Accessibility links

არჩევნები ნიდერლანდში


ელენე ლოთქიფანიძე ნიდერლანდში საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ მოაგროვა.

მეორე ადგილზეა - "პიმ ფორტეინის სია", რომელიც სულ სამი თვის წინ დაარსა მემარჯვენე რადიკალმა პოლიტკოსმა ფონტეინმა. როგორც ცნობილია, ის 6 მაისს იქნა მოკლული.

არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ჰოლანდიელმა ამომრჩეველმა უარყო მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია, რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა ნიდერლანდს.

პრემიერ-მინისტრ ვიმ კოკსის ლეიბორისტულ პარტიას 150 წევრიან პარლამენტში 45 დან მხოლოდ 23 ადგილი დარჩა.

ქრისტიან-დემოკრატებმა 14 ადგილით მეტი მიიღეს და პარლამენტში 43 დეპუტატი გაიყვანეს.

ყველაზე გასაოცარია "პიმ ფორტეინის სიის" წარმატება, რომელმაც 26 ადგილი მოიპოვა.

ფორტეინის მკვლელობამ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში მედიაში ცენტრალური ადგილი დაიკავა და, მიმომხილველების აზრით, ხელი შეუწყო მისი პარტიის წარმატებას.

ფონტეინი იმიგრაციის (უმთავრესად ჩრდილოეთი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან) შეჩერებასა და ბოროტმოქმედების დონის შემცირების მოწოდებით გამოდიოდა.

როგორც ჩანს, ნიდერლანდის მომავალი პრემიერ-მინისტრი იქნება უმრავლეობის მქონე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, 46 წლის იან პეტერ ბალკენენდე, ზედმეტსახელად "ჰარი პოტერი", რომელიც შეერქვა დიდი სათვალისა და ბავშვური გამომეტყველების გამო.

ბალკენენდე, ყოფილი პროფესორი თეოლოგიის დარგში, უძღვებოდა ქრისტიანული მაუწყებლობის ქსელს და ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვისა და ევთანაზიის კანონების წინააღმდეგ გამოდიოდა. ის მოითხოვს იმიგრანტების ინტეგრაციის მკაცრ წესებს, მათ შორის, ენისა და ჰოლანდიური კულტურის სავალდებულო ცოდნას.

ბალკენენდეს პლატფორმა ითვალისწინებს პოლიციის ძალების ზრდას, ნარკობიზნესის წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრებასა და აბორტების ლიბერალური კანონის გადასინჯვას.

მეორე ადგილზე, როგორც აღვნიშნეთ, მოკლული ფონტეინის პარტია გავიდა: მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. სიაში მეორე ნომერმა 27 წლის ჯოაო ვარელამ თქვა "დარწმუნებული ვარ, პიმი ზემოდან დაგვცქერისო".ვარელამ ილაპარაკა პარტიის გამარჯვებაზე, რომელსაც ოფიციალური პლატფორმაც კი არა აქვს. პარტიის წევრებს პოლიტიკური გამოცდილება აკლიათ, და როგორც როტერდამის ერაზმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს უტეცინგერმა თქვა, პარლამენტი ვიგინდარებით აივსება.

შრომის პარტიის ლიდერის ვიმ კოკის 8 წლიანი პრემიერ-მინისტრობის ვადა დაემთხვა ეკონომიკური ზრდისა და დაბალი უმუშევრობის პერიოდს, რომელსაც "ჰოლანდიურ სასწაულს" უწოდებდნენ.

კოკის მემარცხენე კოალიცია, რომელშიც თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალური პარტიაც შედიოდა, ცდილობდა სოციალური პოლიტიკის კანონების გატარებას, მათ შორის საროსკიპოების ლეგალიზებას. მისი მმართველობის ქვეშ გახდა ჰოლანდია მსოფლიში პირველი ქვეყანა, რომელიც ცნობდა ჰომოსექსუალურ ქორწინებას.

მემარჯვენე ტენდენცია, როგორც ჩანს, დამახასიათებელია დღევანდელი ევროპისთვის. ერთი თვით ადრე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, სოციალისტ ლიონელ ჟოსპენს კოკის მსგავსი ბედი ეწია.
XS
SM
MD
LG