Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შანსი ეძლევა მოაგვაროს საგარეო ვალების პრობლემა


როგორც ცნობილია, ამ ბოლო ხანებში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ტრადიციული პრესკონფერენციების დღის წესრიგს, ძირითადად,

რუსეთ-საქართველოს პრობლემური ურთიერთობები განსაზღვრავს. თუმცა 5 აპრილს ამ მაგისტრალური ხაზიდან გარკვეული გადახვევის მცდელობა დაფიქსირდა და ამის მიზეზი გახდა მსჯელობა საქართველოს საგარეო ვალებზე, რაც, საერთო ჯამში, გაცილებით უფრო გლობალური ხასიათის პრობლემაა, ვიდრე გაურკვევლობა მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.

ყველა წვრილმან სადაო საკითხზე ამტყდარი დიპლომატიური პაექრობის მიუხედავად, ნახევარი წლის წინ საქართველო-რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების პრინციპების შესათანხმებლად დაწყებული ორმხრივი სამუშაო შეხვედრები, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, კვლავ გრძელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტებმა ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო ბლოკის საკითხებზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკების "ესტაფეტას" კვლავ სახელმწიფო დელეგაციების ხელმძღვანელები ჩაიბარებენ.

საქართველოს საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, კახა სიხარულიძის, განცხადებით, მენაღარიშვილ-პასტუხოვის მორიგი შეხვედრის გამართვა კვლავ თბილისში გადაწყდა და, არ არის გამორიცხული, რომ მასში მონაწილეობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ახალმა პირადმა წარმომადგენელმა ვალერი ლოშჩინინმაც მიიღოს.
[კახა სიხარულიძის ხმა] "გუშინ ჩვენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ საბოლოო დადასტურება იმის, რომ 12 აპრილს გაიმართება მორიგი რაუნდი ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისა. ჩამოვა ბატონი პასტუხოვი. იცით, რომ ეს რაუნდი იმართება უკვე სახელმწიფო დელეგაციათა დონეზე. ვალერი ლოშჩინინი, ალბათ, იქნება ამ დელეგაციის შემადგენლობაში. ასპროცენტიანად დადასტურება ახლა არ შემიძლია, იმიტომ რომ სია ჯერ ჩვენ მიღებული არა გვაქვს."


რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი დელეგაციების შეხვედრის მორიგ რაუნდს ქართული მხარე გარკვეულ იმედებს უკავშირებს და ცდილობს პოზიტიური მაგალითების გახსენებით შეარბილოს ის დაძაბულობა, რამაც ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში ბოლო ხანს იჩინა თავი.

ასეთი პოზიტივია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის, დაახლოებით, 180 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის რესტრუქტურიზების შესახებ.

საერთოდ, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო ვალების თემას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ამის მიზეზი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით აფციაურის, ინფორმაცია, რომელიც ორი კვირის წინ მექსიკის ქალაქ მონტერეიში გაეროს ეგიდით გამართული ეკონომიკური ფორუმის მუშაობას შეეხებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ტენდენცია, რომელიც მონტერეის ფორუმზე გამოიკვეთა, საქართველოს აძლევს შანსს, რათა სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტების წინაშე წარმოქმნილი დავალიანების პრობლემა გადაწყვიტოს.
[დავით აფციაურის ხმა] "მძიმე დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნების ჯგუფი - შეიქმნა ასეთი გაერთიანება ქვეყნების, რომელშიც ჩვენც შევდივართ, სხვა ქვეყნებთან ერთად, და ამ ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით, ანუ მრავალმხრივ კონტექსტში და ორმხრივ კონტექსტში, უფრო ასე ეფექტურად ვიმუშაოთ დავალიანების შემცირებაზე, შეიძლება ზოგ მიმართულებაზე და ზოგიერთ ქვეყნებთან საერთოდ გაუქმებაზე ამ დავალიანების".(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, სადღეისოდ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა 2 მილიარდ 150 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 1 მილიარდ 600 მილიონი სახელმწიფო გარანტიებით იქნა ვალად აღებული. თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა მოცულობის ვალები შეიძლება ეპატიოს საქართველოს, რადგან არსებობს რამდენიმე წინაპირობა, რაც მძიმე დავალიანების მქონე ქვეყნებმა უნდა შეასრულონ.
[დავით აფციაურის ხმა] "დახმარება, კარგია, რომ იზრდება; დავალიანების საკითხი, ასე თუ ისე, კარგი პერსპექტივა რომ აქვს მოგვარების, ძალიან კარგია, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჩვენ თვითონ ჩვენს ეროვნულ რესურსებს ოპტიმალურად გამოვიყენებთ"[სტილი დაცულია].

ანუ ყველაფერი ისევ ძალზე ნაცნობ, მაგრამ ჯერჯერობით მოუგვარებელ შიდა პრობლემებს - კორუფციის მაღალ დონეს, საბიუჯეტო ქაოსსა და არათანაბარ კონკურენციას - უკავშირდება, პრობლემებს, რომელთა არსებობაც მხოლოდ ახალ-ახალი ვალების დაგროვებას განაპირობებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG