Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამიტი კასპიის ზღვისა და მისი ნავთობის განაწილების შესახებ მომავალ კვირაში შედგება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მომავალ კვირაში თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შედგება კასპიის ზღვის 5 მოსაზღვრე ქვეყნის სამიტი. იმედები, რომ სამიტი დაძაბულობის გარეშე ჩაივლის და მოხერხდება სასაზღვრო საკითხების და რესურსების განაწილების პრობლემების მოგვარება მცირეა.



კასპიის ზღვის ლეგალური სტატუსი პირველად გაირჩევა ამ დონის სამიტზე. ხუთშაბათს აშხაბადში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტები მოიყრიან თავს.

სამიტის მოახლოებასთან ერთად, ირანის პარლამენტი – მეჯლისი – გამოთქვამს შეშფოთებას, რომ თეირანის პოლიტიკა კასპიის ზღვის საკითხში შეიცვალა.

ირანი მოითხოვს, რომ მას მიეცეს კონტროლი კასპიის მინიმუმ 20 პროცენტზე, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის პერიმეტრის მისი წილი გაცილებით უფრო მცირეა.

მიმდინარე თვეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქამალ ხარაზი მოსკოვსა და ბაქოში იმყოფებოდა ვიზიტით. ირანში რატომღაც დაასკვნეს, რომ ლაპარაკი იყო ირანისთვის უფრო მცირე მონაკვეთის გამოყოფაზე.

ინგლისურენოვან “თეირან ტაიმისის” თანახმად, 10 აპრილს მეჯლისმა გააკრიტიკა ხარაზის მისია. ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კომტეტის წევრმა ჯაფარ გოლბაზმა განაცხადა, რომ “საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, არ შეესაბამებოდა ირანის ინტერესებს.”

დებატებში, რომელიც ამ ინფორმაციას მოჰყვა, მეჯლისის ერთმა წევრმა კაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ ირანმა უნდა მოითხოვოს კასპიის ზღვის 50 პროცენტი, ვინაიდან ირანმა და საბჭოთა კავშირმა 1924 წელს და 1940 წელს მოაწერეს ხელი ხელშეკრულებებს თანასწორუფლებიანი პარტნიორობის შესახებ. ჯალალიმ თქვა, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, რატომ ითხოვს მხოლოდ 20 პროცენტს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყნებისგან.

ჯალალის ეს სიტყვები რეგიონში გადასხვაფერებული სახით გავრცელდა. მეორე დღეს ყაზახეთის ტელევიზიამ განაცხადა: კასპიის რესურსების 50 პროცენტს მოითხოვს ირანის მთელი კომიტეტიო”, მაშინ, როცა ამაზე კომიტეტის მხოლოდ ერთი წევრი ლაპარაკობდა.

ბიბისი კიდევ უფრო შორს წავიდა: “ირანმა ოფიციალურად მოითხოვა ყაზახეთის კუთვნილი საბადოების მისთვის გადაცემა”, ნათქვამი იყო რეპორტაჟში. მასში არ იყო ნახსენები, რომ ყაზახეთი და ირანი კასპიის ზღვის მოპირდაპირე ნაპირებზე მდებარეობენ და მათ საერთო საზღვარი არა აქვთ. რეპორტაჟში პარლამენტის ერთი წევრის გამოსვლა ნახსენები იყო, როგორც “ოფიციალური მოთხოვნა”, თუმცა ირანის მთავრობა აცხადებს რომ მისი პოლიტიკა არ შეცვლილა.

სამშაბათს ყაზახეთის კერძო ტელევიზიამ გაიმეორა ეს ჭორი, განაცხადა რა, რომ “თეირანი ახლა მთავრობის დონეზე მოითხოვს ყაზახეთის ნავთობსაბადოებსო.”

სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული სტატიები, ცეცხლზე ნავთს ასხამდა. ბიბისის სპარსულმა განყოფილებამ თქვა, რომ თერიანი შეიძლება 14,5 პროცენტზეც დათანხმდესო. ეს ნათქვამი გადაიბეჭდა ირანისა და აზერბაიჯანის გაზეთებში.

რუსეთის, “ნეზავისიამაი გაზეტამაც” შეიტანა თავისი წვლილი სამიტის წინ ატეხილ ხმაურში. 11 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიტაში ნათქვამია, რომ რუსეთი და ყაზახეთი კასპიის რეგიონში სამხედრო ძალებს აგროვებენო.

კიდევ ერთ რუსულ გაზეთში დაიწერა, რომ რუსეთმა გაამაგრა თავისი ფლოტი კასპიის ზღვაში, ხოლო ყაზახეთმა, რომელსაც თავისი ფლოტი არ ჰყავს, თითქოს განაცხადა, რომ ეყოლება ის რამდენიმე წლის განმავლობაში.
“ნეზავისიმაია გაზეტამ” კი გაიმეორა თავისი ივლისში გამოქვეყნებული ცნობა, რომ თურქმენეთმა უკრაინისგან 20 სწრაფმავალი საპატრულო გემი შეიძინა, აშხაბადსა და ბაქოს შორის სასაზღვრო კამათის შემდეგ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ლენონიდ კუჩმამ მას შემდეგ თქვა, რომ 20 კი არა სულ ორი გემი იყო.

ეს პუბლიკაციები აშკარად არ შეუწყობს ხელს სამიტის მშვიდობიან ატმოსფეროში ჩატარებას.
XS
SM
MD
LG