Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირი აქვს რწმუნებულ შაშიაშვილს ადამიანის უკანონო პატიმრობასთან


დავით პაიჭაძე, თბილისი პარასკევს, 5 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.

თბილისში ისინი ქუთაისიდან ჩამოვიდნენ და პროტესტს აცხადებდნენ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თემურ შაშიაშვილის ქმედებათა წინააღმდეგ. მათ მიაჩნიათ, რომ ფირმა "ოქროს საწმისის" პრეზიდენტის ნანა ლომთაძის ყოფნა უკანონო პატიმრობაში შაშიაშვილის უშუალო ინტერესს წარმოადგენს.

“ოქროს საწმისი” ამ 7-8 წლის წინ შეიქმნა და წარმოადგენდა ჩვენი მოქალაქეებისათვის კარგად ცნობილი ტიპის ფინანსურ ორგანიზაციას, რომელსაც პირობითად “პირამიდას” უწოდებენ. სხვა ქართული ფინანსური პირამიდებისგან განსხვავებით, ის სიცოცხლისუნარიანი გამოდგა, რადგან მის დამფუძნებლებს მოქალაქეთაგან მხოლოდ ფულის აკრეფა და თვეში ერთხელ მაღალი პროცენტის გაცემა არ აინტერესებდათ. ფირმის პრეზიდენტ ნანა ლომთაძესა და მის მეუღლე თემურ ლომთაძეს ქუთაისის მკვიდრნი წარმატებულ ბიზნესმენებად მიიჩნევდნენ. დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მათ გამართეს ჩაის წარმოება, ჰქონდათ აკუმულატორების ქარხანა, ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას და მეანაბრეებს შემოტანილი ფულის პროცენტებს პატიოსნად უხდიდნენ. ასე ამბობენ თავად მეანაბრეები, რომლებიც “ოქროს საწმისის” კრახს მთლიანად აბრალებენ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულ თემურ შაშიაშვილს. მათი თქმით, გუბერნატორს ნაირგვარი პომპეზური ღონისძიებების დასაფინანსებლად არაერთხელ უსარგებლია ლომთაძეების დახმარებით, მაგრამ, როცა თემურ ლომთაძემ გადაწყვიტა, დეპუტატად კენჭი ეყარა, რწმუნებულმა მასში მომავალი პოლიტიკური კონკურენტი დაინახა და ლომთაძის გასანეიტრალებლად უკანონო ხერხებს მიმართა. შაშიაშვილმა შეტევა “ოქროს საწმისის” წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანიით დაიწყო. პარლამენტის წინ შეკრებილმა მეანაბრეებმა გაიხსენეს, როგორ მიუძღვნა დამოუკიდებელმა - რეალურად კი, პროშაშიაშვილურმა - ტელეკომპანია “რიონმა” საათნახევრიანი გადაცემა იმის მტკიცებას, რომ “ოქროს საწმისი” პირამიდაა და სანდო ფირმა არ არის. “რიონის” მომდევნო გადაცემამ კი მაყურებელს აუწყა, რომ, მართალია, “ოქროს საწმისის” ნდობა არ შეიძლება, სამაგიეროდ, ქუთაისში მოქმედებს შეზღუდული პასუხისმგებლობის ფირმა “ნათია”, რომელსაც მოქალაქეებმა შეიძლება ანდონ თავიანთი ანაბრები. პროპაგანდისტულ მუშაობას შედეგი მოჰყვა, “ოქროს საწმისიდან” ფული მასიურად გაიტანეს და “ნათიას” ჩააბარეს. ფირმა “ნათიაში” ფულის ამ ნაკადის მიღებას კურირებდა “რიონის” პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ბადრი კაპეტივაძის, ახლობელი - ნათელა კუპრეიშვილი, რომელსაც, მეანაბრეთა მტკიცებით, არავითარი იურიდიული უფლება არ ჰქონდა ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე. “ოქროს საწმისის” ერთ-ერთი ყოფილი მეანაბრე ქალბატონის თქმით, ნათელა კუპრეიშვილმა “ნათიაში” გადმოქაჩული ფული კიევში ადამიანის გატაცებისათვის დაპატიმრებული ვაჟის თბილისში გადმოსაყვანად გამოიყენა. პაატა კუპრეიშვილს 7 წელი მიესაჯა, “ნათიას” აფერის გამჟღავნების შემდეგ ნათელა კუპრეიშვილიც თაღლითობისთვის 4 წლით გაამწესეს ციხეში, სადაც მან ორი წელი გაატარა. დღეს, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, დედაც და შვილიც თავისუფლები არიან, ხოლო “ნათიაში” მეანაბრეთა შეტანილი ფული უიმედოდ დაიკარგა. რაც შეეხება “ოქროს საწმისში” შეტანილ ფულს, თემურ და ნანა ლომთაძეებმა ათასობით მეანაბრეს დაუდეს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, განსაზღვრული დროის მანძილზე, ისინი კისრულობდნენ მეანაბრეთა შელახული ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას. ლომთაძეების სწორედ ამ ნაბიჯს მოჰყვა ნანა ლომთაძის დაპატიმრება და მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად სამი თვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე საქართველოს გენერალური პროკურორისადმი ამ საკითხზე ოფიციალურად მიწერილ ბარათში, ჩვენი აზრით, დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ნანა ლომთაძე უკანონოდ არის დაპატიმრებული. დღეს არ გვაქვს საშუალება ჩამოვთვალოთ სხვადასხვა კანონის მოთხოვნები, რომელთა დარღვევის შედეგად ნანა ლომთაძე საკანში აღმოჩნდა, ხოლო “ოქროს საწმისის” მრავალმილიონიან ქონებას ყადაღა დაედო და ახლა გაპარტახების პირასაა. თუმცა ამ ამბავს გაგრძელება უთუოდ ექნება.
XS
SM
MD
LG