Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ესმით რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში


აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 6 მაისს გაიხსნა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ნატოს მშვიდობისათვის პარტნიორობის კონსორციუმისა და ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევათა ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.

Aაღსანიშნავია, რომ მსგავს ღონისძიებას, რომლის მთავარ მიზანს რეგიონის წინაშე მდგარი უსაფრთხოების აქტუალური პრობლემების გაანალიზება წარმოადგენს, უკვე სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფომ უმასპინძლა, მაგრამ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების ირგვლივ შეჯერებული პოზიციის შემუშავება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ნატოს მშვიდობისათვის პარტნიორობის კონსორციუმის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში კრიზისების შემსწავლელი ჯგუფი 1999 წელს ჩამოყალიბდა და იგი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე სახელმწიფოს სამთავრობო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს. საქართველოს მხრიდან კონსორციუმის კოორდინატორის, მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა შემსწავლელი ცენტრის თავმჯდომარის, ირაკლი მჭედლიშვილის, განცხადებით, ასეთი ფორმატით ჯგუფის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული აქტუალური პრობლემების შესწავლა აკადემიური კვლევის საგნად იქცეს და მასში კონფლიქტების მოგვარებისა და ახალი გამოწვევების შესწავლით დაინტერესებული ბევრი ექსპერტი ჩაერთოს.

ამ თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დამოუკიდებლობის წლებში, მართლაც, ბევრი გადაულახავი პრობლემა დაუგროვდათ - აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიანი ყარაბახის, ხოლო საქართველოს - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების სახით, რაც უკიდურესად ართულებს რეგიონის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებას. სტატისტიკის თანახმად, რეგიონის მოსახლეობის ერთი მესამედი საზღვარგარეთ იმყოფება, ლტოლვილთა საერთო რაოდენობა კი სამივე რესპუბლიკაში, დაახლოებით, მილიონ- ნახევარს შეადგენს. M

საგულისხმოა, რომ, თუმცა ერთ დროს ყველაზე მშვიდობიან რეგიონად მიჩნეულ ამიერკავკასიაში შეიარაღებული დაპირისპირებიდან 10 წელი გავიდა, ხოლო კონფლიქტების პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი საერთაშორისო უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად იქცა, ვითარება კვლავაც ფეთქებადსაშიშ ხასიათს ატარებს.

6-7 მაისს ბაქოში გამართული კონფერენციის მონაწილეები სწორედ ასეთი სტაგნაციის გამომწვევ მიზეზებს აანალიზებენ და მსჯელობენ, არსებობს თუ არა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიიის ქვეყნებს გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს კონფერენციაში მონაწილეობას არ ღებულობს მწვავე გამოსვლებით ცნობილი სომხეთის დელეგაცია, პოლემიკა ცხადყოფს, რომ ეროვნული უსაფრთხოების ბევრი საკითხი თავად ქვეყნების შიგნით არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული. A

მაგალითად, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელს ალი აბასოვს მიაჩნია, რომ კონფლიქტების მოწესრიგების პროცესს აფერხებენ თავად სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ხელისუფლებაში არსებული ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც გაყინულ კონფლიქტებს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და თავიანთი წარუმატებელი საშინაო პოლიტიკის გასამართლებლად იყენებენ.

თუმცა უმრავლესობა მაინც იმ აზრს ემხრობა, რომ ყველა კონფლიქტი კავკასიის რეგიონში ინსპირირებულია რუსეთის მიერ და, თუ აქამდე ვერ ხერხდებოდა კონფლიქტების მოგვარება, ეს იმის ბრალია, რომ დასავლეთის მხრიდან არ ხდებოდა ზეწოლა კრემლის პოლიტიკაზე. 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოში შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ კი სიტუაცია შეცვალა. Kკერძოდ, დასავლეთის ქვეყნებისთვის ტერორიზმი და სეპარატიზმი იდენტური საფრთხეები გახდა, რამაც, შესაძლოა, რუსეთს უარი ათქმევინოს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერასა და ეგრეთ წოდებული მათრახის პოლიტიკის გამოყენებაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ.

კონფერენციაზე აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს კონფლიქტების მოწესრიგების შიდა რესურსი - ფართო დიალოგი დაპირისპირებულ მხარესთან და მისთვის მომგებიანი ეკონომიკური პროექტების შეთავაზება. Y

ყველაზე დიდი აზრთა სხვადსხვაობა კი ექსპერტთა ჯგუფის აზერბაიჯანელი თანათავმჯდომარის, გერმანიის მშვიდობისა და კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის ელხან ნურიევის გამოსვლამ გამოიწვია. Nნურიევმა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას მითი უწოდა და განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის არსებობდა ზესახელმწიფოების - მათ შორის, რუსეთის -სახელმწიფოებრივი ინტერესები და რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობაც სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებენ თუ არა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ ინტრესების დაბალანსებას.

ნატოს კონსორციუმის მიერ მოწყობილი კონფერენცია ბაქოში ოთხშაბათს მთავრდება. შემაჯამებელი შეხვედრა კი, რომელზეც უნდა გაირკვეს, თუ რა ფორმატით გაგრძელდეს მუშაობა ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემებზე- შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ციურიხში გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG