Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობისა და გაზის მოპოვება საქართველოში ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს


1995 წლიდან მოყოლებული, გაზის ან ნავთობის მომპოვებელი თითოეული ახალი უცხოური კომპანიის შემოსვლას საქართველო მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდა და მოსახლეობასაც ებადებოდა დიდი იმედი იმისა,

რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც, ჩვენი ქვეყანა ადგილობრივი რესურსებით დაკმაყოფილებას მოახერხებდა . თუმცა, ამ მხრივ, აღსაფრთოვანებელი შედეგები ჯერჯერობით ნამდვილად არ გამომჟღავნებულა.

სტატისტიკა მოწმობს, რომ თუკი 1995-2000 წლებში საქართველოში ნავთობის მოპოვების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, იგივე მაჩვენებელი 2001 წელს აშკარა კლების გზას დაადგა. თუმცა, თავის მხრივ, ვერც 2000 წლის შედეგი, პიკად მიჩნეული 109 ათასი ტონა, იძლევა ზეიმის საბაბს, რადგანაც, ექსპერტთა გამოთვლით, საქართველოს წელიწადში 5 მილიონი ტონა ნავთობი და 8 მილიარდი კუბური მეტრი აირი ესაჭიროება. რაც შეეხება აირს, მისი მოპოვება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ საგარეჯოს რაიონში მიმდინარეობს და, ისიც, ძალიან უმნიშვნელო მასშტაბით.

აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოში სხვადასხვა დროს 8 უცხოური კომპანია შემოვიდა, რომელთა ერთ ნაწილს ენერგომატარებლების ძებნა-ძიების პროცესში, ცოტა არ იყოს, იმედები თავადაც გაუცრუვდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გაზისა და ნავთობის საბადოების ძებნა ლატარიას ჰგავს და ძალიან დიდ რისკთანაც არის დაკავშირებული. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ არაზუსტ გათვლებზე დაფუძნებული შრომა, მრავალნულიან ფულად ხარჯთან ერთად, უბრალოდ, წყალში ჩაიყაროს. მიუხედავად ამისა, უცხოური კომპანიები ქართულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ და ოპტიმისტურ განწყობილებას ინარჩუნებენ.

თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ შევარდნაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით ლოდინი მობეზრდა და 12 ივნისის მთავრობის სხდომაზე საქართველოში მოღვაწე უცხოური კომპანიებისა და მათი პარტნიორი ქართული ფირმების მისამართით აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრი ტონით აღნიშნა, რომ მოპოვების დაბალი მასშტაბები ქვეყანაში ენერგომატარებლების მოთხოვნილებას ნაწილობრივაც კი არ აკმაყოფილებს და ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზებით სერიოზულად დაინტერესდა. “თუ საქართველოში არ არის ნავთობი, აღიარონ ვაჟკაცურად,”- ასე ურჩია პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნავთობის მოძიებით დაკავებულ კომპანიებს, თავად კი შეიძლება ინანა კიდეც, რომ ერთ დროს (ძალიან აღფრთოვანებულმა) ხსენებული ენერგომატარებლით სავსე ჭიქა ლამის ბოლომდე გამოსცალა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად ახსოვს და ახსოვს ისიც, რომ შევარდნაძემ მაშინ ნავთობის გემო ფრიად მოიწონა.

არადა, როგორც წინასწარი (ეგრეთ წოდებული - დაზვერვითი) სამუშაოებით ირკვევა, საქართველოში ნავთობის პოტენციური მარაგი, დაახლოებით, 600 მილიონ ტონას შეადგენს. გაზისა და ნავთობის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გია ითონიშვილის განცხადებით, ამ მხრივ ქვეყანას პერსპექტივები ნამდვილად აქვს, თუმცა რეალური შედეგების დასანახად მას კიდევ რამდენიმე წელიწადს მოუწევს ლოდინი. ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ხსენებული სააგენტო ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიებზე ლიცენზიებს გასცემს და, ხელისუფალთა აზრით, სწორედ მან უნდა გამოიჩინოს მეტი მომთხოვნელობა და კონტროლიც უნდა გაამკაცროს. თუმცა ითონიშვილი მიიჩნევს, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვების დღეს არსებული დაბალი მაჩვენებლები აბსოლუტურად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და ამ საკითხში უშუალოდ მომპოვებელი კომპანიების დადანაშაულება უსამართლობა იქნებოდა. თუმცა სააგენტოს თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე უკლებლივ ყველა მომპოვებელ კომპანიას უნდა მოეთხოვოს (რაც, სხვათა შორის, ადრეც ხდებოდა).

ასეა თუ ისე, ხელისუფლება მარეგულირებელ სააგენტოს კონტროლის გამკაცრებას ავალებს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად სახარბიელო შედეგს გამოიღებს და რამდენად სწრაფად აისახება ეს ადგილობრივი ენერგომატარებლების მოპოვების მასშტაბებზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG