Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი პოლიციურ ფუნქციებს იძენს


საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გასამხედროებული უწყებაა. იგი არც შინაგან საქმეთა, არც უშიშროებისა და არც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არ შედის.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის და ამიტომ თავისი სამართალდამცავი სისტემის ევროპულთან ჰარმონიზაციას ცდილობს. შესაბამისად, სხვა უწყებებთან ერთად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ფუნქცია და სტრუქტურაც შეცვლას საჭიროებს.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზება სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების პროექტის შემადგენელი ნაწილია. სანამ საქართველოს ხელისუფლება ამ რეფორმის განხორციელებას გადაწყვეტდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვალერი ჩხეიძეს მანამდე 2 წლით ადრე ჰქონდა დეპარტამენტის რეორგანიზების გეგმა. იგი მთავრობის სხდომაზეც კი განიხილეს, მაგრამ პროექტი მაშინდელი შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების წინააღმდეგობას წააწყდა და დაიბლოკა. იმ დროს თავი იჩინა, ეგრეთ წოდებულმა, უწყებრივმა ინტერესებმა, ვინაიდან სასაზღვრო სისტემის რეფორმირება პოლიციასა და უშიშროებას ფუნქციების ნაწილს წაართმევდა, ჩვენში კი ჩინოვნიკები სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებს ისე უფრთხილდებიან, როგორც თავიანთ კერძო საკუთრებას.

საზღვრის დაცვის საკითხების ანალიზმა ქართველ მესაზღვრეებს დაანახვა, რომ ამოცანების უმრავლესობა მკვეთრად განსხვავდება საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა გარდამავალ პერიოდში არსებული პრობლემებისაგან. შესაბამისად, აუცილებელია საზღვრის დაცვის სისტემის ახალ რეალობასთან მორგება. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე ამ რეფორმის არსს ასე განმარტავს:

[ჩხეიძის ხმა] „არსი და შინაარსი, ძირითადად, არის ის, რომ ეტაპობრივად განხორციელდეს სამართალდამცავ სტრუქტურაზე გადასვლა, ანუ უფრო მეტი ადმინისტრაციულ-პოლიციური და ოპერატიული ფუნქციების აღება სახელმწიფო საზღვრის კონტროლის დროს და განთავისუფლება სამხედრო იდეოლოგიისგან, სამხედრო ფუნქციებისგან და სამხედრო ამოცანებისგან, რომელიც დღესდღეობით დგას სასაზღვრო უწყების წინ.“[სტილი დაცულია]

რეფორმირების პროცესში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს გერმანელი მესაზღვრეები ეხმარებიან. ვალერი ჩხეიძის თქმით, გერმანელები იმიტომ მოიწვიეს, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში საუკეთესო სასაზღვრო სამსახური აქვთ.

10 დღეა საქართველოში გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, ამ ქვეყნის სასაზღვრო უწყების უფროსის ველანდ მოძინსკის ხელმძღვანელობით. ჯგუფს შეხვედრა ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კომისიის ხელმძღვანელ ლადო ჭანტურიასა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილთან. ექსპერტებმა დაათვალიერეს, ასევე, საქართველოს საზღვრის მონაკვეთები და გაეცნენ ქართველ მესაზღვრეთა საქმიანობას. მოძინსკის თქმით, ქართველი მესაზღვრეები ურთულეს პირობებში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას:

[მოძინსკის ხმა] „დავინახეთ, რომ შესაცვლელია მათ წინაშე დასახული ამოცანების ნაწილი და ამ ცვლილებების შესაბამისად უნდა შეიქმნას ახალი სამართლებრივი საფუძველი.“

ამოცანის შინაარსის შეცვლა იმას ნიშნავს, რომ სასაზღვრო უწყებას საგამოძიებო საქმიანობის უფლება მიენიჭოს. ვალერი ჩხეიძე ფიქრობს, რომ დამნაშავის საზღვარზე დაკავება, დაგვიანებული ქმედება და დანაშაულის აღკვეთა მანამდე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს.

შესაბამისად, უნდა შეიცვალოს სასაზღვრო ნაწილების კონტინგენტის შევსების მექანიზმიც, ანუ მესაზღვრეებად, წვევამდელების ნაცვლად, ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. გერმანული მხარე გამოცდილების გაზიარებისა და სპეციალისტების მომზადებაში ხელშეწყობის პირობას დებს, თუმცა რეფორმას დასჭირდება დამატებითი ფინანსური სახსრებიც, რაც სასაზღვრო უწყების ისედაც მწირი დაფინანსების პირობებში დიდი პრობლემაა. ვალერი ჩხეიძეს იმ უცხოური ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვს, რომლებიც დღემდეც გულუხვად აფინანსებდნენ საქართველოში წამოწყებულ ნებისმიერ რეფორმას.

თუ განხორციელდა ყველაფერი ის, რასაც რეფორმის ავტორები ვარაუდობენ, მაშინ ხუთიოდე წლის შემდეგ სასაზღვრო დეპარტამენტი სასაზღვრო პოლიციად გარდაიქმნება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია, და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი გახდება.
XS
SM
MD
LG