Accessibility links

logo-print

ავთანდილ ჯორბენაძის პერსპექტივა პრემიერ-მინისტრის პოსტზე


როგორც კი მოქალაქეთა კავშირის მეხუთე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ავთანდილ ჯორბენაძე აირჩია, მეორე დღესვე გაჩნდა ინტერესი ორი მიმართულებით:

გამოცხადდება თუ არა ჯორბენაძე პრეზიდენტის მემკვიდრედ და დაინიშნება თუ არა იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ზურაბ ჟვანიას სახელისუფლო კარიერა სწორედ მაშინ დაეშვა დაღმართზე, როდესაც იგი სავარაუდო მემკვიდრედ და პრემიერ-მინისტრის პოსტის ერთადერთ კანდიდატად დასახელდა. რა არის მოსალოდნელი ავთანდილ ჯორბენაძის შემთხვევაში?

ქართული პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით, პრეზიდენტობის რეალური კანდიდატებისთვის არსებით მნიშვნელობას იძენს პრემიერ-მინისტრის პოსტი. თითქოს, თავისთავად იგულისხმება, რომ სწორედ ის პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც პრემიერ-მინისტრად დაინიშნება, გახდება კიდეც ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის შემდეგ.

სჭირდება თუ არა ავთანდილ ჯორბენაძეს მაინცდამაინც პრემიერ-მინისტრის პოსტი წარმატებული სამომავლო კარიერისთვის? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ზურაბ ჟვანიას ანალოგიით ვერ ვიმსჯელებთ. ამისთვის სამი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ჟვანია პარლამენტს ხელმძღვანელობდა და მისი შემდგომი კარიერისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა აღმასრულებელი ბერკეტების დაუფლება. ავთანდილ ჯორბენაძე კი სახელმწიფო მინისტრია და, თავადაც აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ძალაუფლება და ბერკეტები საკმარისია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

მეორეც: ზურაბ ჟვანიასთვის საკონსტიტუციო ცვლილებები და პრემიერ-მინისტრის პოსტი ნიშნავდა საკუთარი გუნდით, საკუთარი კაბინეტით მოსვლას აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სხვა შემთხვევაში, ჟვანიას გადასვლა ამჟამინდელი სტრუქტურის მთავრობაში - ვთქვათ, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ნიშნავდა მის იძულებით თანამყოფობას და თანამშრომლობას მისთვისვე მიუღებელ ძალებთან. ასეთი თანამშრომლობა დასრულდებოდა ზუსტად იმავე შედეგით, რითიც დასრულდა მიხეილ სააკაშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის მინისტრობა.

ავთანდილ ჯორბენაძის შემთხვევაში კი, საკმარისია პრეზიდენტის კეთილი ნება და მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის ერთიანი გუნდის შექმნას წინ ვერაფერი დაუდგება. კარგა ხანია, საუბარია მთავრობის ნაწილობრივ განახლებაზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეფორმაზე სახელმწიფო კანცელარიაში. ცხადია, ისევ და ისევ პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, მთავრობაც და კანცელარიაც ადვილად მიიღებს სახელმწიფო მინისტრისთვის სასურველ სახეს. საკუთარი აღმასრულებელი გუნდის შესაქმნელად ჯორბენაძეს თანამდებობის შეცვლა არ სჭირდება.

დაბოლოს: მოქალაქეთა კავშირი წლების განმავლობაში რჩებოდა ეკლექტიკურ პოლიტიკურ ორგანიზმად, რომელიც საკუთარ თავში ითავსებდა სხვადასხვა მსოფლხედვის და განსხვავებული მიზნების მქონე ინტერესთა ჯგუფებს. ჟვანიას გაპრემიერება იქნებოდა იმის დასტური, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში სწორედ ჟვანიამ და მისმა გუნდმა გაიმარჯვა. ავთანდილ ჯორბენაძის შემთხვევაში, აღარც ეს პრობლემა არსებობს, რადგან პარტია უკვე ერთგვაროვანია, იგი მთლიანად უჭერს მხარს არა მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ - მოქმედ თავმჯდომარესაც. ვიდრე შიდა პარტიული დაპირისპირებები ხელახლა იჩენს თავს, ავთანდილ ჯორბენაძის პოზიცია მოქალაქეთა კავშირში საკმაოდ მყარია.

ამ რეალობების გათვალისწინებით, თუ ზურაბ ჟვანიასთვის აუცილებელი იყო პრემიერ-მინისტრის პოსტი, რათა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკუთარი გუნდით მისულიყო და რეალური ძალაუფლება მოეპოვებინა, ავთანდილ ჯორბენაძეს თავისი ამჟამინდელი თანამდებობა და პარტიაში არსებული ვითარება საკმაო ბერკეტებით უზრუნველყოფს. ამიტომ საშემოდგომოდ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, არც გულისხმობდეს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის შეცვლას. სხვა რომ არაფერი, პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას 157 მომხრე სჭირდება. ძნელად წარმოსადგენია, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს და ამით მოქალაქეთა კავშირს გააძლიერებს.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტთან დაკავშირებით, ყველა ძლიერი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი რეალურად ეჯახება ერთმანეთს. ზურაბ ჟვანიას შემთხვევაში, მის გაპრემიერებას დაუპირისპირდა დიდი ძალაუფლების მქონე შინაგან საქმეთა მინისტრი, არანაკლებ ძლიერი სახელმწიფო კანცელარია და ტრადიციულად ძლიერი აჭარის ხელისუფლება. ავთანდილ ჯორბენაძის შემთხვევაშიც, ეს პოსტი სერიოზული დაპირისპირების საგნად გადაიქცევა. ამიტომ, თუკი პრეზიდენტს მართლაც სურს ჯორბენაძის გაძლიერება, ამის მცდელობა გაცილებით რეალური იქნება სახელმწიფო მინისტრის პოსტის გამოყენებით, ვიდრე პრემიერ-მინისტრის არარსებული პოსტის შეთავაზებით.

ჯორბენაძეს მისთვის საჭირო ბერკეტები უკვე აქვს, ახალი თანამდებობა კი მხოლოდ ხელს შეუშლის მიზნის მიღწევაში. და მაინც, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების თემა ზაფხულის განმავლობაში კიდევ მეტად გაღვივდა, ავთანდილ ჯორბენაძის სამთავრობო კარიერა, შესაძლოა, მოსალოდნელზე გაცილებით ადრე დასრულდეს.
XS
SM
MD
LG