადება თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
აფხაზეთში 58-ე დივიზიის შესვლას წინ უსწრებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ივანოვის ბრძანება, რომლის მიხედვითც, რუსეთმა აფხაზეთისთვის ალყის შემორტყმის ბრძანება გასცა.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერმა თამაზ ნადარეიშვილმა “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში აღნიშნა, რომ ივანოვის ბრძანების შემდეგ სოხუმს რუსეთის სახმელეთო ჯარების სპეციალური დელეგაცია ეწვია. ამ დელეგაციას რუსი გენერალი სერგეი პრიბიტნიკოვი ხელმძღვანელობდა. ნადარეიშვილის ინფორმაციით, პრიბიტნიკოვის ჯგუფის ვიზიტის მიზეზი, ოფიციალური ვერსიით, ოთხი ცისფერჩაფხუტიანის გატაცებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება იყო. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ 58-ე დივიზიის ვიზიტისთვის პრიბიტნიკოვმა წინასადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა. კერძოდ, მან მოინახულა გუდაუთის ბაზა, სადაც, როგორც ირკვევა, თბილისური იერიშისგან თავდასაცავად რუსი სამხედროები უნდა გამაგრდნენ.

“კრემლი საქართველოს მიმართ აგრესიას არ ეშვება და უხეშად ერევა მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში...” რუსული ისტერიის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელიც ისე შეუშვეს ცალ ყურში რუსული პოლიტ-ელიტის წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოს ტერიტორიის რამდენჯერმე დაბომბვის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული საპროტესტო ნოტები.

პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ ამერიკელების ვიზიტს არანაირი კავშირი არა აქვს აფხაზეთსა და ოსეთთან. მისი თქმით, საერთოდ არ არის გეგმაში საქართველოს მიერ ამ რეგიონებში საომარი მოქმედებების დაწყება. მიუხედავად ამისა, რუსული და აფხაზური მხარეები თავს იზღვევენ და აცხადებენ, რომ არ სჯერათ შევარდნაძის, რადგან მისი მზაკვრული ჩანაფიქრი ყოველთვის ბოლო მომენტში ირკვევა.

ჯერჯერობით ნამდვილად არაფერია ცნობილი შევარდნაძის მზაკვრული ჩანაფიქრების შესახებ. თუმცა კრემლის აგრესიული განზრახვა და, როგორც ჩანს, კარგა ხნის წინ შემუშავებული გეგმის პირველი პუნქტები უკვე პრაქტიკულად ხორციელდება. რუსები, აფხაზეთის განვლილი ომისგან განსხვავებით, უკვე ოფიციალურად აცხადებენ, რომ თუკი ქართულ-აფხაზური დაპირისპირება დაიწყო, ისინი სეპარატისტების გვერდით დადგებიან.

“აფხაზური პროვოკაციის მოლოდინი მართლდება,”-იუწყება 29 მარტის გაზეთი “სპექტრი”, რომლის აზრითაც, თბილისი რუსულ-ქართულ ბრალდებებს ტერაქტებში მისი ბრალეულობის შესახებ კვლავ თავის მართლების პოზიციიდან უპასუხებს. ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების განახლება საქართველოს ინტერესებში არ შედის, მაგრამ, გაზეთის თქმით, ამ შემთხვევაში უკვე ალოგიკურად ჟღერს ის განცხადებები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ, “ამერიკული ნეტარების” პირველ დღეებში, ჩვენმა პოლიტიკოსებმა უხვად გააკეთეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ამერიკული გარანტიების თაობაზე. “მაინც რა შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში აფეთქებების ტალღას, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?”- კითხულობს გაზეთი “სპექტრი,” რომლის თქმითაც:

-ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით საკმაოდ ძნელია. თუმცა, ვარაუდების დონეზე, ნამდვილად შეიძლება საუბარი იმ საშიშროების შესახებ, რომელიც კოდორის ხეობას ელის. უფრო რეალური კი იმ ქართულ-აფხაზური შეხვედრის ჩაშლაა, რომელზეც აფხაზეთის სტატუსი უნდა განხილულიყო. შეხვედრის ჩასაშლელად სოხუმს ახლა არგუმენტები საკმაოზე მეტიც აქვს. სიტუაციის დაძაბვა არც მეორე ფეთქებადსაშიშ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთშია გამორიცხული,- ამის წინაპირობების დანახვა უკვე აშკარად შეიძლება ცხინვალის ხელისუფლებისა თუ მოსკოვის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მიღმა.
ქართულ-რუსულ-აფხაზური ურთიერსაწინააღმდეგო ინფორმაციებისა და ბრალდებების ზღვაში კი მეტად ძნელია სიტუაციის ობიექტურად შეფასება, მით უმეტეს, რომ პანიკა ქართველ პოლიტიკურ წრეებშიც აშკარად შეინიშნება. თუმცა ერთი რამ შეიძლება ახლავე ითქვას - ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კვლავ საბრძოლო მოქმედებაში გადაზრდის რეალური საფრთხის წინაშე დგას. უკან დახევას, როგორც ჩანს, არც სოხუმი აპირებს და არც მოსკოვი. დღეს ისინი ისე სინქრონულად და შეხმატკბილებულად მოქმედებენ, როგორც არასდროს. ამჯერად რას დაუპირისპირებს მათ თბილისი, ძნელი სათქმელია. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ შევარდნაძეს აფხაზეთიდან ჯიუტად არ გაჰყავს რუსი ცისფერჩაფხუტიანები. ამ სიტუაციაში კი საქართველოს პარლამენტმა თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა შინაარსის განცხადებები და ნოტებიც არ უნდა გააკეთონ, ეს რეალურად ვერაფერს შეცვლის. თუმცა სიტუაციის შეფასება, ალბათ, შემდეგნაირად მაინც შეიძლება: პრეზიდენტის “ამერიკული სვლის” შემდეგ მისგან ყველა მხოლოდ მკვეთრ ნაბიჯებს ელოდება, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთის მიმართაც.

29 მარტის “დილის გაზეთი”, სათაურით “იმ თაგვს არ უნდა დავემსგავსოთ, რომელსაც კატა ყველაზე ღონიერი ჰგონია”, აქვეყნებს ინტერვიუს პარლამენტარ მიხეილ ნანეიშვილთან, რომელიც პარლამენტში “ისტერიის ატეხას” მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მიხეილ ნანეიშვილის აზრით:

რაღაც ხმა დაირხევა, ცნობა შემოვა და ატყდება პანიკა. არ შეიძლება სახელისუფლებო ორგანო მუდმივ წიოკში იყოს. ეს არის უკულტურო ხალხის ქცევა. მასმედიაზე ხომ აღარ არის საუბარი! ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ხალხს გული გაუხეთქონ. რაც შეეხება უშუალოდ ინფორმაციას, მიმაჩნია, რომ თვით თავდაცვის მინისტრის მიერაც არ იყო სწორად მოწოდებული, თითქოს, თუ რუსეთი საქართველოში დაიწყებს პროვოკაციების მოწყობას, ამერიკის დახმარება შეწყდება. ეს არ არის სწორი. ამერიკა ამერიკაა და საქართველო საქართველოა. ჩვენი თავის მიხედვით ნუ ვზომავთ იმ ქვეყანას. ისინი, რასაკვირველია, ითვალსიწინებენ ყველაფერს, რაც შეიძლება რუსეთმა მოიმოქმედოს. რუსეთმა რომ რამე ჩაიდინოს, ეს ამერიკისთვის გამოწვევაა, რომელსაც იგი არავის აპატიებს. უნდა გვეთქვა, რომ ამერიკის სამხედრო დახმარებაზე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენივე საქციელმა. თუ დავანახეთ, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, არ ვვარგივართ, მაშინ შეიძლება შეიქმნას გარკვეული სირთულეები. ამერიკის პრეზიდენტი გარკვევით აცხადებს, რომ შეიძლება ჩატარდეს ეს ანტიტერორისტული ოპერაცია საქართველოში, კერძოდ, პანკისში, ჩვენ კი ავტეხეთ აჟიოტაჟი, თითქოს ვამზადებთ ლაშქრობას აფხაზეთში. ეს ხომ უტაქტობაა.
XS
SM
MD
LG