Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი ''რეზონანსი'' უზენაეს სასამართლოშიც გამართლდა


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 4 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების საკასაციო საჩივარს გაზეთ "რეზონანსისა" და ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ.

შარშან გაზაფხულზე საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, ხოლო სამინისტროში გუნდი (თავისი ქონებით), არსებითად, შვიდი მაღალჩინოსნის ხელში აღმოჩნდა. გაზეთ "რეზონანსის" პუბლიკაციებში, ექსპერტთა შეფასებებზე დაყრდნობით, ეს ფაქტი შეფასდა როგორც სუპერაფერა, ხოლო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე - როგორც სუპერაფერისტი. თარგამაძემ პრეზიდენტი მოატყუა - ირწმუნებოდა იმხანად გაზეთი. პოლიციელთა შვიდკაცამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა შელახული პატივისა და ღირსების მოთხოვნით, რაც გულისხმობდა გავრცელებული ცნობებისა და შეფასებების უარყოფას, ბოდიშის მოხდითურთ. გარდა ამისა, პოლიციელები გაზეთს 1 მილიონ ლარს სთხოვდნენ. საოლქო სასამართლომ (მოსამართლე მადი ჩანტლაძე) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა სარჩელი. ეს მოხდა გასული წლის 21 დეკემბერს. 7 თვის შემდეგ კი, გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად, უზენაეს სასამართლოს მოუწია ამ საქმის განხილვა.

მსგავს საკასაციო საჩივარს უზენაესი სასამართლოს კოლეგია გასულ კვირაშიც იხილავდა და თან - ამავე შემადგენლობით (მოსამართლეები: ნადირიანი, გოგიშვილი და გოჩელაშვილი). მაშინ სასამართლომ ლევან ბერძენიშვილი გაამტყუნა იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრ ჩხარტიშვილს ქურდი უწოდა. როგორც იმ პროცესზე, ისე ახლა, კასატორმა მოთხოვნები შეარბილა: პოლიციელებმა მოხსნეს ერთი მილიონი ლარი და საჩივარში 7 ლარს დასჯერდნენ. ძალაში დარჩა შეფასების უარყოფის მოთხოვნაც. ორსაათიანი განხილვის შემდეგ სასამართლო კოლეგია საათზე მეტხანს თათბირობდა და ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა (ტექსტს კითხულობს კოლეგიის თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი): "პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და გადაწყვიტა: მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კახა თარგამაძის, ავთანდილ ჩხაიძის, ვასილ დავითაიას, ზაქარია ვარაზაშვილის, ნიკოლოზ ივანიშვილის, ზურაბ უროტაძის, რევაზ მაჭავარიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის ის, რომ პალატამ სრულად ვერ გაიზიარა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოტივაცია".

პროცესის შემდეგ "რეზონანსის" ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოკლედ განმარტა, როგორი იყო მოპასუხე მხარის პოზიცია: ჟურნალისტი უნდა შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ არასწორი ცნობებისა და ფაქტების გადმოცემისას და არავითარ შემთხვევაში - თავისი მოსაზრებების გავრცელების დროს. თუ მოსაზრებებს, ცნობებსა და ფაქტებს სასამართლო ერთმანეთს გაუტოლებდა, ზვიად კორძაძის აზრით, საქმე გვექნებოდა საშიშ ტენდენციასთან. [ზვიად კორძაძის ხმა]: "მე შემიძლია ვთქვა: ამ გადაწყვეტილებით - კასაციას რომ არ დაეთანხმნენ - დაცული იქნა როგორც აზროვნების უფლება, საერთოდ, ასევე, აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება იმ ფარგლებში, რაც დადგენილია ევროპის შესაბამისი კონვენციით, ჩვენი შიდა კანონმდებლობითა და კონსტიტუციით".

მაშ ასე: სასამართლო ჩვენ გვიკრძალავს ერთი ექს-მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი, საჯაროდ მივიჩნიოთ მომპარავად, სამაგიეროდ, უფლება გვაქვს, მეორე ყოფილი დიდმოხელე, კახა თარგამაძე, უმაღლესი რანგის აფერისტად ჩავთვალოთ.
XS
SM
MD
LG