Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება შეშფოთება ბელორუსიაში ადამიანთა გაქრობის თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბოლო წლებში ბელორუსიაში ქრებიან ადამიანები. გაქრა, მაგალითად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იური ზახარენკო, ასევე გაუჩინარდნენ ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ გონჩარენკო, ბიზნესმენი ანატოლი კრასოვსკი,

რუსეთის ტელევიზია ო-ერ-ტეს ოპერატორი დმიტრი ზავადსკი.

ბელორუსიის ოპოზიციის წევრები, რომელთაც არ დავიწყებიათ, რომ დაკარგულები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას აკრიტიკებდნენ, მათი გაქრობისთვის პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მაგრამ ლუკაშენკა ბრალდებას უარყოფს.

ამას წინათ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მოუწოდა ბელორუსიას, შექმნილი სიტუაციის თაობაზე ახსნა-განმარტება წარმოადგინოს. ეუთომ ხელისუფლებისგან ზავადსკის საქმის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უფლება მოითხოვა.

ხმა აღიმაღლეს, აგრეთვე, რუსეთის პოლიტიკურმა ძალებმა. გასულ კვირაში, სახელმწიფო დუმის რამდენიმე ფრაქციამ, მათ შორის “იაბლოკომ”, “მემარჯვენე ძალთა კავშირმა” და “ერთობამ”, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს, მოითხოვოს ბელორუსიისგან დაკარგულთა საქმეების გამოძიება და მისცეს განკარგულება რუსეთის სპეცსამსახურებს, დახმარება გაუწიონ ბელორუსიას ამ საქმეში.

“მემარჯვენე ძალთა კავშირის” ლიდერმა ბორის ნემცოვმა თქვა, რომ რუსეთი, სხვა ქვეყნებზე მეტად არის დაინტერესებული ბელორუსიაში დემოკრატიის დამყარებით, ვინაიდან სწორედ რუსეთი აპირებს ბელორუსიასთან გაერთიანებას და თუ ლუკაშენკო განაგრძობს პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების გაქრობის საქმის მიჩქმალვას, მას პრობლემები გაუჩნდება.

პაველ შერემეტი, რუსეთის ტელევიზია ო-ერ-ტეს ერთ-ერთი პროგრამის წამყვანი, თვლის, რომ ლუკაშენკა რუსეთის სახელმწიფო დუმის ფრაქციების და, მათ შორის, გავლენიანი პრო-კრემლური “ერთობის” ფრაქციის მოწოდებამ უნდა გამოაფხიზლოს.

[შერემეტის ხმა] “ის, რომ პუტინს წერილობით მიმართეს ყველაზე მსხვილი ფრაქციების ლიდერებმა და რომ პუტინი ღიად შეხვდა მათ და ღიად განიხილა ეს საკითხი, ლუკაშენკასთვის ავისმომასწავებელი ნიშანი უნდა იყოს.”

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსიტიტუტის თანამშრომლი კირილ კოკტიში შერემეტის ოპტიმიზმს არ იზიარებს. მისი თქმით, ბელორუსია დახურული საზოგადოებაა – ხელისუფლების ერთადერთი ცენტრი მასში პრეზიდენტია. ეუთოსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას იქ, პრაქტიკულად, გავლენა არა აქვთ. [კოკტიშის ხმა] “თეორიულად რუსეთს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ თუ ვილაპარაკებთ რუსეთ-ბელორუსიის კავშირზე, რუსეთმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა “უფროსი ძმის” პოზიციის რეალიზება.”

კოკტიშის თქმით, რეალური გავლენა პრეზიდენტზე და ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს არა აქვს. შერემეტი კი თვლის, რომ თუ პუტინი მოინდომებს, მას შეუძლია ძლიერი ზეწოლის განხორციელება. რუსეთს მოგროვილი აქვს ინფორმაცია ადამიანების გაქრობაში ბელორუსიის მაღალი რანგის ოფიციალური პირების როლის შესახებ. სხვა საკითხია, მოინდომებს თუ არა რუსეთი ამ ინფორმაციის გამომზეურებას.

შერემეტის აზრით, ვინაიდან კრემლს ვერ უპოვია ლუკაშენკას ალტერნატივა, ის იმედოვნებს, რომ მოათვინიერებს და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევს მას. ო-ერ-ტეს ჟურნალისტი იმასაც ფიქრობს, რომ რუსეთს სინამდვილეში დიდად არ ანაღვლებს ბელორუსია და დუმის ფრაქციები პუტინისადმი მიმართვით მხოლოდ იმიტომ გამოვიდნენ, რომ მათ ეს დაჟინებით სთხოვეს ბელორუსმა ოპოზიციონერებმა.

შეგახსენებთ: 1997 წელს შერემეტი ზავადსკისთან ერთად დააპატიმრეს ბელორუსიის საზღვრების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის. ამ ინციდენტმა დაძაბა რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობები. რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ ორივე ჟურნალისტი გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG