Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბუშმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების ახალი გეგმა წარმოადგინა. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა თქვა,

რომ პალესტინელ ხალხს ესაჭიროება ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც შეურიგებელი იქნება ტერორისტების მიმართ და შეძლებს უშიშროების გარანტიის თაობაზე მეზობლებთან შეთანხმების მიღწევას.

ჯორჯ ბუშმა მოუწოდა პალესტინელებს, აირჩიონ ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც შეურიგებელი იქნება ტერორისტების მიმართ: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”მე მოვუწოდებ პალესტინელ ხალხს, აირჩიოს ახალი ლიდერები, რომლებიც უკომპრომისონი იქნებიან ტერორის მიმართ. და მოვუწოდებ მათ, ასევე, დაამყარონ ქმედითი დემოკრატია, რომელიც შემწყნარებლობასა და თავისუფლებაზე იქნება დაფუძნებული”.

პრეზიდენტი ბუში პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების იდეასაც შეეხო: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”და როცა პალესტინელ ხალხს ახალი ლიდერები, მმართველი სტრუქტურები და უშიშროების ახალი შეთანხმებები ექნება თავის მეზობლებთან, ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინის სახელმწიფოს დაარსებას დაუჭერს მხარს”.

მართალია, ბუშს არ უხსენებია იასირ არაფატი, თუმცა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის გადადგომას რომ გულისხმობდა, ეს აშკარა იყო. პალესტინელთა ხელმძღვანელობის წევრმა საებ ერექათმა პალესტინელებისადმი ჯორჯ ბუშის მოწოდებას, ახალი ხელმძღვანელობა აირჩიონ, მიუღებელი უწოდა. ”იასირ არაფატი პალესტინელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერია, და ამას პატივი უნდა სცეს ყველამ” - განაცხადა საებ ერექათმა.

თავად არაფატი მიესალმა ბუშის გამოსვლას და განაცხადა, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა მზადაა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან განიხილოს პრეზიდენტ ბუშის სამშვიდობო გეგმა. ბუშმა თქვა, რომ პალესტინელებმა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა აირჩიონ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ამჟამინდელისაგან განსხვავებით, ფართო უფლებებით იქნება მოსილი, და ამასთანავე, შექმნან კონსტიტუცია.

ჯორჯ ბუშმა მოუწოდა ისრაელს, პალესტინელთა ტერიტორიებიდან იმ საზღვრებამდე გაიყვანოს თავისი ჯარი, რომლებიც 1967 წლის ომამდე არსებობდა, ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში – ებრაულ დასახლებათა მშენებლობა შეწყვიტოს. ”პალესტინელთა ტერიტორიების სამუდამო ოკუპაცია ისრაელის თვითმყოფადობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. პალესტინის სტაბილური, მშვიდობიანი სახელმწიფო აუცილებელია იმ უშიშროების უზრუნველსაყოფად, ისრაელს რომ ესაჭიროება” - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ისრაელის მთავრობა მიესალმა ჯორჯ ბუშის სამშვიდობო გეგმას და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება, მხოლოდ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ გახდება შესაძლებელი. არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამშვიდობო გეგმაში რამდენიმე სასიკეთო წინადადებაა წამოყენებული. საუდის არაბეთსა და სირიას არ გაუკეთებიათ კომენტარი პრეზიდენტ ბუშის გამოსვლასთან დაკავშირებით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა მხარი დაუჭირა ჯორჯ ბუშის წინადადებას, რომ აუცილებელია პალესტინელთა ხელმძღვანელობის შეცვლა. ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პირიქით, აღნიშნა, რომ იასირ არაფატი პალესტინელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერია.
XS
SM
MD
LG