Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბარსელონაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას, 7 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიხსნა შიდსის საკითხებისადმი მიძღვნილი მე-14 საერთაშორისო კონფერენცია,

რომელსაც 15 ათასი დელეგატი ესწრება. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევის ანგარიშს, რომელიც წინა კვირაში, გაეროს შიდსის პროგრამის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან ერთად, მსოფლიოში ამ დაავადების პანდემიის სურათს იძლევა.

მომავალი ორი ათეული წლის განმავლობაში პანდემია ჩვენი ეპოქისთვის სრულიად უპრეცედენტო მასშტაბებით შეამოკლებს სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას 51 ქვეყანაში, უმთავრესად სამხრეთ აფრიკაში.

აი ზოგიერთი ციფრი: სამხრეთი აფრიკის შვიდ ქვეყანაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 40 წელს არ აღემატება. ბოტსვანაში, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული შიდსისგან, უკვე დღეს, ეს ციფრი 39-ს უდრის. რვა წლის შემდეგ კი ის 26 წლამდე შემცირდება. ამასთან, შიდსი რომ არა, იმავე ბოტსვანაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შეიძლება ყოფილიყო 74,4 წელი. მე-19 საუკუნის შემდეგ სიცოცხლის მოსალონელი ხანგრძლივობა ასეთ დონემდე არასოდეს დაცემულა.

შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიუროს ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი კარენ სტანეცკი, რომელიც გამოკვლევას ხელმძღვანელობდა, აღნიშავს: “შიდსის პანდემია სრულიად შეცვლის დემოგრაფიულ სურათს აფრიკის ქვეყნებში და მრავალ მათგანში ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყოო.”

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემოკლება ეხება არა მარტო მოზრდილ მოსახლეობას – გაიზარდა თოთო ბავშვების სიკვდილიანობაც. 2010 წლისთვის აფრიკის ხუთ ქვეყანაში – ბოტსვანაში, მოზამბიკში, ლესოტოში, სვაზილენდსა და სამხრეთ აფრიკაში – მოსახლეობა კლებას დაიწყებს, კიდევ ორში, ზიმბაბვესა და ნამიბიაში, მატება თითქმის ნოლს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ სენი ქალებს შორის უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, მამაკაცების რიცხვი გადააჭარბებს ქალების რიცხვს და ამ სიტუაციას მოჰყვება ჯერაც უცნობი, მაგრამ აშკარად ავისმომასწავებელი შედეგები.

“ეს პანდემია ქალების წინააღმდეგ ომად იქცა. შიდსი არის გენდერული უთანასწორობის ყველაზე მკაფიო სიმბოლო”, თქვა სტივენ ლუისმა, გაეროს შიდსისა და ვირუსის საკითხების საგანგებო წარგზავნილმა აფრიკაში.

“დაახლოებით ათი წლის შემდეგ ასეთ დემოგრაფიულ სურათს მივიღებთ: კონტინენტზე გვეყოლება უპარტნიოროდ დარჩენილი სხვადასხვა ჯურის მამაკაცები, რაც ისედაც არასტაბილურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს,” ვარაუდობს ლუისი.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა, აგრეთვე, ინფორმაცია ამერიკის 25 შტატის შესახებ, რომლის თანახმად, 1998 წლიდან მოყოლებული, შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თვიდან თვემდე სტაბილური იყო.

მაგრამ ეს მონაცემი მთელს ქვეყანას არ მოიცავს. მასში არ შედის კალიფორნია, ნიუ იორკი და ფლორიდა, არადა თითეულ მათგანში ინფიცირებულთა რიცხვი მეტად დიდია.

მონაცემები იმ 25 შტატის შესახებ, ერთი შეხედვით სტაბილურ სურათს იძლევა: მაგრამ ირკვევა, რომ 1994-დან 2000 წლამდე ინფიცირების 27 პროცენტი ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებზე მოდიოდა. ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰეტეროსექსუალებს შორის შიდსის ვირუსის მატარებელთა რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა, უმთავრესად შავკანიან ქალებს შორის.

ექსპერტების პროგნოზით, გლობალური კატასტროფა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ვირუსი მოედება ჩინეთს, ინდოეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას.
XS
SM
MD
LG