Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი ინტერესები დგას იარაღის უკანონო ბიზნესის უკან?


საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი პროგნოზიც კი თითქმის

ასპროცენტიანი სიზუსტით მართლდება. ნარკოტიკული ნივთიერებების, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის პარალელურად, საქართველო ამჯერად იარაღის უკანონო ბრუნვის თვალსაზრისითაც მყარად იმკვიდრებს მოწინავე პოზიციებს. საამისოდ საქართველოში ყველა ხელსაყრელი პირობაა შექმნილი - არამოტივირებული, ხშირად, კრიმინალური წარსულის მქონე ოფიცერთა კადრების, კორუმპირებული პოლიციის, პროკურატურისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახით. ის ფარსი, რაც ამ დღეებში იარაღის უკანონო ბრუნვის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით მთელი მოსახლეობის თვალწინ თამაშდება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში ყველაფერი დალპა.

ყველა "აკრძალულ ხილს", ნარკოტიკი იქნება ის თუ კონტრაბანდული საქონელი, თავისი მომხმარებელი ჰყავს. ასეა ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაშიც. თუმცა საქართველო იარაღით მოვაჭრეებისთვის გაცილებით უფრო ადრე იქცა მიმზიდველ ქვეყნად, ვიდრე ნარკობარონებისთვის. ასეთ დამოკიდებულებას კი, თავის მხრივ, ორი ფაქტორი განაპირობებდა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რესპუბლიკის ტერიტორიაზე თითქმის უპატრონოდ დარჩენილი სამხედრო საწყობები, სადაც საბჭოთა წარმოების ყველაზე თანამედროვე იარაღისა და საბრძოლო მასალების შეძენა შეიძლებოდა, და ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ერთიმეორის მიყოლებით გაღვივებული კონფლიქტები, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდა იარაღის გასაღების საუკეთესო ბაზარს, თანაც ისეთს, რომელიც იმთავითვე უზრუნველყოფდა სრულ ხელშეუხებლობას სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან.

ვინ გაბედავდა, მაგალითად, ეთხოვა თენგიზ კიტოვანისთვის ან ჯაბა იოსელიანისთვის იმ იარაღის ნუსხისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელიც, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების გასაღვივებლად, უხვად მოედინებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საწყობებიდან. ანდა იცის კი დღეს ზუსტად ვინმემ, თუ რა რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა მიიღო ქართულმა არმიამ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დროს და რა წავიდა "მარცხნივ", სხვა ქვეყნების იარაღის დეფიციტის შესავსებად?

ბუნებრივია, რომ არა. შიდა კონფლიქტებმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად წამოიწყო, ყველაფერი ჩამოწერა ანგარიშებიდან. საქართველოში დღეს ძალზე იოლია ნებისმიერი დონის სახელმწიფო მოხელის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის საჯარო კრიტიკა, მაგრამ საკმარისია დაინტერესებულმა ჟურნალისტმა ან დეტექტივმა წამოწიოს იარაღით ვაჭრობის რომელიმე მივიწყებული კონკრეტული საქმე, რომ იგი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენებს საკუთარ სიცოცხლეს. და ასეთი განუკითხაობის ატმოსფეროს დაკანონებას ხელს უწყობს თავად სახელმწიფოს მეთაური, რომლის ზეწოლის შედეგად ვერ იხილა დღის სინათლე ბევრმა რეზონანსულმა სისხლის სამართლის საქმემ, მათ შორის, ალექსანდრე შუშანაშვილის ხელმძღვანელობით, სამხედრო პროკურატურის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ, რომელსაც აფხაზეთში სამხედრო მარცხის მიზეზები უნდა დაედგინა. ძიების შედეგად, გამოიკვეთა სამხედრო მარცხში დამნაშავე მთელი წყება მაღალი სამხედრო ჩინოსნების, გენერლების და სახელმწიფო მოხელეებისა. დანაშაულის ძირითად სახეებს კი ბრძანების შეუსრულებლობა, საბრძოლო პოზიციების მიტოვება, აგრეთვე, იარაღისა და საბრძოლო მასალების დაკარგვა-დატაცება წარმოადგენდა. მაგრამ საკმარისი იყო გაზეთ "7 დღეში" ზოგიერთი გენერლის გვარის ხსენება, რომ ედუარდ შევარდნაძემ შუშანაშვილი ჩამოაშორა სამხედრო პროკურატურას, ხოლო ძიება შეწყდა.

თუმცა ინფორმაციის გაჟონვა მხოლოდ საბაბი იყო, რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ შევარდნაძეს თავისივე ხელქვეითების მხრიდან შურისძიებისა შეეშინდა. "ჯერ არ დამდგარა სიმართლის თქმის დრო", უთქვამს მაშინ შევარდნაძეს სამხედრო პროკურორ ალექსანდრე შუშანაშვილისთვის.

სამაგიეროდ, მოხდა პარადოქსი. 4 წლის წინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის გზაზე აფეთქებდნენ, ტერორისტებმა მის წინააღმდეგ სწორედ აფხაზეთგამოვლილი იარაღი გამოიყენეს. ერთ-ერთ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვს, რომელიც მაშინ, საბედნიეროდ, არ აფეთქდა, ასეთი წარწერა ამშვენებდა: "სახსოვრად აფხაზებს".

ბუნებრივია, ის რაც ვერ შეძლო პრინციპულმა ალექსანდრე შუშანაშვილმა, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ვერც სხვებმა შეძლებს. მეტიც, იმ დღიდან მოყოლებული, სამხედრო პრუკურატურის ორგანოები მთლიანად ხელისუფლების მორჩილ სტრუქტურად იქცა. დღეს ხშირად გაიგონებთ ლეგენდებს ყოფილი სამხედრო პროკურორისა და ამჟამინდელი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბადრი ბიწაძის პრინციპულობის შესახებ, კერძოდ, თუ როგორ დაუპირისპირდა იგი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს და თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს, რომლებმაც გაბედეს და არ დაუშვეს სამხედრო პროკურორები დოკუმენტების შესამოწმებლად. მაგრამ ერთ-ორ სამეურნეო ხასიათის დანაშაულს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, სამხედრო პრუკურატურა უძლური აღმოჩნდა მუშაობა ბოლომდე მიეყვანა, როდესაც სისხლის სამართლის საქმე საბრძოლო იარაღის ქურდობას ან მის უკანონო გადაზიდვას შეეხებოდა. ასე იყო შარშან, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი 5 ყუმბარსატყორცნით დააკავეს ზუგდიდთან, მოგვიანებით კი იგივე სურათი განმეორდა ცხინვალთან, საიდანაც, ისევე როგორც ოთხი დღის წინ, ქართული სამშვიდობო ბატალიონის ოფიცერს მანქანაში ტანკსაწინააღმდეგო "ფოგოტები" აღმოუჩინეს.

17 ივნისს, თბილისის შემოსასვლელთან, უშიშროების მაიორ სიმონ მჭედლიძის მანქანაში აღმოჩენილი "ფოგოტები," მართლაც, სპეციალური იარაღია და არ არის გამორიცხული, რომ იგი შემდგომი ტერაქტებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. მაგრამ საკმარისი იყო ამჟამინდელ მთავარ სამხედრო პროკურორ გია ჯიქიას არ გაეზიარებინა პრეზიდენტ შევარდნაძისეული ეს ვერსია, რომ მის წინააღმდეგ ნამდვილი პროპაგანდისტული კამპანია გაჩაღდა, თანაც იმ საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, რომელთაც აქამდე სამხედრო პროკურორის წარსულ ცოდვებზე ხმამაღლა არასოდეს უსაუბრიათ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG