Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი დიპლომატი ბუშ-პუტინის მოახლოებული შეხვედრის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების ელჩს მოსკოვში ალექსანდრ ვერშბოუს მიაჩნია,







რომ მოახლოებული შეხვედრა უმაღლეს დონეზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშსა და ვლადიმირ პუტინს შორის ორმხრივ ურთიერთობათა გაუმჯობესების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

პრესკონფერენციაზე მოსკოვში ვერშბოუმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიცა და რუსეთიც ძალისხმევას არ უიშურებენ ბირთვული შეიარაღების შემცირების თაობაზე შემორჩენილ უთანხმოებათა მოსაგვარებლად და ამ მხრივ უკანასკნელ თვეებში არსებითი პროგრესიც იქნა მიღწეული. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი საბოლოოდ დააზუსტებენ ბირთვული შეიარაღების შესამცირებელი შეთანხმების ყველა დეტალს. [ალექსანდრ ვერშბოუს ხმა]: ”დოკუმენტი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე ძალზე მოკლე იქნება. ეს იქნება ხელშეკრულება, ან კიდევ სხვა სახის შეთანხმება, მაგრამ ყველა შემთხვევაში სავალდებულო. მთავარი ამჯერად ისაა, იქნება ეს ხელშეკრულება, რაც ჩვენის მხრივ სენატმა უნდა დაამტკიცოს, თუ სავალდებულო შეთანხმება, რომელსაც უკვე კონგრესის ორივე პალატის დამტკიცება დასჭირდება. მაგრამ დოკუმენტი მოკლე იქნება, ვინაიდან ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ არსებულ შეთანხმებათა მრავალი პირობა, განსაკუთრებით შემოწმებისა და გამჭვირვალეობის საკითხებში”.

გასულ წელს, ბუშმა და პუტინმა ივალდებულეს თვითეული მხარის ამჟამინდელი დაახლოებით 6000 ერთეულიდან 1500-სა და 2000-მდე დაიყვანონ შესაბამისად თავიანთი ბირთვული ქობინების რიცხვი. ბუში თავდაპირველად არაოფიციალური შეთანხმების იდეას უჭერდა მხარს, ხოლო რუსები სავალდებულო გარიგებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ ბუშმა შეცვალა პოზიცია და აღარაა სავალდებულო შეთანხმების დადების წინააღმდეგი, თუმცა შემდგომ მოლაპარაკებას საჭიროებს არაერთი საკამათო საკითხი. უთანხმოება გამოიწვია ვაშინგტონის წინადადებამ, რომ შენახულ იქნეს მისი ბირთვული ქობინები, რომლებიც ჩამოწერას ექვემდებარება, და არ მოხდეს მათი განადგურება. მოსკოვი არ ეთანხმება ამ წინადადებას და მიაჩნია, რომ შეიარაღების რეალური შემცირებისთვის აუცილებელია ქობინების განადგურება.

თუმცა რუსეთის პოზიცია ამ საკითხში რამდენადმე შერბილდა აპრილში, როცა თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ალბათ ნებას დართავს შეერთებულ შტატებს შეინახოს ზოგიერთი ჩამოწერილი ქობინა.

როგორც ალექსანდრ ვერშბოუმ აღნიშნა პრესკონფერენციაზე, ბირთვული შეიარაღების შესამცირებელი შეთანხმების გარდა ბუში და პუტინი სხვა დოკუმენტებსაც მოაწერენ ხელს სამიტზე, რომელიც 23 მაისს დაიწყება მოსკოვში.

”ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტები ხელს მოაწერენ პოლიტიკურ დეკლარაციას ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რასაც თან ექნება დართული პროგრამა ერთობლივი ქმედებისა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ანტი-სარაკეტო დაცვის, აგრეთვე ეკონომიკურსა და პოლიტიკურ საკითხებში”-განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

და ბოლოს, ალექსანდრ ვერშბოუ იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსეთში, რომელსაც ფართოდ გააშუქებენ შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებები, დაანახებს ამერიკელებს, რაოდენ შეიცვალა ვითარება რუსეთში 90-იანი წლებში მომხდარი არეულობისა და დესტაბილიზაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG