Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონდ “ჰორიზონტის” მიერ შექმნილი ვიდეოკლიპები


მესამე სექტორის ფონდმა “ჰორიზონტმა,” გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობის ამსახველი 11 ვიდეოკლიპი გადაიღო.

ვიდეოკლიპებს, როგორც პრაქტიკული ღირებულების მქონე სოციალურ რეკლამას, ორგანიზაციები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ, იქნება ეს დონორთან ურთიერთობა თუ ტელეეთერი, რისთვისაც ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური სერტიფიკატია საჭირო. ვიდეოკლიპების მუშაობის ეფექტურობის შეფასება სამომავლო საქმეა, მანამდე კი ვიტყვით, რომ ფონდმა “ჰორიზონტმა” საკუთარ სტუდიაში - “სტუდია-3-ში”- 11-დან 9 ვიდეოკლიპი უფასოდ დაამზადა, არასამთავრობო ორგანიზაციათა შესარჩევად კი სპეციალური ლატარია გაათამაშა.

მესამე სექტორის განვითარების ფონდის- “ჰორიზონტის” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობის ამსახველი 11 ვიდეოკლიპის პრეზენტაცია მესამე სექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის პროგრამაში მოექცა. საქართველოში სამოქალაქო სექტორის ათწლიანი ისტორიის შესაჯამებლად, თბილისის გარდა, ექვსი რაიონი შეირჩა: თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი და ახალციხე. კამპანიის მიზანი - დაენახვებინა საზოგადოებისთვის, რომ დემოკრატია მესამე სექტორის მიერ შექმნილ ფუნდამენტზე შენდება, რამდენადმე მიღწეულია.
[მანანა დუმბაძის ხმა]“ იდეალური სურათი დავხატე, თითქოს, მაგრამ რაღაცა პატარა მასშტაბში ეს ასეა, იცით. ძალიან კი , რა ვიცი, ეხლა, არასამთავრობო სექტორს რაღაცა მიზანმიმართულად... ერთი პერიოდი დისკრედიტაცია ხდებოდა ამ სექტორის, მაგრამ, პრინციპში, ძალიან ბევრი კარგი საქმეც კეთდება”. [სტილი დაცულია]
ფონდ “ჰორიზონტის” წარმომადგენლის მანანა დუმბაძის ნათქვამს დავძენთ, რომ დღეისათვის საქართველოში აქტიურად მოქმედი, სულ მცირე, 500 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა მოღვაწეობა საქართველოში მცხოვრებთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებას ინტენსიურად უწყობს ხელს. აი, ვთქვათ, 11-დან ერთ-ერთი ვიდეოკლიპის მფლობელი - თბილისური არასამთავრობო ორგანიზაცია“სამგორი”. ის სპონტანურად შეიქმნა, მაგრამ დღეისათვის ადგილობრივი ხელისუფლების გაკონტროლებას ეფექტურად ცდილობს.ასე მაგალითად, თბილისის “სამგორის” რაიონის ბიუჯეტი მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით იქმნება. ეგრეთ წოდებული, ადგილობრივი დემოკრატიის მიღწევაა ისიც, რომ “სამგორის” ლიდერი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს განაცხადოს, რომ ორგანიზაცია “სამგორის” წევრები რაიონის ბიუჯეტის გაკონტროლებას იწყებენ.
საქართველოში მესამე სექტორის ფონდის – “ჰორიზონტის” მიერ სარეკლამო ვიდეოკლიპები დაუმზადდათ, აგრეთვე, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორებიცაა: “საფეხურები”, “საქართველოს ბიბლიოთეკართა ასოციაცია”, “ინფორმაციის სპეციალისტთა ასოციაცია” და სხვ. თუმცა დავაზუსტებთ, რომ ვიდეოკლიპის უფასოდ დამზადების უფლება ორგანიზაციებმა არა პოპულარობის, არამედ მარტივი ლატარიის წყალობით მოიპოვეს.
[მანანა დუმბაძის ხმა]“ ისე, რომ არავინ დაგვწამოს ცილი, პატარა გოგონა მოგვყავს - პატარა ბავშვი გვყავს და აკვარიუმში გვაქვს ჩაგდებული კინდერის ბურთები და შიგ არის ორგანიზაციების სახელები, ვინც არის წარმოდგენილი და ვინც თამაშობს ამ ლატარიას და ამ ბავშვის ამოღებული ლატარია არის ის, ვინც გაიმარჯვა.”[სტილი დაცულია]
პირველ ლატარიაში სულ 18 ორგანიზაცია მონაწილეობდა. მოგვიანებით საგრძნობლად გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც დაიჯერა, რომ ორ თვეში ერთხელ შესაძლებელია სამი ძვირად ღირებული კლიპის უფასოდ დამზადება.
XS
SM
MD
LG