Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში რელიგიის თავისუფლება ისლამური გავლენის გაძლიერებას უპირისპირდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა აზერბაიჯანში ტრადიციულად შიიტი მუსლიმანების ქვეყანაში, ბოლო ათი წლის განმავლობაში რელიგიური აღორძინება შეიმჩნევა. ოფიციალური სტატისტიკით, მეჩეთების რიცხვი ამ პერიოდში ასჯერ გაიზარდა.



ქვეყანა ისტორიულად ტოლერანტობით გამოიჩევა, მაგრამ ბოლო დროს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაცია შეინიშნება და ისმება კითხვა, სად გადის ზღვარი რელიგიურ თავისუფლებასა და მთავრობის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობას შორის

აზერბაიჯანი მსოფლიოში შეიძლება ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ისლამი მიიღო, მაგრამ რელიგიას მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდი გავლენა არა აქვს. ბევრი აზერბაიჯანელი სვამს ალკოჰოლს. გაიგონებთ, მოჰამედმა ღვინის სმა აკრძალა, არაყზე კრინტი არ დაუძრავსო. ზაფხულში ქალების ჩაცმულობა უფრო საბანაო კოსტიუმს მოგაგონებთ, ვიდრე მაჰმადიანი ქალის თავიდან ფეხებამდე დასაფარ სამოსელს.

მაგრამ ამ გაზაფხულზე თავი იჩინა სახელმწიფოსა და რელიგიას შორის დაპირისპირებამ. ახალმა სამთავრობო სტრუქტურამ, “რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტმა”, ყველა რელიგიური ჯგუფის აღრიცხვაზე აყვანა მოითხოვა. ბევრი ჯგუფი ჩივის, რომ კომიტეტი მათი განცხადებების განხილვას აჭიანურებს ან საერთოდ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე.

აპრილში სასამართლომ ხუთ მამაკაცს – აზერბაიჯანელებსა და უკრაინელებს – პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი ედებათ დასავლეთის საელჩოებზე თავდასხმისა და მთავრობის ჩამოგდების გეგმების შედგენაში. პროკურატურის თქმით, ეს ადამიანები არიან არალეგალური ისლამური ჯგუფის ჰიზბ უტ-ტაჰრირის წევრები. ეს ჯგუფი შუა აზიაში მშვიდობიანი გზით ისლამური სახელმწიფოს დაარსებას გეგმავს.

მაისის დამდეგს რამდენიმე უნივერსიტეტსა და ქალებს შორის დაიწყო კონფლიქტი. მათ უკრძალავდნენ ლექციებზე თავსაბურავებთ მისვლას.

შემდეგ “რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობათა კომიტეტმა” მოლების ანუ რელიგიური ლიდერების ერთგვარი ოფიციალური სერტიფიცირება მოითხოვა.

და შეიძლება ყველაზე შემაშფოთებელი ინციდენტი იყო პროტესტები, რომლებიც თვეების განმავლობაში უკმაყოფილების შემდეგ დაიწყო ბაქოს ახლომდებარე სოფელ ნარდარანში, სადაც ივნისის დასაწყისში სოფლელებსა და უშიშროების ძალებს შორის შეიარაღებულ შეტაკებაში სულ ცოტა ერთი ადამიანი იქნა მოკლული.

რაფიკ ალიევმა, “რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობათა კომიტეტის” თავმჯდომარემ, თქვა, რომ რელიგია ნარდარანში ბრორტად იქნა გამოყენებული. [რაფიკ ალიევის ხმა] “ნარდარანის შემთხვევაში, რელიგია გამოყენებულ იქნა, როგორც წაქეზების იარაღი და არა სოფელში მშვიდობის დასამყარებლად. ადამიანი, რომელსაც მართლა უყვარს რელიგია არასოდეს არ გამოიყენებს მას ამის მსგავს მიზნებით. რელიგია პიროვნების შინაგანი მდგომარეობაა.მისი ამგვარად გამოვლინება დიდი ცოდვაა”.

დაპატიმრებულ იქნა ისლამური პარტიის ორი წევრი. მაგრამ ყველა არ თვლის, რომ შეტაკებების პროვოცირებაზე პასუხს ისლამური პარტია აგებს. სოფლელები თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ სოციალური სამსახურების გაუმჯობესებას, სოფელში მიმავალი გზების შეკეთებას და გაზისა და ელექტროენერგიის რეგულარულად მიწოდების უზრუნველყოფას.

ყურანის მასწავლებელი და ოპოზიციური სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე ნარიმან ყასიმოღლუ ამბობს, რომ მთავრობამ ნარდარანის კონფლიქტის გამოიყენა ისლამური პარტიის დასარბევად და შეიძლება ირანისთვის მესიჯის გასაგზავნად, ვინაიდან ეს პარტია პროირანულია.

ყასიმოღლუ, ბევრი სხვის მსგავსად თვლის, რომ ირანი ცდილობს თავისი ისლამური რევოლუციის ექსპორტს აზერაბიჯანში, რომელსაც ირანთან მჭიდრო ეთნიკური და ისტორიული კავშირების აქვს.
[ყასიმოღლუს ხმა] “გარკვეულწილად ირანს შეუძლია ამ მოვლენების გამოყენება საკუთარ ინტერესებში, მისი სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით. შეიძლება ირანს ნათლად უნდა განემარტოს, რომ მას ჰმართებს აქ მისი ყველა აგენტის საქმიანობის შეწყეტა.”.

ერთ-ერთი საერთაშორისო მიმომხილველი, რომელიც სწავლობს ირანის გავლენას აზერაბიჯანზე, ამბობს, რომ “რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის”, ერთ-ერთი ამოცანაა წინ აღუდგეს ქვეყანაზე ირანის რელიგიურ გავლენას.

რაფიკ ალიევი, კომიტეტის თავმჯდომარე მისი უწყების მიზნებს ასე აყალიბებს: [რაფიკ ალიევის ხმა] ”ხალხის დაცვა რელიგიისგან და რელიგიის დაცვა ხალხისგან. ჩვენ ვართ ხიდი საზოგადოებასა და რელიგიურ სტრუქტურებს შორის. ჩვენი მიზანია სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობის დამყარება.”

ყასიმოღლუ, თუმცა თავს მთავრობის მომხრეებს არ აკუთვნებს, ეთანხმება აზრს, რომ აზერბაიჯანში საჭიროა რელიგიური საქმიანობისთვის თვალყურის დევნება. ის აღიარებს, რომ რელიგიის თავისუფლების რადიკალური კანონი მიღებული აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის აბულფაზ ელჩიებეის მმრათველობის ჟროს, შეიძლება მეტისმეტი იყო. [ყასიმოღლუს ხმა] “თუ გაუღებთ საზღვრებს ირანსა და საუდის არაბეთს ან რელიგიურ სექტებს თურქეთიდან, მათ შეიძლება ერთგვარი პრობლემები შეგვიქმნან, ვინაიდან აქ რელიგიის ცოდნის ძალიან დაბალი დონეა. საზოგადოება უნდა ზრუნავდეს ყველა ადამიანზე. უკეთესია რეგულირება და ყველა სექტის მშვიდობიანად თანაარსებობის პირობების შექმნა.”

თუმცა მოსახლეობა დადებითად უყურებს მოლების სერტიტფტცირებას, გაურკვეველია, რამდენად უჭერს მხარს ქალებისთვის თავსაფრების აკრძალვას.

რაფიკ ალიევის თქმით, უნივერსიტეტებში თავსაფრების აკრძალვას მთავრობა არ მოითხოვს, მაგრამ პიროვნების დამადასტურებელ საბუთებში ფოტოსურათზე ქალი თავშიშველი უნდა იქნეს გადაღებული.
XS
SM
MD
LG