Accessibility links

logo-print

ბავშვთა უფლებების ხელყოფა რუმინეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ითვლება რომ რუმინეთში, ბავშვთა უფლებების ხელყოფა, როგორც წესი, ობოლთა სახლებში ან ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ ხდება.

მაგრამ ახლახან ჩატარებული გამოკვლევა –ამ სახის პირველი გამოკვლევა ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში – აჩვენებს, რომ საკმაოდ ხშირია ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ემოციური, ფიზიკური და სექსუალური ხელყოფაც კი.

გამოკვლევა ჩატარებულ იქნა რუმინეთის სამთავრობო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შესწავლილ იქნა 1500-ზე მეტი რუმინული ოჯახი. ირკვევა, რომ ყველაზე ხშირია ბავშვის ემოციური ხელყოფა (55 პროცენტი). ფიზიკური ხელყოფის სხვადასხვა ფორმები – დაწყებული მსუბუქი ფიზიკური დასჯით, დამთავრებული ექსტრემალური, მათ შორის, სასიკვდილო შემთხვევებით, შესწავლილ ოჯახთა თითქმის ნახევარში (47 პროცენტში) იქნა აღრიცხული.

ხელყოფა გაცილებით უფრო გავრცელებული მოვლენა აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. შარშან ოფიციალურად აღრიცხული იყო 700 შემთხვევა, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, სინამდვილეში ეს რიცხვი გაცილებით უფრო მაღალი უნდა იყოს.

ჯორჯეტა პაუნესკუ, ბავშვთა უფლებების ექსპერტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან “გადაარჩინე ბავშვი”, ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძნელია ხელყოფათა რიცხვის დადგენა, იმის გამო, რომ არ არსებობს შემთხვევების მონიტორინგი და მონაცემების ცენტრალური ბანკი.

[პაუნესკუს ხმა] “ერთადერთი უწყება, რომელსაც ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი შემთხვევების შესახებ აცნობოს, საავადმყოფოებია. დანარჩენი უწყებებისგან, რომლებმაც შეიძლება აღრიცხონ ან, სულ ცოტა, იცოდნენ ბავშვის სექსუალური ხელყოფის შესახებ, კანონი არ მოითხოვს სათანადო ორგანოებისთვის ინფორმაციის გადაცემას.”

ექსპერტების თქმით, ყველაზე ძნელი დასადგენია ემოციური ხელყოფა, თუმცა ეს ტრავმა შეიძლება მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეს ადამიანს. ყველაზე გავრცელებული ფორმაა მშობლებს შორის კონფლიქტი. ეს შეიძლება, აგრეთვე, იყოს ბავშვის უყურადღებოდ მიგდება ან, პირიქით, გადაჭარბებული ყურადღება. ფიზიკური ხელყოფა უმრავლეს შემთხვევაში ცემით გამოიხატება, ზოგჯერ ჯოხითაც კი.

გამოკვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების დაახლოებით 9 პროცენტი განიცდის სექსუალურ ხელყოფას მშობლების, უმრავლეს შემთხვევაში, მამინაცვლის მხრიდან.

ანალიზის თანახმად, ბავშვის ხელყოფას ხელს უწყობს სიდუხჭირე, გაუნათლებლობა და ალკოჰოლიზმი. მაგრამ, როგორც ჯორჯეტა პაუნესკუ აღნიშნავს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ფიზიკური დასჯის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება.

[პაუნესკუს ხმა] “ტიპურ რუმინულ ოჯახში მენტალიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მსჯელობა ასეთია: “მე გავაჩინე ეს ბავშვი, თუ საჭიროა მოვკლავ კიდეც. თუ ვცემ და აღვზრდი მკაცრად, ის ნამდვილი ადამიანი გამოვა. მე თვითონ მცემდნენ და აი, შემხედეთ, როგორი გამოვედი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ძალიან კარგი ადამიანი.”

თეოდორა ბერცი, ბავშვის დაცვისა და გაშვილების ახლახან დაარსებული ეროვნული უწყებიდან, ამბობს, რომ ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს ბავშვის დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნა. [ბერცის ხმა] “უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება კანონები, რომლებიც დაავალდებულებს ნებისმიერ პირს, განსაკუთრებით იმათ, ვისი პროფესიაც ბავშვთან კონტაქტს გულისხმობს – მასწავლებლებს, ექიმებს, სოციალური სფეროს მუშაკებს – მოახსენონ ბავშვის უფლებების ხელყოფის შესახებ სათანადო ინსტანციას და დასაჯონ ისინი, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.“

ბერცის თქმით, ზოგიერთი ცვლილება უკვე იქნა შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში. მაგალითად, მშობელი, რომელიც ბავშვის უფლებას ხელყოფს, დაისჯება.

მაგრამ, ბერცის აზრით, საზოგადოებასაც მართებს თავისი დრომოჭმული მენტალიტეტის შეცვლა. მისი თქმით, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო სკოლებში ბავშვის უფლების შესახებ პროგრამის განხორციელება, იმ იმედით, რომ როცა ეს ბავშვები გაიზრდებიან, ისინი საკუთარ შვილებს სხვაგვარად მოექცევიან, ვიდრე მათ მათი მშობლები ექცეოდნენ.

როგორც თეოდორა ბერცი აღნიშნავს, ანალიზი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგი უნდა იყოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის დაარსება და ბავშვთა უფლებების ხელყოფის შემთხვევათა ცენტრალიზებული ბანკის შექმნა.
XS
SM
MD
LG