Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ავღანეთში ლოია ჯირგა იწყება


ელენე ლორთქიფანიძე ორშაბათს, 10 ივნისს ავღანეთში ერთი უზარამაზარი კარვის ჭერქვეშ თავს მოიყრის 1501 დელეგატი ქვეყნის ყველა კუთხიდან – ლოია ჯირგა,

რომელმაც უნდა დაამტკიცოს ქვეყნის გარდამავალი მთავრობის სტრუქტურა და პირადი შემადგენლობა.

არავინ უწყის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. ორგანიზატორი – გაროეს დამხმარებით მოქმედი დამოუკიდებელი კომისია – ვარაუდობს, რომ განხილვა 16 ივნისამდე გასტანს, ამავე დროს აცხადებს, რომ დაემატება იმდენი დღე, რამდენიც საჭირო იქნება. ერთადერთი ფიქსირებული ბოლო ვადაა 22 ივნისი, ბონის შეთანხმებით, ამ დღეს უნდა დაიწყოს გარდამავალმა ადმინტრაციამ მუშაობა.
გარდამავალი ადმინისტრაციის მუშაობის ბოლოს, ორი წლის შემდეგ, უნდა მოეწყოს საყოველთაო არჩევნები.

დელეგატების წინ მდგარი რამდენიმე ამოცანა, ავღანეთის პოლიტიკური ფრაგმენტაციის გათვალისწინებით, ადვილი გადასაწყვეტი არ არის. ლოია ჯირგამ უნდა მოიწონოს გარდამავალი ადმინისტრაციის ფარგლებში სახელმწიფოს მეთაური, დაამტკიცოს ძირითადი ინსტიტუციები და საკანონმდებლო ორგანო, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მეთაური.

ქაბულში ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, რომ გარადამავალი ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე წამყვანი კანდიდატია გადაყენებული მეფე მოჰამად ზაჰირ შაჰი რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ ლტოვილობიდან დაბრუნდა სამშობლოში. ის გამაერთიანებელ ფიგურად მოიაზრება, ვინაიდან მას მხარს უჭერს ქვეყნის პუშტუნების უმრავლესობა და აგრეთვე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობანი.

პრობლემები შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ პუშტუნები მოითხოვენ, რომ 87 წლის მეფემ აღადგინოს პაშტუნების დურანის დინასტიის ტახტი, ალბათ კონსტიტუციური მონარქიის სახით (დურანის დინასტია 200 წლის განმავლობაში მართავდა ავღანეთს). ეთნიკურ უმცირესობათა ლიდერები და ისლამისტი მუჯაჰედინების მეთაურები კატეგორიულად აღუდგებიან წინ მონარქიის აღდგენის მცდელობებს. ზაჰირ შაჰმა ადრე განაცხადა, რომ მონარქიების დრო წავიდა, მაგრამ ის დაემორჩილება ხალხის სურვილს.

გარდამავალი მთავრობის მეთაურის პოსტზე წამყვანი კანდიდატია ჰამიდ კარზაი, ამჟამინდელი დროებითი მთავრობის პუშტუნი მეთაური. მან უკვე აჩვენა, რომ შეუძლია ქვეყნის ეთნიკურ უმცირეობათა მეთაურებთან თანამშრომლობა. ესენი უსთავრესად ეთნიკურ ტაჯიკთა მებრძოლები არიან ქვეყნის ჩრდილოეთის პანშირის ველიდან. მაგრამ ზოგიერთი პუშტუნი ამას კარზაის მინუსად უთვლის.
პუშტუნები უკმაყოფილო არიან, რომ ამჟამად პანშირლებს სამი მთავარი უწყება – თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები აბარია.

მიუხედავად ამ პოტენციური პოლიტიკური უთანხმოებებისა, ლოია ჯირგას ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ მისი მუშაობა დაგვირგვინდება სიცოცხლისუნარიანი მთავრობის დანიშვნით.

ეს იმედები ეფუძნება იმას, რომ ასობით დელეგატი ხალხის მიერ იქნა არჩეული. დამატებით ამისა 450 დელეგატი აირჩია დამოუკიდებელმა კომისიამ ბიზნესის, ქალებისა რელიგიური ჯგუფებიდან. მოსალოდნელია, რომ ლოია ჯირგას 180 ქალი დაესწრება.

მაგრამ არჩევნებით ყველა კმაყოფილი არ არის. ზოგიერთები ჩივიან, რომ მათი რეგიონის მოსახლეობის სიდიდე სწორად არ იქნა დადგენილი და, შესაბამისად, დელეგატების კვოტა შეუმცირეს. დამოუკიდებელი კომისია აცხადებს, რომ ცდილობდა პატიოსნად წარმოედგინა ლოია ჯირგაზე ავღანეთის მთელი მოსახლეობა, მაგრამ ამ ამოცანას აძნელედბდა ის, რომ ქვეყანაში აღრიცხვა 1978 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

ლოია ჯირგა, ანუ დიდი საბჭო, არის ავღანეთის ტრადიციული საკონსულტაციო სისტემა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში წყვეტდა საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებს.

ტრადიციულად ჯირგაზე იკრიბებიან ტომთა ლიდერები შორეული პროვინციებიდან, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები და სამხედრო მეთაურები და დილიდან გვიან ღამემდე მსჯელობენ.

უკანასკნელად ლოია ჯირგა 1987 წელს შეიკრიბა, მაგრამ ბევრი მის ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს, ვინაიდან ის ორგანიზებული იყო საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობის მიერ, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარები იდგა.
XS
SM
MD
LG