Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპრეცედენტო გაქცევა და მორიგი საკადრო წმენდა სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში


თბილისის მე-5 საპყრობილის თითქმის მთელი ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა სასჯელაღსრულებით დეპარტმანტში 29 მაისს გამართული კოლეგიის სხდომა,

რომელზეც სპეციალურმა კომისიამ ამავე საპყრობილედან თვის დასაწყისში მომხდარი უპრეცედენტო გაქცევის ფაქტის შესახებ საკუთარი დასკვნა წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის პატიმარმა ზურაბ ზურაბაშვილმა, რომელიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა, 3 მაისს საპატიმროდან გაქცევა სხვა პატიმრის საბუთებით მოახერხა და Dდღემდე მიმალვაში იმყოფება.

საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებში გვირაბების თხრა და პატიმართა გაქცევ-გამოქცევა დიდ ხანია აღარავის უკვირს, მაგრამ 3 მაისს მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ისტორია ნამდვილად განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. იმ დღეს, როგორც ისუტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის დასკვნაში ვკითხულობთ, პატიმარმა ზურაბ ზურაბიშვილმა საპყრობილიდან გასვლა და გაქცევა მოახდინა ამავე დაწესებულების პატიმრის, რუსლან კაკოსიანის განთავისუფლების ცნობით.

თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, პატიმარმა, რომელიც სასჯელს საშიში დანაშაულისთვის - იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების დასაკუთრების მიზნით მომხდარი ყაჩაღობისთვის - იხდიდა, ყალბი საბუთით ხელში ყველა ინსტანციის გავლა ისე მოახერხა, რომ კაკოსიანსა და მას შორის განსხვავების აღმოჩენა ვერ შესძლო ვერც სპეცგანყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, ვერც ფოტო-დაქტილო სპეციალისტმა და ვერც საპყრობილის უფროსმა, რომელმაც ისე მოაწერა ხელი გათავისუფლების ცნობას, რომ პატიმარს პირადად არ შეხვედრია.

არაკომპეტენტურობისა და დანაშაულებრივი გულგრილობის მოტივით, სწორედ ამავე თანამიმდევრობით გათავისუფლდნენ თანამდებობიდან პასუხისმგებელი პირები და მათთან ერთად თითქმის მე-5 საპყრობილის Mმთელი ხელმძღვანელობა 29 მაისს, საჯელაღსულებით დაწესებულებაში ჩატარებულ კოლეგიაზე. ერთადერთი, ვინც ჯერჯერობით სავარძელი შეინარჩუნა თავად საპყრობილის უფროსი არახამიაა, რომელსაც წარსული დამსახურების გამო მხოლოდ სასტიკი საყვედურის პირად საქმეში შეტანა აკმარეს. თუმცა, მანამდე უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დარღვეულიყო, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის პაატა მხეიძის ბრძანებით შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა, ამ ფაქტის დეტალურ გამოძიებას სამი კვირა მოანდომა.

[პაატა მხეიძის ხმა] "

სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩვენთან საუბარში არ დაუმალავს, რომ ასეთი უპრეცედენტო დანაშაული, საკმარისი საფუძველი იქნებოდა ციხის მთელი ადმინისტრაციის გასათავისუფლებლად, მაგრამ იმ პირობებში, როცა დაბალი ანაზღაურების გამო კადრების მოზიდვა გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს, ასეთი რადიკალური ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებდა ისედაც მძიმე ვითარებას.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია, რომ ევროპულ სტანდარტებზე რეფორმირებული ქართული სასჯლეაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრების გაქცევა ნელ-ნელა ხელოვნების რანგში ადის და, თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, სულ მალე საქართველოს ციხე-კოლონიის რომელიმე ბინადრის გვარი გინესის რეკორდების წიგნშიც ამოვიკითხოთ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG