Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება ავღანეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობამ ექსპერტები გაგზავნა ავღანეთში ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად, რომლის დროსაც ამერიკის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული ბომბი

მიზანს აცდა და ცენტრალურ ავღანეთში, ურუზღანის პროვინციაში ჩამოვარდა, რამაც, სულ ცოტა, 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ავღანეთის მხარე აცხადებს, დაბომბვა მას შემდეგ მოხდა, რაც სოფელ კაკარაქის მკვიდრნი ქორწილს ზეიმობდნენ, და ტრადიციისამებრ ჰაერში ისროდნენ.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ ინციდენტის გამოძიება საგანგებო კომისიას დაავალა. აშშ-ის ჯარის სარდლობა აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას თვითმფრინავებს საზენიტო არტილერიამ გაუხსნა ცეცხლი. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბომბდამშენმა ”B 52”-მა ”ალ-ყაიდისა” და თალიბების გამოქვაბულისა და ბუნკერის კომპლექსზე მიიტანა იერიში ურუზღანის პროვინციაში. ამ ოპერაციის დროს, რომელშიც სახმელეთო ჯარის შენაერთებიც მონაწილეობდნენ, ბომბდამშენს საზენიტო არტილერიამ გაუხსნა ცეცხლი.

ასეა თუ ისე, ორშაბათს მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია სახიფათოა და არა მარტო ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც.
XS
SM
MD
LG