Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„AES თელასი“ პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი შეიძლება გახდეს


„თბილგაზის“ პრივატიზებასთან ერთად, რომელსაც, როგორც წესი, ტარიფის გაზრდა მოჰყვება, მოიმატა წყლის ღირებულებამ. ტარიფის გაზრდას მოითხოვს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „AES თელასიც“.

წყლის საფასურის მომატების შესახებ დავით პაიჭაძე გესაუბრებათ, ახლა კი თქვენს ყურადღებას ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდასა და ამ პროცესების მოსალოდნელ შედეგებზე შევაჩერებთ.

3 აპრილს თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები “თბილგაზის“ პრივატიზების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რადგან შიშობენ, რომ დედაქალაქის გაზგამანაწილებელ კომპანიაში უცხოელი ინვესტორის შესვლას ავტომატურად ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მოჰყვება. მითუმეტეს, ამის ნათელ მაგალითს თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის ამერიკელი ინვესტორი იძლევა. 3 აპრილსვე „ეი-ი-ეს თელასმა“ ჩვეული ულტიმატური ფორმით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას დენის ტარიფის 12,4 თეთრიდან 15,2 თეთრამდე გაზრდა მოსთხოვა. კომპანიის გენერალური მენეჯერის იგნასიო ირიბარენის განცხადებით, 26 აპრილს ვაშინგტონში „ეი-ი-ეს“ კორპორაციის დირექტორთა საბჭო გაიმართება, რომელზეც კომპანიის საქართველოში დარჩენის საკითხი გადაწყდება. ირიბარენი იმედს იძლევა, რომ ეს ტარიფის მომატების უკანასკნელი თხოვნა იქნება.

საკითხავია, თუ „ეი-ი-ესის“ საქართველოში დარჩენა ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, მაშინ რა საჭიროა ტარიფის მომატების მოთხოვნა მანამ, სანამ ბიზნესის გაგრძელების საკითხი არ გარკვეულა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ქართულ საზოგადოებას აღარ უჭირს. ყველა ნათლად ხედავს, რომ ამერიკული კომპანია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებს და ამ გზით საქმიანობის ისეთ გარემოს იქმნის, რომელსაც, მიუხედავად განცხადებებისა, ვერაფრით შეელევა, მითუმეტეს, ეს „ეი-ი-ეს თელასს“ ჩვენს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით აქვს გარანტირებული. ეს ხელშეკრულება „თელასის“ ინვესტორს ყოველწლიურად ტარიფის ორჯერ გაზრდის მოთხოვნის უფლებას აძლევს.

როგორც სააგენტო „პრაიმ-ნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ელიზბარ ერისთავმა განუმარტა, ტარიფის მომატების შესახებ „ეი-ი-ეს თელასის“ განაცხადს თან საერთაშორისო აუდიტის დასკვნაც ახლავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა ეკონომიკური გაანგარიშებებით არის დასაბუთებული. თუმცა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ეროვნულ-დემოკრატის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საკრებულოს შემუშავებული ჰქონდა დენის ტარიფში, არსებული რესურსების ხარჯზე, ელექტროენერგიის საფასურის შემცირების პროექტი, მაგრამ მისი განხილვა არავინ ისურვა.

შესაბამისად, ბუნებრივად გამოიყურება თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური ფრაქციის მოთხოვნა, რომელიც 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა.

[ბაღათურიას ხმა] „ეს ტარიფი შემცირდება თუ არ შემცირდება, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, დაუყოვნებლივ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ პოლიტიკოსებისა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ჩარჩო ხელშეკრულებას, ასევე იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც კორუმპირებული ინტერესის გამო ლობირებდნენ ანტიხალხურ, ანტისოციალურ გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში.“

ამასთან ერთად, თბილისის საკრებულოს ფრაქციები: “ლეიბორისტი”,” ტრადიციონალისტი,” “ეროვნულ-დემოკრატი”, “აღორძინების კავშირი” და” სახალხო პარტია” „ეი-ი-ეს თელასის“ მოთხოვნის საწინააღმდეგო ულტიმატუმსაც აყენებენ.

[ბაღათურიას ხმა] „150 საათში თუ არ იქნება მტკიცე, მკაფიო უარი ნათქვამი, წერილობითი, ბუნებრივია, „ეი-ი-ესისთვის“ ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით; თუ ამას არ გამოეხმაურება ხელისუფლება, ჩვენ საუბარი აღარა გვაქვს „სემეკთან“ და „ეი-ი-ეს თელასთან“ და საერთოდ ასეთ დაბალ ღობეებთან, ვიწყებთ საყოველთაო აქციებს, პრეზიდენტის და მთლიანად ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.“

ეს განცხადება, შეიძლება, მართლაც, რეალობად იქცეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დედაქალაქში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ თბილისის საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციათა მოძრაობას აღორძინების კავშირის პოლიტიკური ორგანიზაციაც უჭერს მხარს. მითუმეტეს, ენერგომატარებლების გაძვირებას თბილისელებიც არ შეხვდებიან გულგრილად. თბილისის საკრებულოში აღნიშნავენ, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმის სურვილი არა აქვთ, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავლის პოვნის საშუალებასაც არ იძლევა.
XS
SM
MD
LG