Accessibility links

logo-print

,,ბრიტიშ პეტროლიუმმა” საქართველოს ბიზნეს პერსპექტივებს კონფერენცია მიუძღვნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დიდი ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტებთან დაკავშირებით, აქციონერები მონაწილე ქვეყნებში საინფორმაციო პოლიტიკას ააქტიურებენ.

ამ დღეებში, კომპანია ,,ბრიტიშ პეტროლიუმის” ეგიდით, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა კონფერენცია “საქართველოს ბიზნეს პერსპექტივები”.

სანავთობო გიგანტმა “ბრიტიშ პეტროლიუმმა” თბილისში კონფერენცია მოაწყო აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიაში, შაჰ-დენიზის საბადოს პროდუქციის განაწილების შესახებ ხელშეკრულებასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის პროექტში მონაწილე პარტნიორების სახელით.

ღონისძიების მიზანი იყო ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებისათვის გაეცნოთ “ბრიტიშ პეტროლიუმის” მიერ ოპერირებული პროექტებისა და საქმიანობის სტატუსი და მომავალი გეგმები. კონფერენციაზე წარმოადგინეს, ასევე, ინფორმაცია მიმწოდებლებისათვის ხელმისაწვდომ ბიზნეს-შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო, აგრეთვე, ურთიერთობის გაღრმავება ბაზართან, განსაკუთრებით კი, ადგილობრივ ბაზართან.

“ბრიტიშ პეტროლიუმი” საუკუნის პროექტის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია. გასული წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც “ბრიტიშ პეტროლიუმმა” გამოაცხადა, რომ მიღებული აქვს ნებართვა აზერის, ჩირაგისა და გიუნშელის საბადოების სრულმასშტაბიანი განვითარების პირველი ფაზის განხორციელების თაობაზე, კომპანიამ რვა მსხვილი ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზის შესასრულებლად აზერბაიჯანში, - აცხადებს აზერბაიჯანში “ბრიტიშ პეტროლიუმის” პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი და გულისხმობს სამუშაოებს სანგაჩალის ტერმინალის გასაფართოებლად.

პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, - აღნიშნავს ვუდვორდი. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განსახორციელებლად, რადგან ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელია პირველი ფაზის მიერ მოწოდებული ნავთობის გაზრდილი რაოდენობის ტრანსპორტირებისათვის.
ვუდვორდის ინფორმაციით, უმოკლეს ხანში შესაძლებელი იქნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განსახორციელებლად ნებართვის მოპოვება, რასაც შედეგად მოჰყვება მშენებლობის დაწყება უკვე მომავალ წელს. მიმდინარე წლის ბოლოს კი “ბრიტიშ პეტროლიუმი” მიიღებს კიდევ ორი მსხვილი პროექტის - შაჰ დენიზის პირველი ეტაპისა და აზერის, ჩირაგისა და გუნეშლის საბადოების სრულმასშტაბიანი განვითარების მეორე ფაზის განხორციელების უფლებას.
,,ბრიტიშ პეტროლიუმი საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების საგარეო ურთიერთობათა დირექტორმა ენდრიუ ბეინსმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ “პროექტებს, რომლებსაც კომპანია ახორციელებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო “ბრიტიშ პეტროლიუმისათვის” და ინვესტორი პარტნიორებისათვის, არამედ საქართველოსა და იმ ორი ქვეყნისათვის, რომლებზეც ეს მილსადენები გაივლის.
ენდრიუ ბეინსის თქმით, ამ მილსადენების წარმატებით ფუნქციონირებისათვის მყარდება ურთიერთობა მთავრობებთან, კერძო პირებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიასთან. იგი ყველა შემთხვევაში დაფუძნებული იქნება მაღალ მორალურ პრინციპებზე, ასევე, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გაეროს დაცვის ნორმებზე, საჯაროობაზე, მოქნილობასა და საერთო წარმატებაზე.
დიდი ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტებს იმთავითვე სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფა ახლდა თან. პროექტის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ გამჭვირვალობის ხარისხი და სამუშაოების მიმდინარეობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგი მომავალშიც ისეთივე დარჩება.
XS
SM
MD
LG