Accessibility links

გაერო ჯენინში მომხდარის გამოსაძიებლად ემზადება


რა მოხდა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში? - ამ შეკითხვაზე, რომელიც ისრაელის ჯარების მიერ პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში 3-დან 11 აპრილამდე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ლამის განუწყვეტლივ გაისმის, სხვადასხვა პასუხი არსებობს.

პალესტინელთა მხარე ირწმუნება, რომ ისრაელის ჯარებმა ჯენინში ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს და სიცოცხლეს გამოასალმეს ასობით სამოქალაქო პირი. ისრაელი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დაიღუპა გაცილებით ნაკლები ადამიანი, რომელთა უმრავლესობას შეიარაღებული მეამბოხეები შეადგენდნენ.

ამასობაში საქმეში გაერო ჩაერია - მისი ექსპერტების ჯგუფი მზად არის ჯენინის ბანაკში ჩასასვლელად და მომხდარის გამოსაძიებლად. მაგრამ მის მისიას ისრაელის უარი აბრკოლებს: სამშაბათს ისრაელის მთავრობამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ჯენინში გაეროს დელეგაციის ჩასვლის წინააღმდეგია. როგორ წარმოუდგენია გაეროს ეს მისია?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს გაეროს ოფიციალური წარმომადგენლების დაპირება, რომ დელეგაცია ობიექტურად გამოიძიებს ჯენინის მოვლენებს. გარდა ამისა, დელეგაციას, რომელიც ამჟამად ჟენევაშია შეკრებილი, ევალება მომხდარის სხვადასხვა - სამხედრო, სამართლებრივი, უშიშროებისა და ჰუმანიტარული ასპექტებით გამოძიება, რის შესაბამისად დელეგაციის შემადგენლობაც მრავალფეროვანია.

მის ბირთვს შეადგენენ ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი მარტი აჰტისაარი, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს ყოფილი უზენაესი კომისარი სადაკო ოგატა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კორნელიო სომარუგა. მისიის სამხედრო მრჩეველია აშშ-ის გადამდგარი გენერალი უილიამ ნეში, მრჩეველი პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებში - ირლანდიელი პიტერ ფიცჯერალდი. როგორც გაეროს პრესმდივანმა სტეფან დუჟარიკმა ორშაბათს ჟენევაში უთხრა ჟურნალისტებს, [სტეფან დუჟარიკის ხმა] "დელეგაციის წევრები ფართო სპექტრის: ჰუმანიტარული, იურიდიული, პოლიციისა და სამხედრო სფეროთა წარმომადგენლები არიან. ჩვენ ფაქტებს დავეძებთ - ფაქტებს ჯენინში მომხდარის შესახებ. არავინ აპირებს რეგიონში ჩასვლას უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით."

იქვე პრესმდივანმა ჟურნალისტებს გაეროს დელეგაციის ახალი წევრები - მათ შორის მედიცინის ფინელი ექსპერტებიც წარუდგინა. ამის შესახებ იუწყება გაეროში ჩვენი კორესპონდენტი, რობერტ მაკმეჰონი, რომელმაც ჯენინში დაგეგმილ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა ნიუ იორკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელს, დევიდ ფილიპსს.

[დევიდ ფილიპსის ხმა] "ვფიქრობ, ისრაელის მთავრობა თავად უნდა იყოს დაინტერესებული გაეროს კომისიის მუშაობით, მიუკერძოებელი მუშაობით. გარდა ამისა, შესაძლოა დაძაბულობა განმუხტოს უკვე იმ ფაქტმა, რომ ჯენინის მოვლენებს იკვლევენ."

ფილიპსის აზრით, გაეროს მისიის მიერ მოძიებული სამხილები, გარკვეულწილ, "მორალურად გაამართლებს" პალესტინელებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ისრაელმა ჯენინში საერთაშორისო სამართალი ხელყო. მაგრამ საბოლოოდ ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩება: როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კომისია, ალბათ, ნაწილობრივ გაიზიარებს მათ პოზიციებს და დაადგენს, რომ სიმართლე სადღაც შუაშია.

ამის კარგ მაგალითად გამოდგება ორშაბათს გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად ორმა ნიდერლანდელმა სამედიცინო ექსპერტმა ჯენინში დაღუპულთა გვამების შემოწმების შემდეგ უარყო პალესტინელთა განცხადებები ხოცვა-ჟლეტის შესახებ. მაგრამ იმავე ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ისრაელის არმიამ იერიშის დროს ადამიანის უფლებები ხელყო.
XS
SM
MD
LG