Accessibility links

logo-print

დადგინდა მიწისძვრით დაზარალებული თბილისის აღდგენისთვის აუცილებელი თანხის ოდენობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 27 აპრილს თბილისში მიწისქვეშა ბიძგები ისევ იგრძნობოდა. სეისმოლოგების განმარტებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ასეთი მოვლენა ჩვეულებრივი ამბავია.

როგორც ჩანს, ამჯერად თბილისელები უფრო მშვიდად შეხვდნენ ბიძგებს – დილით დაფიქსირებული სამნახევარი ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ქუჩებში ხალხმრავლობა აღარ შეინიშნებოდა.

სანამ თბილისელები უსიამოვნო მიწისქვეშა ბიძგების არსებობას ეგუებიან – 25-დან 27 აპრილამდე თბილისში სხვადასხვა ინტენსივობის 120-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგია დაფიქსირებული - ხელისუფლება 25 აპრილის შფოთიანი ღამისას ქალაქისთვის მიყენებული ზარალის დაანგარიშებას ცდილობს. 27 აპრილს გამართულ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაზე პირველად დასახელდა ზარალის დაახლოებითი ოდენობა – 80-დან 100 მილიონი ლარი. ცნობისთვის – ეს საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების ერთ მეათედზე ოდნავ ნაკლებია.

ბუნებრივია, ამხელა თანხის მოძიებას ხელისუფლება, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, უბრალოდ, ვერ შეძლებს. ის კი არა და, როგორც თბილისის მერი ვანო ზოდელავა აცხადებს, ჯერჯერობით მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდში ერთი თეთრიც არ არის ჩარიცხული. შეგახსენებთ – პრეზიდენტ შევარდნაძის ფონდიდან ამ ფონდში მილიონი ლარი უნდა ჩაირიცხოს. ოდნავ ნაკლების გამოყოფას გეგმავს მილიონი ლარის სარეზერვო ფონდიდან თბილისის მერია. მზადაა ასეთივე თანხა, მილიონი ლარი, გამოყოს საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა აკაკი ჩხაიძემაც. 26 აპრილს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ლადო კახაძის განცხადება, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დაზარალებულთა ბინების აღდგენის ფონდში 2 მილიონი ლარი გადარიცხა. სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება და თანხები საჭირო ანგარიშზე ჩაირიცხება, მაგრამ მოგროვილი თანხა, ახალი მემარჯვენეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყოფილი ფულისა და ნაციონალისტების საპარლამენტო წარმომადგენლობის აპრილის ხელფასის ნახევრის ჩათვლით, ძალიან ცოტაა თბილისისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
ის, რომ თბილისის ძველი უბნები ავარიულ მდგომარეობაშია, რომ ადრე თუ გვიან თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-გამაგრების საკითხი მთელი სიმწვავით დაისმებოდა, არქიტექტორებს არაერთხელ განუცხადებიათ. სამწუხარო ის არის, რომ ამ პრობლემის მოგვარება ახლა ექსტრემალურ პირობებში დადგა დღის წესრიგში. ექსტრემალურობა კი არ გამორიცხავს, რომ ის ძველი სახლები, რომლებიც თბილისის კოლორიტს ქმნიდა და ქმნის, მიუხედავად ბინების არაკომფორტულობისა, შეიძლება, უბრალოდ, მიწისძვრის შედეგების მომიზეზებით დაინგრეს ახალი, კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად, რითაც მშენებელი ფირმებიც და მაცხოვრებლებიც მოგებულნი დარჩებიან, მაგრამ წააგებს თბილისი, რომელიც თავის განსაკუთრებულობას საბოლოოდ დაკარგავს.
XS
SM
MD
LG